შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23664 
 25 ივლისი 2019
ფოტო:კუკური მეტრეველიჭერულას ტაძრის გალავანში საქეიფო ფანჩატურის მშენებლობა პირველად პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა გააპროტესტა. მისი თქმით, სამწვადე მაყალი ზედ ტაძრის გალავნის ნანგრევებზეა მოწყობილი: „გასულ ზაფხულს ჩადგეს ეს საქეიფო რაღაცა. შემოდგომით რკინები გადავყარე და ახლა უფრო დიდი რკინები მოუტანიათ და დაულაგებიათ. ვერ ხვდებიან, რომ შიგნით ქეიფი არ შეიძლება. აქ ისტორიული მნიშვნელობის ქვებია, საფლავებია და როგორ შეიძლება მათი შეურაცხყოფა?! კომუნისტების დროს მანდ ფერმები იყო, მაგრამ მაშინაც არ იკადრეს ასეთი რამ“, - აცხადებს კუკური მეტრეველი „სამხრეთის კარიბჭესთან“. მეტრეველი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა ამ საკითხს მათგან რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ ფანჩატურის მშენებლობის ინიციატორების მოძიება თავად სცადა: „ეს ტაძარი სოფელ ღადოსა და ბუღაშენის სათიბებთანაა ახლოს. ვისაც აქ ხშირად უხდება სიარული, ის დადგამდა. პირადად ვინ გააკეთა, არ ვიცი, სოფლებში ეცოდინებათ. ამიტომ შევუთვალე ამის გამკეთებლებს, მაინც და მაინც ეკლესიაში უნდა იქეიფოთ? გაიტანეთ გალავნიდან და სხვა ადგილზე იქეიფეთ-მეთქი. მე ძეგლი მტკივა, თორე ვინმეს დასჯა კი არ მაინტერესებს“, - ამბობს კუკური მეტრეველი.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ჭერულას ტაძრის პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია. სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ადგილზე, 24 ივლისს, მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც მეტრეველმა სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა. ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, ფანჩატური ტაძრის იერსახეს არღვევს. ამიტომ ფაქტის მოკვლევა ახალქალაქის თვითმმართველობას დაევალა. „ჯერ-ჯერობით, ვერ დადგინდა ვინ განახორციელა უნებართვო მშენებლობა. გავარკვიეთ ის, რომ ეს კონსტრუქცია ძეგლის ფიზიკური დაცვის ზონაშია აშენებული და არღვევს მის იერსახეს. ამიტომ დღეს ახალქალაქის მერიას გაეგზავნება წერილი მომხდარი ფაქტის მოკვლევის თხოვნით და ვალდებულების განსაზღვრით, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ შენობის დემონტაჟი“, - აცხადებენ სააგენტოში. ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძარი ახალქალაქიდან ბაკურიანის მიმართულებით, ცხრაწყაროს უღელტეხილისკენ მდებარეობს. მეტრეველის თქმით, ძეგლს არანაირი მიმანიშნებელი არ აქვს, რომ მას სახელმწიფო იცავს.„ჭერულას მსგავს სიტუაციაში, ჯავახეთში სხვა ტაძრებიც არის. მოსახლეობის მიერ თვითნებურად ხდება მათი ხელყოფა. ამიტომ აუცილებელია, თითოეულ ძეგლს აბრა მაინც გაუკეთონ, თუ რესტავრაციას ვერ აკეთებენ. აბრა სჭირდება, რომ ეს ძეგლია და სახელმწიფო იცავს. შესაბამისად, ვიღაც მოერიდება და აღარ მიაშენებს მანდ რაღაცეებს“, - აცხადებს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი. ფოტო:კუკური მეტრეველიფოტო:კუკური მეტრეველიფოტო:კუკური მეტრეველი[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია