შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციური პარტიები დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/opozicjuri-partiebi-davit-kirkitadzes-tavdebshi-udgebian 
 23 თებერვალი 2019

ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ოფისში შეიკრიბნენ და დავით კირკიტაძის გათავისუფლება ერთობლივად მოითხოვეს.

მათი განცხადებით, ისინი გმობენ ქვეყანაში შერჩევით სამართალს და დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან.

"25 თებერვალს არის დავით კირკიტაძის სასამართლო, ის არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. შევიკრიბეთ, რათა თავდებში ჩავუდგეთ დავით კირკიტაძეს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ის არ დაემალება გამოძიებას,  არ მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე, არ გაანადგურებს მტკიცებულებებს, რომ ნებისმიერ დროს, როცა დაიბარებენ, გამოცხადდება სასამართლოში"- განაცხადა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა ბესიკ ბრეგაძემ.

 "დავით კირკიტაძე არის მორიგი პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ხელისუფლებას ყავს. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კიდევ მეტად ნუ გააღრმავებს დაპირისპირებას და ნუ ჩატეხავენ ხიდებს"- აღნიშნა  "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანი პატიმრობაშია,  არის ის, რომ მას არ აპატიეს რუსთავში არჩევნების მოგება და პოლიტიკური აქტიურობა.  დავით კირკიტაძე იყო ამერიკაში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" მასზე შეთითხნილი ბრალდებით აღძრა საქმე, ის დაბრუნდა ქვეყანაში და შეძლო სიმართლის დამტკიცება, აქედან გამომდინარე, არანაირი საფრთხე იმისა, რომ ეს ადამიანი მიიმალება, არ არსებობს", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღესვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც სასამართლოს წარუდგენენ. დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით  ოპოციციური ერთობის  "ძალა ერთობაშია" შემავალი პარტიები, "ევროპული საქართველოს", პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

 შეგახსენებთ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება.  მას ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას სამართალდამცავებსა და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის, როდესაც ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია