შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22903 
 05 ივნისი 2019

სარწყავი წყლის მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და წესით, 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე შენდება. როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები და შეძლებენ თუ არა ადგილობრივები ნაკვეთების მორწყვას, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორმა არ იცის.„ჯერ არ ჩაგვბარებია სისტემა საექსპლუატაციოდ, არც ის ვიცით, როდის დასრულდება. ეგ ჩვენც გვინდა, რომ მოესწროს და დროულად დასრულდეს, მაგრამ არ ვიცით, როგორ იქნება, ეს მშენებელზეა დამოკიდებული“, – ამბობს ვლადიმერ ხმალაძე.„საქართველოს მელიორაციის“ სარეაბილიტაციო კომპანიამ მშენებლობა მკაცრი ზამთრის გამო შეაჩერა. აქ აცხადებენ, რომ მუშაობას ერთ კვირაში განაახლებენ, თუმცა რწყვის სეზონის ბოლომდე დაასრულებენ თუ არა, არ იციან.„ახლა მასალებს ველოდებით და ვერ გავაგრძელეთ მუშაობა. საქაჩებზე ძრავებია დასაყენებელი და ასევე შესაძენია მილები, რომლებსაც შევადუღებთ... წესით ბევრი აღარ არის დარჩენილი. ვფიქრობთ, რწყვის სეზონის დასაწყისში თუ არა, დასასრულს მაინც გავუშვათ ექსპლოატაციაში“,– გვიხსნის კომპანიის საქმეთა მწარმოებელი ლევან აბულაძე.შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ აზერბაიჯანულ კომპანიას სამუშაოები 1 მილიონ 79 ათას ლარად უნდა შეესრულებინა და 2017 წლის 31 ივლისს პროექტი ჩაებარებინა. ტენდერის პირობების დარღვევის გამო, კომპანია „საქართველოს მელიორაციამ“ ორჯერ დააჯარიმა, შარშან, წლის დასაწყისში კი, აზერბაიჯანულმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და ქვეყანა ისე დატოვა, რომ არც დაკისრებული ჯარიმა და არც დასაქმებული მუშების ხელფასი გადაუხდია. მომხდარის გამო სისტემის მშენებლობა რამდენიმე თვით შეჩერდა. მოგვიანებით, პროექტის შესრულების ვალდებულება „საქართველოს მელიორაციამ“ საკუთარ თავზე აიღო და სამუშაოები განაახლა. საირიგაციო სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საროსა და ხიზაბავრაში 1 000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მორწყვა იქნება შესაძლებელი. ადგილობრივების თქმით, თითქმის 30 წელია სოფელ საროს სარწყავი წყალი საერთოდ არ აქვს. ხიზაბავრაში კი, შვიდი წლის წინ მოეწყო ავზი, რომლითაც ნაკვეთებს ერთჯერადად რწყავენ – „აქედან სეზონზე მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია ნაკვეთების გასარწყავიანება, მეტს აღარ ყოფნის, იმიტომ რომ საკმარისი არ არის“, – გვეუბნება ხიზაბავრელი ნოდარ ბაბელაშვილი.[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება