შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22800 
 28 მაისი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა კენჭი გუშინ, 27 მაისს უყარეს. ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტმა 23 280 691 ლარი შეადგინა. მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსული ნაწილი 7 380 691 ლარს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით 15 900 000 ლარს. რაც შეეხება გასავალს, ცვლილებების შემდეგ, სულ 28 825 923 ლარია, მათგან სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები 9 698 923 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები 19 127 000 ლარი. საკრებულოს წევრი, პარტია „ევროპული საქართველოდან“, ეკა ტატალაშვილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ადგილობრივი შემოსავლებისა და გასავლების ნაწილი, ასევე დარჩენილი ნაშთი ბუნდოვანია. „შემოსავალი გვაქვს დაახლოებით 16 მილიონი და გასავალი 19 მილიონი. ეს სამი მილიონი საიდან გაჩნდა? წლის დასაწყისში ნაშთი 700 000 ლარი იყო და ახლა კი გახდა სამი მილიონი. ეს 700 000 ლარი წინა სხდომაზე გავანაწილეთ. მაშინ ის 700 000 რა ნაშთია და ეს სამი მილიონი რომელია?“, - განაცხადა სხდომაზე ტატალაშვილმა.ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გელა ლომიძის განმარტებით, ბიუჯეტის ნაშთის განაწილება ეტაპობრივად მოხდა: „წინა წლის ნაშთის განაწილება სამ საკრებულოს სხდომაზე მოხდა. ეტაპობრივად გაიწერა, ბოლო იყო 700 000 ლარი“.დეპუტატებმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ეკა ტატალაშვილმა და ირინა გელაშვილმა მხარი არც 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებას დაუჭირეს. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების გეგმამ გამოიწვია. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, წლიურად 15 361 100 ლარია განსაზღვრული, სამი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შემდეგ კი შესრულებამ 1 104 300 ლარი შეადგინა.„მე ამ ანგარიშს შევაფასებ უარყოფითად. იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მუხლში გამოყოფილია 15 მილიონი, სამ თვეში კი გახარჯულია ერთი მილიონი, ამიტომ დამაკმაყოფილებლადაც ვერ შევაფასებ“, - განაცხადა სხდომაზე ეკა ტატალაშვილმა. ტატალაშვილს ახალციხის მერის მოადგილემ, გურამ მელიქიძემ უპასუხა. მისი თქმით, პირველ კვარტალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი რამდენიმე მიზეზის გამო ვერ იქნება.„პირველი კვარტლის შესრულება, ზოგადად ყველა მუნიციპალიტეტში დაბალია, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული მიმართულებით. იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდია და სამუშაოებისთვის ცივა. თქვენ იცით, რომ ჰაერიდან არ ხდება მშენებლობა. მთავრობის განკარგულება უნდა გამოვიდეს ჯერ, 50 დღე მარტო პროექტირებას უნდა. პირველ კავრტალში 15%-იანი შესრულება ნორმალურია“.საკრებულოს სხოდომაზე ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 1 211 855 ათასი ლარით გაიზარდა. „აღნიშნული თანხა გამოყოფილია რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციისათვის“, - განმარტა სხდომაზე გელა ნოზაძემ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია