შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შრომის ინსპექტორი ყველა კომპანიაში შევა" - კანონში შესული ცვლილებები სექტემბრიდან ამოქმედდება

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 25 მაისი 2019

შრომის უსაფრთხოების კანონში შესული ცვლილებები  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა და  შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ბექა ფერაძემ ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესს ასოციაციების, კომპანიების და პროფკავშირების წარმომადგენლებს გააცნეს.

ცქიტიშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების საკითხების დარღვევის გამო ადამიანები იღუპებიან, თუმცა თუ კანონში შესული ცვლილებები რეალურ ცხოვრებაში არ განხორციელდა, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. მან ასევე ისაუბრა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის შექმნის მნიშვნელობასა და  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების საჭიროებაზე.

მისი თქმით, ქვეყანაში 4 ათასდე სამშენებლო კომპანია, ხოლო სხვა ტიპის კომპანიის რაოდენობა 30 ათასდეა, შრომის ინსპექტორების რაოდენობამ კი საუკეთესო შემთხვევაში შესაძლოა 100-ს გადააჭარბოს. შესაბამისად, თუ რომელ კომპანიაში შევა შრომის ინსპექტორი, ამის შერჩევას  დეპარტამენტი მოახდენს.

"რომელ კომპანიაში შევა შრომის ინსპექტორი, ამის შერჩევა გარკვეული შემთხვევითობის პრინციპით მოხდება.  ეს შემთხვევითობა იქნება ფარული, რეალურად არავის ეცოდინება, ვინ არის ამ გეგმაში.   უნდა არსებობდეს მოლოდინი იმისა, რომ შრომის ინსპექტრორი ყველგან შევა, თუმცა შესვლა მოხდება მაღალი რისკის მქონე კომპანიაში, მოხდება შესულ შეტყობინებებზე რეაგირება, თუმცა არ გამოირიცხება, რომ შესაძლოა კონკურენტების მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც მოხდეს"-განაცხადა ცქიტიშვილმა.  

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  ბექა ფერაძის  განცხადებით, ერთიანი წესი სავალდებულოა ყველა კომპანიისათვის, თუმცა განსაზღვრულია მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების ნუსხა. მისი თქმით,  ასევე ინციდენტებზე გაცილებით მაღალია პროფესიული დაავადებების შემთხვევების რაოდენობა, როდესაც ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ადამიანებს ჯანმრთელობა უზიანდებათ. თუ დადგინდება პროფესიული დაავადება, შესაძლოა, კომპანიას დაევალოს უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა შრომითი უსაფრთოების ნორმების დაცვის კულტურის დამკვიდრებაა.  

"ამბობენ, რომ 20 წელია ასე ვმუშაობთ და არაფერი მოგვსვლია. ეს არ ნიშნავს, 20 წელი რომ არაფერი მოგსვლია, დაცული ხარ. საერთაშორისო სტატისტიკით,  ინციდენტების ძირითადი ნაწილი ხდება სტაჟიან დასაქმებულებთან და ახალბედებთან. სტაჟიანი, რომელიც უკვე "გაუთამამდა" სამუშაოს და არ იცავსგარკვეულ ნორმებს და ახალბედა, რომელიც გამოუცდელია",  -აღნიშნა  ფერაძემ.   

 
შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებულ სირთულეებზე, შერჩევით სამართალსა და კორუფციაზე ისაუბრეს.  შპს "მაკნატუნას" დამფუძნებლის გია გუმბერიძის თქმით, ბიზნესის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება მას, რისი შესრულებაც გაზრდილი ინფლაციის და არაკონკურენტული გარემოს გათვალისწინებით მათთვის რთულია.  

 კანონი, რომლითაც შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა,  1 სექტემბრიდან ამოქმედდება.  ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე.  

სანქციები მერყეობს 100 ლარიდან 50,000 ლარამდე, დარღვევისა ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად. მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს. 

კანონით საქართველოს მთავრობას 2019 წლის 1 სექტემბრამდე განესაზღვრა ვადა, იმისათვის რომ პარლამენტს წარმოუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი, ავტონომიური და ეფექტური შრომის ინსპექციის ფუნქციონირებას. 

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით შედგა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია