შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილმა შეძლო მოძალადე რეჟიმის გასტუმრება"- მამუკა ბახტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38502 
 23 მაისი 2019

ბიძინა ივანიშვილის როლი არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიაში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, არც მეტი და არც ნაკლები, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას მართავს ლეგიტიმურად არჩეული პოლიტიკური ძალა – პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“.

„ზოგადად, პარტიის როლი საპარლამენტო რესპუბლიკებში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. აღმასრულებელ ხელისუფლებას მართავს საქართველოს მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვარ ამ საკითხებზე პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი და პარლამენტში ჩვენი გუნდის როლი. საპარლამენტო დემოკრატიაში მმართველი ძალის პარტიის თავმჯდომარის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილს აქვს ზუსტად ის როლი, რაც უნდა ჰქონდეს კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიაში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. ეს არის ობიექტური მოცემულობა. დანარჩენი არის ის დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც დიდი ხანია, დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რატომ?! იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო სწორედ ადამიანი, რომელმაც შეძლო ქართველ ერთან ერთად ამ მოძალადე რეჟიმის გასტუმრების უზრუნველყოფა არჩევნების გზით. ყველას გვახსოვს 2012 წელი. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ახალი ფურცელი დაწყებულიყო, სადაც წარსულს ჩავაბარებდით ძალადობას  და დავადგებოდით ჩვენი ქვეყნის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების გზას. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი არის სამიზნე იმ ხალხისთვის, ვისაც სურს, საქართველო წარსულში დააბრუნოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია