ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა კრიზის- მენეჯერის ნიჭი, მაგრამ საკითხავი ის არის, რატომ წარმოიქმნა პრობლემა "სწორ ადგილას". როგორც „2020NEWS“ ექსპერტმა განუცხადა, _ პანკისის ხეობაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ერთის მხრივ, სამართალდამრღვევი დასჯილი უნდა იყოს, მეორეს მხრივ, ძალიან რთული დილემის წინაშე დგას ქვეყანა. პანკისის ხეობაში გარკვეული სტრესული დამოკიდებულებაა სპეცრაზმის მიმართ, იქ ვინმეს დაპატიმრება რაზმით შეუძლებელი იქნება. თუ რა შეიძლება მოჰყვეს სპეცრაზმის მეორედ ასვლას ხეობაში, მძიმედ წარმოსადგენია. სამწუხაროდ, ეს პრობლემა შეიქმნა „სწორ ადგილას“, არაფრის გამო. ყველა დეტალის გამოძიებაა საჭირო, როგორ მოხდა, რომ ქარიშხალი ატყდა ჭიქაში და მთელი სპეცოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო ბანალურ პროექტთან დაკავშირებით. აქ  კონკრეტულ კრიმინალზე კი არ არის საუბარი, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თუ სახელწიფო უსაფრთხოებას ასე უდიერად ეპყრობა ვიღაც, ჩემი აზრით, უნდა დაისაჯოს სერიოზულად. როცა ეკონომიკის სამინისტროს ერთი ზარით შესაძლებელია ასეთი საფრთხის შექმნა, ეს არის, ჩემის აზრით, დღის მთავარი თემა და ეს არის გამოსაძიებელი“,- აცხადებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ჰესის მშენებლობაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. „მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ივანიშვილის ინტერესები იკვეთება ჰესის მშენებლობაში. მას ასეთი მცირე პროექტები არ აინტერესებს. ბუნებრივია, აქ შეიძლება მოქმედებდნენ ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულები არიან და რომლებსაც შეუძლიათ, ასეთ სიბრიყვეში გადაჩეხონ ხელისუფლება“.

ხუხაშვილის თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ საერთო ენა გამონახოს ადგილობრივ მოსახლეობასთან. „ბუნებრივია, ახლა ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს ის ფორმულა, რომ ჰესის მშენებლობა განხორციელდეს. ხელისუფლებამ თავისი გაუთლელი ნაბიჯებით შექმნა პრობლემა და მერე "წარმატებით" გადაწყვიტა. ეს თითქოს ტრადიციად დამკვიდრდა. ხელისუფლება წყვეტს მხოლოდ იმ პრობლემებს, რომელსაც თვითონვე „სწორ ადგილას“ ქმნის. შესაბამისად ჩვენ წინ არ მივდივართ, უკან მივდივართ ყველა ასპექტში. ვიღაცები საუბრობენ, რომ პანკისის ხეობაში შექმნილ პრობლემას გახარიამ თავი წარმატებით გაართვაო. კი ბატონო, მე ვეთანხმები, რომ გახარიამ პირადად გამოავლინა კიდევ ერთხელ კრიზის- მენეჯერის ნიჭი, მაგრამ იმაზე არავინ ლაპარაკობს, პრობლემა სწორ ადგილზე რატომ შეიქმნა. საბოლოო ჯამში ჩვენ უკან დავიხიეთ და ამ ყველაფერს რა მოჰყვება, კაცმა არ იცის“, აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, პანკისში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. რასაც 21 აპრილს სამართავდამცავებსა და პანკისელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.