შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხიფათები მოაქვს ბიძინა ივანიშვილის აჩემებებს... მისი რელიგია აბსოლიტური მორჩილებაა"- სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37892 
 23 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით შეფასებები განსხვავებულია: ნაწილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედებებითაა აღშფოთებული, ნაწილი - საქართველოს ძალოვანი უწყების. ერთადერთი, რაზეც ალბათ, ყველა თანხმდება, ისაა, რომ საქართველომ იხილა ძალზე დრამატული, მძიმე, შემაშფოთებელი მოვლენა, რომელიც ვნებების ჩაცხრობის შემდეგ ღრმა ანალიზსა და დასკვნების გამოტანას იმსახურებს.  ამ საკითხებზე „აქცენტი“ აღმოსალეთმცოდნეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრ გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა.  

"არაპროფესიონალიზმი, დილეტანტიზმი, საკითხის ღრმა უცოდინარობა, წარმოდგენის არქონა პრობლემაზე და თავად პანკისში მიმდინარე პროცესებზე. თუ დაუკვირდებით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს უხუცესებთან, პანკისში კი უკვე კარგა ხანია, ასეთი ვითარებაა: არიან პარალელურად ორი ისლამის მიმდევრები: ტრადიციულის, რომელსაც უფრო მხცოვანი მოსახლეობა მისდევს და სალაფიზმის - საუდის არაბეთიდან გამოსული ვაჰაბიზმის ნაირსახეობის, რომელსაც ჩვენებურად "მამაპაპური ისლამი" შეიძლება, ვუწოდოთ. სალაფიზმის მიმდევრები უმეტესად ახალგაზრდები არიან, რომლებიც უხუცესების ავტორიტეტს არ სცნობენ და საერთოდაც თვლიან, რომ ტრადიციული ისლამი - ეს დამახინჯებული ისლამია. მათ შორის, ასე ვთქვათ, დიდი გაუგებრობაა, თუ მეტს არ ვიტყვით. აქედან გამომდინარე, როდესაც უხუცესებს ელაპარაკება ხელისუფლება, ის არც და არამც არ ელაპარაკება მთლიანად პანკისის ხეობას, ესაუბრება მხოლოდ მცირე ჯგუფს და ეს არც კი იცის. წესით, უხუცესებთანაც უნდა ჰქონდეს კონტაქტი და ახალგაზრდებთანაც, მაგრამ ახალგაზრდებს გაურბის, - არ ვიცი, ეშინია, თუ სხვა რამეშია საქმე, მგონია, რომ უფრო ეშინიათ. დამლაპარაკებელიც არავინ ჰყავთ. ვინ არის ხელისუფლებაში ავტორიტეტი, რომ ჩავიდეს და დაელაპარაკოს?!

ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება: რატომ შეხვდნენ ასე ცუდად ქართულ პოლიციას? - მათ თემირლან მაჩალიკაშვილის გამოცდილება აქვთ: მთელმა პანკისმა იცის, რომ როდესაც ხეობაში შეიარაღებული პოლიციელები შევიდნენ, მათ ახალგაზრდა უდანაშაულო კაცი მოკლეს; გამოძიება დასრულებული არ არის, ხელისუფლება კი ხმებს ავრცელებს, "მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტიო" და ამას ვერ ადასტურებს... აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში რომ მოხვდა მაჩალიკაშვილის თემა, როგორ გგონიათ, ამერიკელებს არც სპეცსამსახურები ჰყავთ, არც დაზვერვა, არც ოფიცრები საელჩოში, რომ ვერ გაერკვიათ, ტერორისტია მაჩალიკაშვილი თუ არა?! ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორისტს რომ არ დაიცავს, ხომ იცით? ანუ, ის ბიჭი უდანაშაულოდ არის მოკლული და სამართალი არ იქმნა, ხოლო როცა სამართალი არ იქმნება, როცა შეიარაღებული ქართველი პოლიციელი პანკისელისთვის საშიშია, როცა ბავშვებს ეშინიათ, როცა მთელმა საქართველომ იცის, რომ ქართულმა სახელმწიფომ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი და ამას არ აღიარებს, რა უნდა ექნათ, ყვავილებით უნდა შეჰხვედროდნენ იქ ნორმალური ფსიქიკის ადამიანები პოლიციელებს?!

შემდეგი საკითხია ჰესები. მე არ ვარ ამ სფეროში სპეციალისტი, მაგრამ ვარ ისლამური მიმდინარეობების, ჩრდილოეთ კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის მცოდნე და ვიცი, რა შეიძლება, მოჰყვეს ამას. პანკისში ქისტებთან ურთიერთობის გაფუჭება, დაპირისპირება ერთ ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს: ვაინახური ხალხების, კერძოდ, ინგუშებისა და ჩეჩნების  დაპირისპირებას საქართველოსთან. გასაგებია, რომ ჩეჩნეთს პუტინის მეფისნაცვალი, აგრესიულობით გამორჩეული კადიროვი მართავს. სხვათა შორის, სირიაში რუსული ჯარების 70% ჩეჩნებითაა დაკომპლექტებული. ხომ შესაძლებელია, ეს გამოიყენონ პუტინმა და კადიროვმა, გამწვავდეს ჩეჩნებთან ურთიერთობა? ალბათობა ხომ უნდა დავუშვათ ამის?! სახელმწიფო ყოველთვის უნდა თვლიდეს საფრთხეებს, ეს შეიძლება, დაგემართოს ან არა, მაგრამ პრევენცია იმას ნიშნავს, რომ საფრთხე საერთოდ არ იყოს. რაც შეეხება ინგუშებს, ეს არის ერთადერთი ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც თავისი პოლიტიკური ორიენტაციით საქართველოსკენაა. ცნობილია, რომ ინგუშებს არც აფხაზეთის, არც ცხინვალის კონფლიქტში მიუღიათ მონაწილეობა, ერთი ტყვიაც არ უსვრიათ ქართველებისთვის... მოკლედ რომ ვთქვათ, ინგუშებს ჩვენი იმედი აქვთ. ქისტებთან დაპირისპირების შემთხვევაში ჩვენ ინგუშებს დავკარგავთ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს გავლენის პოლიტიკურ ერთეულს...

აი, როგორი ხიფათები მოაქვს ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის აჩემებებს! აღმოჩნდა, რომ ის ჰესიც ["ხადორი 3!] მის ინტერესში ყოფილა. სულ ვამბობ, რომ უწიგნური და გაუნათლებელი ხალხი ქვეყნისთვის საფრთხეა.

კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა: ქართული  პოლიციის დემორალიზება. ქისტებმა პოლიცია შეტაკებაში დაამარცხეს. პოლიციის ამოცანა - ტექნიკა შეეყვანათ ხეობაში და მუშაობა დაეწყო, ვერ შესრულდა. ანუ, პოლიცია დამარცხდა. პოლიციის დამარცხება კი იწვევს მის შიდა დემორალიზებას, საზოგადოებაში კი - მის მიმართ ნაკლებ სიმპათიას.

გუშინწინ დიდი კავკასიური დაპირისპირების რისკის წინაშე აღმოვჩნდით და, სხვათა შორის, ეს არ დასრულებულა, ეს გაგრძელდება და მოხდება იმ ხალხის ქართული სახელმწიფოს მიმართ გაუცხოება. პანკისელები ცხინვალსა და აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის გმირულად იბრძოდნენ. ბევრმა ქართველმა არ დაიკვეხნოს მათი მამულიშვილობა საქართველოს მიმართ და მოუსმინეთ, იმ დღეს რას ამბობდნენ: "წადით და აფხაზებთან და ოსებთან გაარკვიეთ ურთიერთობაო". ამით გვეუბნებიან, "არაფრის მაქნისები არ ხართ და ჩვენ გვესხმით თავსო". და რას ელოდა საქართველოს ხელისუფლება მაჩალიკაშვილის საქმის შემდეგ? - ხომ არსებობს მიზეზ-შედეგობრიობა, არა? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი სულელები ქართველები და ქართული სახელმწიფო?! სადამდე უნდა მართავდნენ უწიგნური, უპასუხისმგებლო ადამიანები ქვეყანას? რა მივიღეთ – დამწვარი ტექნიკა, გალახული ქართული პოლიცია, დაძაბულობა ვაინახებთან.... მე ყოველ საღამოს ვამოწმებ ჩეჩნურ და ინგუშურ საიტებს – აფეთქებულია! ეს გვაკლდა? თავიანთი ირიბი მაიმუნობებით ვიღაცას რაღაც წამოსცდა, სახელმწიფო ტელევიზიებმა რაღაც ცუდად აჩვენეს – მლოცველი ქისტები უკანა ხედით გადაღებული, რა, ისლამთან ვაპირებთ ომს? რისი მიღება გვინდოდა? ის ელექტროსადგური საქართველოს გააჭახჭახებდა, თუ რას იზამდა?! საქმე გვაქვს უვიც მიკიტნებთან!

შევიდა ქართული  პოლიცია და მოკლა ბავშვი! აქედან არის და აბა რას მოველით? დავუშვათ, საბედისწერო შემთხვევით დაგემართა ეს, გამოძიებული და დასჯილი რომ არავინ არის? ტერორიზმს სტენიან კიდევ! ეს რა არის? მათ, განსხვავებით ძალიან ბევრი ქართველისგან, ღირსების გრძნობა აქვთ, არ კივიან და წივიან, თავს იცავენ გინდაც ქალები და გინდაც კაცები. პირველად გადავაწყდით ჩვენ, რომ თურმე, ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თავს იცავენ. როდესაც სახელმწიფო თავს ესხმის მოსახლეობას, თან უსამართლოდ, მოსახლეობას უფლება აქვს, საკუთარი თავი დაიცვას. ეს არის საღვთოშიც და საეროშიც, ქრისტიანობაშიც და ისლამშიც. მსგავსი რამ ბიძინას რელიგიას არ ახასიათებს, მის რელიგიაში აბსოლუტური მორჩილებაა – მოციქულიც ის არის და ღვთაებაც..."-  განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია