შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოლექციონერი იძულებულია, 35 წლის ნაგროვებს შეელიოს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22909 
 05 ივნისი 2019
მანანას კოლექციის პირველი ფული გერმანული ფენინგი იყო, რომელიც 11 წლის ასაკში გერმანიიდან ჩამოსულმა ბიძაშვილმა აჩუქა. შემდეგ კი ბებიამ ნიკოლოზ მეორეს გამოსახულებიანი ვერცხლის მონეტა მისცა და ამის შემდეგ ძველი ფულის შეგროვებით ძალიან დაინტერესდა. მონეტების და კუპიურების მოპოვებას ცდილობდა ყველგან – სადაც არ უნდა დაენახა, ვისაც არ უნდა ჰქონოდა.„ჩემს კოლექციაში სხვადასხვა დიზაინის, მოხაზულობის და ხარისხის ფულია. ინდური რუპია მაქვს, იაპონური იენა, მონღოლური ფული, ლატი, ლეი, საბჭოთა მანეთები. კიდევ ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ფული – ჩეხური, პოლონური, რუმინული, უნგრული. გერმანული, რაღა თქმა უნდა. თანამედროვეც მაქვს – ქართული კუპონები, დოიჩ მარკები“, – ამბობს მანანა გოგოლაძე.ყველაზე ძველი ნიმუში 1844 წელს გამოშვებული „კაპეიკია“. „კაპეიკა სერებრომ“ – ასე აწერია მონეტას. მის კოლექციაში პირველ სამკაპიკიანსაც შეხვდებით და 1924, 1931, 1957 წლის ხურდებსაც.კოლექციის შეგროვებაში ახლობლები, მეგობრები, კოლეგები ეხმარებოდნენ. თუმცა გვითხრა, რომ სტუდენტობის შემდეგ ხშირად მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ფულის ნიმუშები იქიდანაც ჩამოჰქონდა.ამბობს, რომ საკუთარი კოლექცია ძალიან უყვარს. პარკებში საგულდაგულოდ შეფუთულ კოლექციას ხშირად გამოიღებს, გადაათვალიერებს და ისევ უკან ინახავს. განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი საქართველოს, 1919 წელს გამოშვებული ფული უყვარს, რომელზეც ნოე ჟორდანიას ხელმოწერაა.„ჩემმა მეგობარმა ნოდარ ჩხეიძემ მაჩუქა დამოუკიდებელი საქართველოს ფული, ჟორდანიას მთავრობის, სახელდახელოდ გამოშვებული. თბილისელია და ასე მითხრა, რადგან აგროვებ, მე ჩამოგიტან და მოგცემო. კი, ძალიან გაცვეთილია, მაგრამ ჩემთვის – ყველაზე საყვარელი. ხშირად მჩუქნიდნენ კოლექციისთვის ფულს, მაგრამ ზოგჯერ ვყიდულობდი კიდეც. ყველაზე ძვირი ფულში 250 მანეთი მაქვს გადახდილი. ახლობლები დამცინოდნენ ხოლმე, რაში ხარჯავ ფულსო, მაგრამ მიყვარს ჩემი კოლექცია და რა ვქნა!“მის კოლექციაში 1920 წელს გამოშვებულ 10 მანეთიანსაც შეხვდებით. მასზე სამენოვანი – ქართული, სომხური და აზერბაიჯანული წარწერაა. მანანამ გვითხრა, რომ ამ ფულს, თავის დროზე, საკმაოდ დიდი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა: „პაპაჩემი, ლაზარე ძალიან შეძლებული ადამიანი იყო, ის გვეუბნებოდა, რომ სამი ცალი 10 მანეთიანით ერთი უღელი ხარ–კამეჩის ყიდვა იყო შესაძლებელი“.მანანა ამბობს, რომ აკვირდებოდა, წლების მიხედვით როგორ იცვლებოდა ფულის დიზაინი და ხარისხი.„საბჭოთა კავშირის დროინდელ მონეტებს რომ დააკვირდებით, დაინახავთ, თუ როგორ იცვლება მისი ვიზუალი. სპილენძიდან გადავიდა ბრინჯაოში. ჩემს კოლექციაში ჩეხურ კრონსაც შეხვდებით. სოციალისტური ჩეხეთის ფულზე ლომი იყო გამოსახული, შემდეგ პერიოდში გამოშვებულ მონეტაზე კი ლომს უკვე გვირგვინი ადგას.“59 წლის კოლექციონერი მხოლოდ ნუმიზმატობით არ იყო გატაცებული. მას მარკების კოლექციაც ჰქონდა, რომელიც გააჩუქა. ახლა სახლში ნაძვის ხის სათამაშოების კოლექციაც აქვს. ასევე აგროვებდა სანკტ–პეტერბურგის ერმიტაჟის ღია ბარათებს.„ვაგროვებდი ერმიტაჟის ღია ბარათებს, თემატურად იყო დაწყობილი და ოცამდე მხატვრის რეპროდუქციები მაქვს. ერმიტაჟშიც ვარ ნამყოფი – რასაც ვაგროვებდი ნანახიც მაქვს“, – ამბობს მანანა.იგი ვალეში ცხოვრობს და კულტურის სახლში მენეჯერად მუშაობს. მარტო ცხოვრობს, რადგან ერთადერთი შვილი თბილისში სწავლობს. მანანა გოგოლაძე 35 წლის მანძილზე შეგროვებულ კოლექციას გაყიდვას უპირებს, რადგან სექტემბერში მის შვილს ქორწილი აქვს. ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს: „სამწუხაროა, მაგრამ კოლექციის გაყიდვას ვაპირებ! იმიტომ, რომ ჩემს შვილს ქორწილი აქვს. არ ვიცი, რა თანხა შეგროვდება, მაგრამ რაღაცაში წამეხმარება. ძალიან დამენანება, თუმცა საჭირო რომ არ იყოს, არაფრის დიდებით არ გავყიდდი“, – ამბობს მანანა.[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა