შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლის დირექტორი გათავისუფლებულ მასწავლებელთან მორიგებაზე უარს ამბობს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23234 
 24 ივნისი 2019
მასწავლებლის საქმეზე, რომელიც სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს, პირველი სასამართლო სხდომა დღეს, 24 ივნისს გაიმართა. მხარეებმა სასამართლო განხილვებისას დასაკითხი მოწმეების შუამდგომლობა დააყენეს.გათავისუფლებული მასწავლებლის თეიმურაზ ხუციშვილის ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, სხდომებზე ექვსი მშობლის დაკითხვასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა.„ეს მშობლები ხუციშვილმა გადაიბირა და იმას იტყვიან, რაც მას უნდა. ტელეფონის ნომრებს სამსახურიდან გათავისუფლებამდეც მთხოვდა და ვიცი, რომ მათ შორის საუბრები შედგა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ უნდა დაიკითხნონ“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ. მოსამართლემ მოპასუხის არგუმენტები არ გაითვალისწინა და მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.ასევე დაკმაყოფილდა დირექტორის და მისი ადვოკატის შუამდგომლობა სასამართლოზე დასაკითხ მოწმეებზეც. მოპასუხე მხარის ხუთი მოწმე დაიკითხება, მათ შორის არის, სკოლის მანდატური, პედაგოგები და დირექტორის მოადგილე ზოია ბალიაშვილი.დღესვე, მხარეებს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მორიგებაც შესთავაზა, რაზეც დირექტორისაგან უარი მიიღო. ინგა ვარდიძის თქმით, ხუციშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმაც მიიღო და ეს სამართლიანი იყო.შემდეგი სხდომა ოთხ ივლისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა და მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო, 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია