შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სერგეი გავრილოვი - სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39145 
 21 ივნისი 2019

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი გამოცემა „კომერსანტთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას განმარტავს.

მისი თქმით, მას ზუსტად ამ ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს.

„ამ საკითხზე ყველაფერი გარკვეული იყო. სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები“, – აცხადებს გავრილოვი და აღნიშნავს, რომ პროტოკოლის თანახმად, ამ ადგილს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე იკავებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თავად ის.

სერგეი გავრილოვის თქმით, მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა საბერძნეთშიც, ლიბანსადა სხვა ქვეყნებშიც.

„რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშავო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ; სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”, – აცხადებს გავრილოვი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ სხდომა კორექტულად მიმდინარეობდა, თუმცა შესვენებაზე შენობაში „ექსტრემისტები შემოიჭრნენ“ და დოკუმენტები გაანადგურეს.

სერგეი გავრილოვი სიცრუეს უწოდებს საქართველოს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას.

„ეს სიცრუე და პროვოკაციაა და ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულმა მედიამ აიტაცა ეს. ამასთან, ჩვენმა დეპუტატებმა იხილეს, თუ როგორ აძლევდნენ მიმართულებას ინგლისური ენის ამერიკული ვერსიით მოსაუბრე კურატორები ქართველ ჟურნალისტებს“, – განაცხადა გავრილოვმა.

რუსი დეპუტატი თბილისში მომხდარ ინციდენტს საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, მომხდარის გამო, ასამბლეის წევრებს სხდომის დასრულება სასტუმროში მოუწიათ, რომლის დატოვების დროსაც, პირადად მას დაარტყეს.

სერგეი გავრილოვი აუცილებლად მიიჩნევს, პასუხისმგებელი პირების დადგენას, მათ შორის, „სავარაუდოდ საქართველოს პარლამენტის წევრების, რომლებიც მას ფიზიკურად გასწორებით ემუქრებოდნენ“.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია იმართებოდა. სესია, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია