შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმისთვის მზადება დაიწყო

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 30 აპრილი 2019

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმისთვის მზადება დაიწყო. პავილიონებისა და სასესიო დარბაზების მოწყობის სამუშაოები, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან ერთად დაათალიერა. ფორუმი სახელწოდებით „ოქროს საწმისის ძიებაში“ 3-4 მაისს გაიმართება.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს იმერეთის რეგიონის ცენტრში, ქალაქ ქუთაისში. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ინიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი აქტივობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. გეგმის მთავარი მიზანია ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდა. ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელიც 3-4 მაისს უმასპინძლებს ადგილობრივ და უცხოელ ასობით ინვესტორს , რათა უკეთ მოხდეს ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალისა და მისი ფუნქციური ადგილების გაცნობა. ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შანსი ეძლევათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, რომელიც ეხება: ტურიზმს, სამედიცინო-რეკრეაციულ ბიზნესს და სხვა. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ქუთაისში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები და გაიგონ უფრო მეტი იმერეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის განმავლობაში , მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება უკვე შემდგარ მეწარმეებს. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა და ქალაქში არსებული საინტერესო ბიზნეს შეთავაზებების გაცნობა.

ბიზნესის წარმომადგენლებთან წარიმართება დისკუსია მათი გამოწვევებისა და მხარდაჭერის საჭიროების შესახებ ქალაქის მხრიდან. ქუთაისი შედის მსოფლიოს უძველესი ქალაქების ათეულში და 3500 წელზე მეტს ითვლის. ქუთაისს ჰყავს 22 პარტნიორი ქალაქი. მას აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და კარგი სატრანსპორტო კავშირი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან. უახლოეს პორტამდე (ფოთი) მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს: 1:15 სთ. (105კმ) , ანაკლიის პორტამდე - 2:00 სთ. (123 კმ.), ბათუმის პორტამდე - 2:20 სთ. (139 კმ), დედაქალაქამდე 3 სთ. (225 კმ.), მთავარ სარკინიგზო სადგურამდე 15 წთ. (10 კმ), ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტამდე კი 20 წთ. (18 კმ).

ქუთაისი საერთაშორისო არენაზე თავის პოზიციას იმკვიდრებს აეროპორტის მეშვეობით, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მიხედვით, 2018 წელს, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი გასულ წელთან შედარებით 52.5 % - ით გაიზარდა.

ქუთაისის აეროპორტი ყოველწლიურად 5 მილიონამდე მგზავრს იღებს. ქუთაისში წარმოებული პროდუქციიდან, საერთაშორისო ხარისხთან შესაბამისობაშია ტექსტილი, ფეხსაცმელი, მცენარეული ნედლეულის გადამუშავებით მიღებული პროდუქცია (სანელებლები, ჩირი, დაფნა, ჩაი), თხილი, თაფლი, საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები და ჯაგრისები, რომელთა ექსპორტს მსოფლიოს 17 ქვეყანაში 15 ადგილობრივი საშუალო ზომის კომპანია ახორციელებს. ქუთაისში ფუნქციონირებს 2 სამეცნიერო უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან შრომით რესურსს ქმნის. მიმდინარეობს ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა, რომლის კონცეფცია და სასწავლო პროგრამები მუშავდება მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით; ქუთაისი არის იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. იმერეთის რეგიონი თბილისის შემდეგ არის ყველაზე დიდი რეგიონი საქართველოში, სადაც 0.5 მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. იმერეთი არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ადგილი მისი ისტორიული, კულტურული და ეთნოგრაფიული ძეგლებით, ასევე, მრავალფეროვანი ბუნებრივი და კლიმატური პირობებით, ღვინითა და სამზარეულოთი, მინერალური და სასმელი წყლით, ასევე საკურორტო-გამაჯანსაღებელი თერმული წყლებით, მასპინძლობითა და კულტურით. იმერეთი არის საქართველოს ყველაზე სამრეწველო რეგიონი დედაქალაქის შემდეგ.

[R]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია