შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პანკისის სახალხო კრება პარლამენტს და მთავრობას მიმართავს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38476 
 30 აპრილი 2019

პანკისის სახალხო კრება, რომელშიც პანკისელი უხუცესები და ახალგაზრდები არიან გაერთიანებული, განცხადებას ავრცელებს.

სახალხო კრების წევრები ხელისუფლებას, საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მიმართავენ მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში და საკუთარი მანდატის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური ინტერვენცია საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში.

,,რაოდენ დიდი კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს 21 აპრილის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პოლიციის გაუმართლებელ ქმედებებს შეეხება, ჩვენ ცალსახად მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ძალადობრივი ფორმების გამოყენებას და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს ღრმად გვჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრეს საზრუნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში არსებობს და შიდა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ხშირად ექცევა ქვეყნის მტრების ყურადღების და ინტერესის ქვეშ.

შესაბამისად, ვაცნობიერებთ რა იმას, რომ 21 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეიძლება რისკები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ვგრძნობთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გამოვხატავთ მზაობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღონოთ ყველაფერი, რათა აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედებების განმეორება პანკისის ხეობაში და პროცესების შემდგომი ესკალაცია”-აღნიშნულია სახალხო კრების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ თავის მხრივ, სახალხო კრების თავდაპირველი შეკრების მიზანი იყო სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში არსებული სახალხო პროტესტის დარეგულირება და ასევე პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უზრუნველყოფის მცდელობა.

თუმცა, სამწუხაროდ ჰესების მშენებლობის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების გარეშე, სრულიად მოულოდნელად დაიწყო მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ხეობაში, რაც მოვლენების სპონტანურად განვითარებისა და ადგილობრივების ჭარბი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

,,ამ უკმაყოფილების და შელახული ნდობის საფუძველს წლების განმავლობაში ჩვენს ხეობაში სოციალურ კონტროლსა და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა ქმნიდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან დემოკრატიულ კომუნიკაციას მოკლებული გადაწყვეტილებების გამო მივიღეთ არასასურველი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის.

ამავე დროს, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პროცესის დეესკალაციისთვის მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას. ჩვენი შეფასებით, ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დროულად შეგვხდეს ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად ვიმუშავოთ შექმნილი სირთულეების დაძლევის და თანამშრობლობის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების და შეცდომების ორმხრივ თვითკრიტიკას დაეფუძნება.

ჩვენ ვითხოვთ ხეობაში სამართლიანი და დემოკრატიული პოლიტიკის გატარებას და გვესმის, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ხელისუფლების და ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობის და დემოკრატიული კომუნიკაციის გარეშე.”

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია