შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მართალი მღვდელი არ შეიძლება იყოს "მაძღარი". სადაც სიმდიდრეა იქ ღმერთი არ არის"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38556 
 27 მაისი 2019

"იესომ მდიდარ ცოდვილს ის კი არ უთხრა წადი და შენი ქონება ეკლესიას, ღვთის მსახურებს შესწირე და ცხონდებიო. იესომ უთხრა: წადი და შენი ქონება გლახაკთ და უპოვართ დაურიგეო.

ამპარტავნობა რომელიც ყველაზე მკაფიოდ გამოიხატება სასულიერო ცხოვრებაში არის მართლმადიდებლობის უპირატესობის წინწამოწევა და იმისი მტკიცება, რომ ცხონდებიან მხოლოდ მართლმადიდებლები და დანარჩენნი ყველანი მწვალებლები არიან, რომლებიც ჯოჯიხეთის ცეცხლში დაიწვებიან. აღარაფერს ვამბობ არა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლებზე. ამ დისკუსიებში ყველაზე ორთოდოქს მართლმადიდებლებს კათოლიკების დასაკნინებლად მოჰყავთ ინდულგენციის გაყიდვის ტრადიცია, რომელიც შუა საუკუნეებიდან მართლაც ტრადიციულ ხასიათს ატარებდა კათოლიკურ სამყაროში და გეთანხმებით, რომ სულის წაწყმედის უმოკლესი გზა იყო. ხოლო, კათოლიკური ეკლესიისთვის კი შემოსავლის, გამდიდრების ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა. მაგრამ, კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო ეს და აღკვეთა. მაგრამ რა ხდება თანამედროვე ქართულ ეკლესიაში დღეს, როდესაც ინდულგენციის პრაქტიკის გამო განიკითხავენ კათოლიკურ ეკლესიას? 
რა ხდება ბატონებო და პოსტსაბჭოთა პერიოდის სასულიერო ცხოვრების ქვასვეტად ზუსტად ინდულგენციებით ვაჭრობა გახდა და ამაზე დგას დღევანდელი საპატრიარქო. უბრალოდ ეს პროცესი აყვანილია ელიტების დონეზე და არ ეხება გაძვალტყავებულ მრევლს.
მოდით სანამ ჩამქოლავთ მარტივ მაგალითებს მოგიყვანთ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად: 
უამრავი ეკლესია ვიცი, რომელიც ქურდების აშენებულია. უამრავი სიმდიდრე აქვთ მოხვეჭილი მამაოებს ქურდების მიერ შემოწირული ფულითა და ფუფუნების საგნებით. სამაგიეროდ ამ ინდულგენციების გამყიდველი მღვდლები პირდებიან შემომწირველებს, რომ ამით ისინი გამოისყიდიან ცოდვებს და ცხონდებიან. აბა სხვა რა არის ინდულგენციით ვაჭრობა? კიდევ უფრო საშინელ მაგალითებს მოგიყვანთ: ეკლესია, მღვდლები არნახულად მდიდრდებიან კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის იგივე ინდულგენციების მიყიდვით და ამისი უამრავი მაგალითი არსებობს. მოტივი კი იგივეა - გადმოუფორმებენ ეკლესიას უზარმაზარ და ძვირად ღირებულ მიწებს ცხონების სანაცვლოდ და ამ კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა "იცის", რომ მიუხედავად მისი ცოდვებისა, მან ეკლესიის სასარგებლოდ ხალხის უზარმაზარი ქონება გასცა და ამის გამო ცხონდება. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ქურდებივით ხალხს მოპარეს და ეკლესიას შესწირეს ნაქურდალი. ჰო და ყოველივე ამის შედეგია, რომ ეკლესია არნახულად მდიდრდება და ზუსტად ამის პარალელურად ხალხი არნახულად ღარიბდება. კიდე ერთის თქმას მოვასწრებ სანამ ჩამქოლავთ: იქნებ ვინმემ ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, როცა სიმდიდრეში მცურავმა ეკლესიამ უპოვართათვის გაიღო ფული ან რაიმე სხვა მატერიალური სიკეთე? ერთი მაგალითი, მხოლოდ ერთი..? 
- რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია.
მართალი მღვდელი არ შეიძლება იყოს "მაძღარი". სადაც სიმდიდრეა იქ ღმერთი არ არის. იმიტომ, რომ ღმერთი იმათთან არის ვის ხარჯზეც ეს სიმდიდრე დააგროვეს ავაზაკებმა".

დავით ნებიერიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" წევრი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება