შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22341 
 23 აპრილი 2019
შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეს სასამართლო ცალ–ცალკე განიხილავს. ორივე პროცესზე „კეთილმოწყობის“ ინტერესებს ადვოკატი ნინო დემეტრაძე იცავს, „კეთილმოწყობის“ ყოფილი თანამშრომლების ინტერესების დამცველი კი ეკა აბაშიძეა. დათო ლომიძე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამიტომ მისი სასარჩელო მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენაა. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, იმის გამო, რომ ლომიძე სამსახურში ათი წელი მუშაობდა, სამართლებრივად მისი გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტა ვერ გახდებოდა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილის შეკითხვაზე – ხომ არ ხდის სადაოს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე 2009 წლიდან მუშაობს კეთილმოწყობაში, ნინო დემეტრაძემ უპასუხა: „ნაწილობრივ. ვადასტურებ, რომ მეეზოვე ნამდვილად არის 2009 წლიდან კეთილმოწყობის თანამშრომელი, თუმცა 2017 წელს ახალი შპს შეიქმნა და აქ უკვე ლომიძე მეეზოვედ ბოლო ორი წელია მუშაობს“. მომჩივანმა სასამართლო სხდომაზე ორი შუამდგომლობა დააყენა: „შპს კეთილმოწყობიდან ხელფასის გაცემის წესი გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია და შესაბამისად არ ვიცით, როგორ გასცემდნენ ფართობის მიხედვით თუ განაკვეთურად. მათ მიერ მოწოდებულ შრომით ხელშეკრულებაში კი მხოლოდ ქუჩებია მითითებული და არ ჩანს, თუ რამდენი მეტრის დასუფთავება უწევთ, მაგალითად რუსთაველის ქუჩა მთელი ცენტრალური ქუჩაა. გარდა ამისა, გამოვითხოვეთ დათო ლომიძის მიმართ გამოცემული ბრძანებები და გვაინტერესებდა მოხდა ბრძანებულებების დათო ლომიძესთვის გადაცემა თუ არა. ამაზეც არ გვქონდა პასუხი“.აბაშიძის თქმით, იგი სასამართლო სხდომაზე ამ მტკიცებულებების წარმოდგენას ელოდება, ამიტომ სხდომა მანამდე უნდა გადაიდოს, ვიდრე შპს „კეთილმოწყობა“ აღნიშნულ დოკუმენტებს მომჩივანს არ გადასცემს. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ორივე შუამდგომლობა გაითვალისწინა და „კეთილმოწყობას“ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა დაავალა.მომავალი სხდომა 16 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება. ლომიძე, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს ხუთ თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. სამივე მათგანი აცხადებს, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ, კეთილმწოყობაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს, მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება