შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23084 
 17 ივნისი 2019
ახალციხელმა ასია ტონიანმა, საკუთარი სახლის უცხოელ ტურისტებზე გაქირავება, თვენახევრის წინ დაიწყო. იგი მეუღლესთან ერთად რაბათის დასახლებაში, ებრაელების უბანში ცხოვრობს. „სახლის ზედა სართული უფუნქციო იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, სტუმრები მიგვეღო. განცხადება airbnb.com–ზე თვენახევრის წინ განვათავსეთ და ოცდაათამდე სტუმარს უკვე ვუმასპინძლეთ“, - გვიყვება დიასახლისი ასია ტონოიანი. მის სახლში მსურველს დარჩენა 8-10 დოლარად შეუძლია.ეზოში, ჩრდილში ჰამაკი და სკამები დგას. ასიას თქმით, სახლში ისევე ცხოვრობენ, როგორც ტურისტების სტუმრობამდე: „ყველა გვეუბნება, გვაინტერესებს, როგორ ცხოვრობთო, ყველაფერი აინტერესებთ ჩვენს შესახებ. ფაქტობრივად, ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან“. „ასია ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანია, ყველას გირჩევთ მის სახლში დარჩენას, საქართველოში თუ დავბრუნდი, ასიას ისევ ვესტუმრები!“ - წერს ასიას სტუმარი სუზანი გერმანიის ქალაქ კიოლნიდან. მათ, ვისაც საკუთარ სახლში სტუმრისთვის ადგილი აქვს, ამერიკული კომპანია airbnb განცხდების უფასოდ განათავსებას სთავაზობს. ამ ინფორმაციას ეცნობა მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და ირჩევს შედარებით იაფ დასასვენებელ ადგილს. კომპანიის ვებ-გვერდით ამჟამად ოცზე მეტი ახალციხელი ოჯახი სარგებლობს. ნათენაძის 49 ნომერში მცხოვრებმა შუშანა ძამაშვილმა სტუმრების მიღება ორი თვის წინ გადაწყვიტა. სტუმრები ჯერ არ გამოჩენილან, თუმცა შუშანა იმედს არ კარგავს: „განცხადება ჩემმა შვილიშვილმა, ბესიკმა განათავსა, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა. არადა, ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს, იმედია მალე გამოჩნდებიან.“ შუშანას ბინაში სტუმარმა ერთ ღამეში 40 ლარი უნდა გადაიხადოს.ნარიმანიშვილების ოჯახი უკვე რამდენიმე წელია რაც ტურისტებს საკუთარ სახლში, რუსთაველის ქუჩაზე იღებს. გიორგი ნარიმანიშვილმა ეზოში, საკუთარი ხელით, დეკორატიული საყვავილეებიც დაამზადა. ტურისტების მიღებას ოჯახისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვს. მათი თქმით, ამას სიამოვნებისთვის აკეთებენ: „ადამიანებს იცნობ, თავიანთი ცხოვრების შესახებ გიზიარებენ და გიხარია ადამიანურად. ყველა კონტინენტიდან გვსტუმრობენ, მყოლია ავსტრალიელებიც. დღეს დილით წავიდა ჩვენი კორეელი სტუმარი, საღამოს კი გერმანელ წყვილს ველოდებით“.ზოგჯერ შეიძლება თვე ისე გავიდეს, რომ ნარიმანიშვილებს არცერთი უცხოელი სტუმარი არ ეწვიოს: „ჩვენ ეს ხელს არ გვიშლის. როცა მოვა სტუმარი, მასპინძლობისთვის მზად ვართ,“ - ნარიმანიშვილების ოჯახში დარჩენა ერთ ადამიანს 15 დოლარად შეუძლია.„,მე და ჩემმა ოჯახმა გიასთან არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, სრულყოფილი საუზმე ეზოში გვქონდა, გია ყოველთვის სასიამოვნო რჩევებს გვაძლევდა ქალაქში გასვლისას, ყველას ვურჩევ მათთან სტუმრობას,“ - წერს ნარიმანიშვილების ყოფილი სტუმარი საბინა, ავსტრიის ქალაქ ტიროლიდან.საიტზე airbnb.com ბინის, ოთახების (ან ოთახის) და ავეჯის აღწერაა საჭირო: არის თუ არა ინტერნეტი, რამდენად ახლოსაა საცხოვრებელი ტურისტულ ობიექტებთან.საქსტატი სამცხე-ჯავახეთში დამსვენებელთა რაოდენობას 2017 წლამდე აღწერს. 2015 წელს დასვენების მიზნით რეგიონს 94 667, 2016 წელს 140 949, ხოლო 2017 წელს 155 523 დამსვენებელი ეწვია. ზრდადია სამცხე-ჯავახეთის სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებაც. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 716 ლარია.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია