შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მომღერლობით ბევრად მეტი შემოსავალი მქონდა’– ზურა ხაჩიძე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23033 
 12 ივნისი 2019
ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოსტზე დღეს, 12 ივნისს დაინიშნა. ხაჩიძის თქმით, ამ პოზიციაზე პირველი შემოთავაზება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების ხელმძღვანელისგან სოზარ სუბარისგან მიიღო: „ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით, აზრები გავცვალეთ და მითხრა, რას ვფიქრობდი სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, რაზეც ჩემი თანხმობა მიიღო. ერთი კვირის წინ ბესიკ ამირანაშვილსაც შევხვდი და დღეს უკვე დავინიშნე“.ხაჩიძე ამბობს, რომ წარმოშობით სამცხე–ჯავახეთიდან, ბორჯომიდან არის და მისი თანხმობაც სწორედ რეგიონის სიყვარულმა განაპირობა: „ეს სამსახური ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. ჩემი ხელფასი არ ცდება 1 500 ლარს. მომღერლობიდან ბევრად მეტი შემოსავალი მქონდა. ძალიან რთული იყო წამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი რეგიონის სიყვარულმა წამომიყვანა, მინდა რომ ჩემი გამოცდილება აქაურობას მოვახმარო.“ ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ რეგიონის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს კარგად იცნობს და ფიქრობს, ამ მხრივ სამცხე–ჯავახეთს მეტი პოპულარიზაცია და რეკლამირება სჭირდება.„იმხელა გამოხმაურება ჰქონდა ჩემს დანიშვნას, ვფიქრობ, რომ ესეც პოპულარიზაციას გაუწევს რეგიონს. ის ტურისტულ–ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც თითოეულ მუნიციპალიტეტში მერები გეგმავენ, თუ განხორციელდება, მეტი ვიზიტორი ეყოლება რეგიონს. სამცხე–ჯავახეთს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ყველაფრის პოპულარიზაცია არ ხდება“, – აცხადებს რწმუნებულის მოადგილე.ზურა ხაჩიძე არ მალავს, რომ რეგიონში აქტიური კულტურული ცხოვრება არ არის. მისივე თქმით, რეგიონის კულტურულ ცხოვრებასაც კარგად იცნობს. ამიტომ ამ სფეროში 25-წლიან მენეჯერულ გამოცდილებას გამოიყენებს: „რამდენიმე დღის წინ ვეძებდი ინფორმაციას სამცხე–ჯაცვახეთის კულტურული ცხოვრების შესახებ და ძალიან ნაკლები იყო. ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც ისვენებს ბორჯომში, სამ დღეში ტოვებს აქაურობას. ეს იმიტომ, რომ კულტურული ცხოვრება არ არის აქტიური, ღონისძიებებია ნაკლები“.ხაჩიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს რეგიონში ბევრი კულტურული ღონძიება, მათ შორის მუსიკალური ფესტივალები აქვს დაგეგმილი. ამიტომ საკუთარ რესურსებს გამოიყენებს იმისათვის, რომ რეგიონში ნებისმიერი პროექტი გაშუქებული იყოს.„ამ წლების მანძილზე უამრავი მეგობარი შევიძინე, ტელევიზიები, ჟურნალისტები, სააგენტოები. ვაპირებ ღია ვიყო ჟურნალისტებისთვის. რადგან მათ გარეშე ამ პროექტებს ვერ განვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ეთნიკურად სომხური მოსახლეობა რეგიონის ცხოვრებაში, ის ადამიანები ცოტა მიტოვებულად გრძნობენ თავს“, – ამბობს რწმუნებულის ახალი მოადგილე.ზურა ხაჩიძის თქმით, რეგიონის კულტურული თუ ტურისტული პოტენციალის შესახებ მეტი ინფორმაცია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიგო, რადროსაც იგი ბორჯომი–ასპინძის ოლქში კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“. 2016 წლისაგან განსხვავებით, ახლა ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ შეხედულებებს იზიარებს და ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი აქტიურობიდანაც ჩანდა: „სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 2007 წლიდან, ყველა მიტინგზე ვიდექი და, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ჩემი მხარდაჭერა ჰქონდა. გარდა ამისა, დღევანდელი პოლიტიკური გუნდის შეხედულებებს ვიზიარებ. ამ არჩევნებზე ვაქტიურობდი და ამით თუ ამ თანამდებობაზე დამნიშნეს, ამაში ცუდს ვერ ვხედავ“.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება