შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერ–მინისტრი: სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23298 
 27 ივნისი 2019
„ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა. რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ, სრულიად მიუღებელი იყო ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა თავისი მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. შემდეგ საღამოს ჩვენ ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა გულწრფელი პროტესტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა პოლიციელებზე, რომლებიც იცავდნენ საქართველოს პარლამენტის პერიმეტრს.„ალბათ, არავის აქვს იმის ილუზია, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, რომ მართლაც მოეხერხებინა ამ აგრესიულ ძალას საქართველოს პარლამენტზე მიტანილი შტურმის ბოლომდე მიყვანა. საქართველოს მოსახლეობის მშვიდობას დაემუქრა საფრთხე, საქართველოს კონსტიტუციაზე იყო პირდაპირი შეტევა და ეს ყველაფერი დასრულდებოდა უმძიმესი ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ–მინისტრის თქმით, მოვლენებზე პასუხიმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელმაც გამოიყენა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი. „ჩვენი პირველადი ამოცანა გახლავთ, რომ ეს პროვოკაცია ამოიწუროს და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ჩვენ არ გვიჭირს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გვაქვს უმაღლესი სტანდარტი. ასე მოხდა, როდესაც ჩვენს უახლეს ისტორიაში გადადგა გენერალური პროკურორი და იგივე შემიძლია ვთქვა, როდესაც გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი გირგი გახარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავის იარაღად და ეს ერთმნიშვნელოვანია,“ – განაცხადა პრემიერმა. მამუკა ბახტაძემ, პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ არ წარადგინა დღეს პარლამენტში ერთწლიანი ანგარიში: „ ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში თუ სხვადასხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს ჩვენთანაა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს კოლეგებთან ერთად, და მზად ვარ, ნებისმიერ დროს, საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში, ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე. დღეს რაც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები“. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი