შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქობულიას საკუთარი გავლენები და ფული აქვს და არ ეშინია ივანიშვილის"- შარაშენიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38110 
 06 მაისი 2019

ვინც ქართულ პოლიტიკაში და მთავრობაში ერკვევა, დიდი ხანია ხვდება როგორ იმართება ქვეყანა და ქობულიას არაფერი ახალი და სასწაული არ უთქვამს, - ასე აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, მისმა ინტერვიუმ ცხადყო, რომ ქობულიას საკუთარი გავლენები და ფული აქვს და სწორედ ამიტომ არავისი ეშინია, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილის.

„გუნდში მის დანიშვნას ნანობდნენ მარტივი მიზეზის გამო - დამოუკიდებელი პიროვნებაა, თავისი ფული აქვს, არ ეშინია არავისი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის. შესაბამისად, ის არ იყო იოლად კონტროლირებადი. აქ მარტივია ყველაფერი. ქობულიას ეგონა, რომ იქნებოდა დამოუკიდებელი და როცა აღმოაჩინა, რომ არც ერთი მინისტრი არ არის რეალურად დამოუკიდებელი, გაუკვირდა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტის განცხადებით, მისთვის ყველაზე საინტერესო ქობულიას განცხადებების ის ნაწილი იყო, სადაც ყოფილი მინისტრი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებზე საუბრობს და ამბობს: „იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მარტო შეიძლება პოლიტიკურად იყო დატვირთული და არა ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებული, არამედ ამავე დროს, ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც, დამაზიანებელი იყო“. შარაშენიძის თქმით, ამ განცხადებაში ყოფილი მინისტრი ანაკლიის პროექტს გულისხმობდა.

„ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო იყო ის, როცა თქვა, რომ პოლიტიკურ მიზეზებს ძალიან ხშირად ეწირებოდა ეკონომიკური პროექტები. როგორც ჩანს იგულისხმა ანაკლიის პროექტი. შიდა პოლიტიკურ ბრძოლებს შეეწირა აშკარად ეს პროექტი და როგორც ჩანს, მან სწორედ ეს იგულისხმა“, - აცხადებს შარაშენიძე.

ამასთან, თორნიკე შარაშენიძის თქმით, ეკონომიკური განვითარების ტემპთან დაკავშირებით არსებული კითხვები „თითიდან გამოწოვილია“.

„ტემპთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილია, როგორც თითიდან გამოწოვილი იყო კვირიკაშივლის გადაყენების დროს რომ თქვეს - „გაეროს კვლევა ვნახეთ და საქართველოში სიღარიბეაო“ - სისულელეა. ვიღაცას გაუშვებენ პოლიტიკური არალოიალურობის, ან არასაკმარისი მორჩილების გამო და მერე იგონებენ მიზეზებს, რომ აი საქართველოში სიღარიბეა, ან ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია. რა დაბალი, როგორიც იყო აქამდე დაახლოებით ისეა. რა ქნა ქობულიამ ისეთი?! უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რომ ეთქვათ: „ხანდახან უცნაურობებს ლაპარაკობდა, ხალხი არაა ღარიბი, ხალხს ღარიბი ჰგონია თავიო“-ეს კიდევ დამაჯერებელი მიზეზი იქნებოდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება