შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23658 
 24 ივლისი 2019
ქალთა არასამთავრო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ პრესკონფერენციაზე ნარინე გინოსიანთან და მის ადვოკატთან, მირიან ნიკოლაძესთან ერთად ისაუბრა.ბაია პატარაიას თქმით, ენზელ მკოიანმა ნარინე გინოსიანის წინააღმდეგ ყველა სახელისუფლებო ბერკეტი გამოიყენა, მათ შორის – ნინოწმინდის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებსაც ათქმევინა, რომ გინოსიანს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. „დევნა მხოლოდ ამით არ გამოიხატებოდა. მკოიანმა მოახერხა ის, რომ სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ამასთან, დღემდე გრძელდება ზეწოლა ნარინეზე. მკოიანი ნინოწმინდელ საჯარო მოხელეებს აიძულებს, ღიად დაუჭირონ მხარი“, – აცხადებს ბაია პატარაია.არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველს სთხოვს, დაინტერესდეს მომხდარით და დაადგინოს, წლების განმავლობაში გინოსიანის მიმართ სექსულური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხები.„ჩვენ გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ოფიციალურადაც მივმართავთ. საქმეში არიან მოწმეები და არის მტკიცებულებები, რომელსაც წარვუდგენთ ომბუდსმენის აპარატს განსახილველად. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის გარეული ამ საქმეში და იგი საკუთარ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად იმისთვის, რომ მსხვერპლი გააჩუმოს, დაჩაგროს და გზიდან ჩამოიშოროს“, – ამბობს ბაია პატარაია. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ნარინე გინოსიანმაც. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პირველად გამოქვეყნდა მის მიმართ ენზელ მკოიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია და ამის საპასუხოდ, დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა, იგი საჯარო მოხელეებს აიძულებდა, მისთვის ღიად დაეჭირათ მხარი.„მერიის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მომწერა მეილზე, როგორ გაამწარე ასე მკოიანი, რომ ყველა თანამშრომელს გვთხოვს, თავისი გაკეთებული განცხადება, ფეისბუქზე გადავაზიაროთ და ასე მხარი დავუჭიროთო“, – განაცხადა ნარინე გინოსიანმა.ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას თქმით, მოწმეების დიდი ნაწილი, მკოიანის გავლენის გამო, უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, თუმცა მათ ჰყავთ მოწმე, რომელიც ყველაფერს იტყვის. ასევე, არის სხვა წერილობითი მტკიცებულებებიც.ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველოს პარლამენტი საკითხით დაინტერესდებიან.ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა. „სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება