შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი დაადგა ძალიან მოლიპულ გზას- ლევან ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40134 
 26 ივლისი 2019

ივანიშვილი დაიჭერს ყველას, ვისი დაჭერაც შეიძლება. გასაგებია, წავიდა რეპრესიების გზაზე, რომ გაათავისუფლოს სივრცე. 20% რომ გაქვს მხარდაჭერა, როგორც ჩანს, უკვე ასე იქცევი. როცა აგებ, მიდიხარ რეპრესიებზე... ივანიშვილს ჯიბეში უდევს საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მის ხუშტურებს ასრულებს..."- აცხადებს „რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა გამოაცხადოს ანტისახელმწიფოებრივ გადატრიალებად. არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ შეიძლება მოხდეს შეუიარაღებელი ხალხის პარლამენტის ეზოში შესვლით. ასე რომ, ეს თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი საქმეა და იქ არ არის არც ერთი სახელმწიფო დამნაშავე. დიახ, იქ შეიძლება იყო რაიმე ტიპის გადაცდომა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, სხვა რამეები, მაგრამ არა 225-ე მუხლი, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველა მეთოდით, 225-ე მუხლით, ფულის გათეთრებით და სხვა ბრალდებებით მოაცარიელოს სივრცე. იმიტომ, რომ არავის არ აინტერესებს „ქართული ოცნება", მაგრამ თუ ის არჩევნებში მარტო მონაწილეობს, მოსახლეობას მიუწევს ამ ერთადერთის არჩევა, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. ეს ენატრება ივანიშვილს და მის ყოვლად უნიჭო შემადგენლობას. საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ არ ჰყოლია ასეთი უნიჭო, გაუნათლებელი, საქმეში ჩაუხედავი, არაკვალიფიციური, ლაპარაკი და წერა-კითხვა რომ არ იცის, ასეთი ხალხი.

გამოაცხადეს, რომ ოქრუაშვილი თურმე გადატრიალებას აწყობდა, მაგრამ ამავე დროს სრულიად ნათელია, რომ ოქრუაშვილმა „რუსთავი 2"-ზე სხვა რამეებიც თქვა. რა მოტივი ჰქონდა თავში ივანიშვილს, ვერ გეტყვით, მაგრამ გეტყვით იმას, რომ საქართველოსნაირი სახელმწიფო ასე არ უნდა დაცემულიყო, რომ ერთი, ნახევრად გიჟი და გაუნათლებელი ადამიანის, ივანიშვილის ხუშტურებს ემორჩილება პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი და ჟურნალისტიკის დიდი ნაწილი მარტო იმიტომ, რომ მას ბევრი ფული აქვს. ჩვენს თვალწინ უსამარცხვინოესი ქვეყანა ჩამოყალიბდა.

ოქრუაშვილი სრულიად უსამართლოდაა დაკავებული ყველა შემთხვევაში და ეს პოლიტიკური რეპრესიებია.

დღეს, საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, თურმე ლარის კურსი იმიტომ დაეცა, ბავშვებმა რომ აქცია მოაწყვესო. ადამიანის სისულელეს საზღვარი არ აქვს. ლარი ეცემა, რაც ესენი მოვიდნენ, 7 წელია ეცემა და თურმე გამოუწვევია იმას, რომ 20 ივნისს ადამიანებმა გააპროტესტეს გავრილოვის ჩამოყვანა.

„ნაციონალური მოძრაობა" როცა კაცს იჭერდა, იმის შთაბეჭდილებას მაინც ქმნიდა, რომ დასაჭერია. მე რომ აგენტად გამომაცხადეს, ნახევარმა საქართველომ დაიჯერა, იმიტომ რომ ტყუილს უფრო გონივრულად აკეთებდნენ. მე „ნაციონალური მოძრაობის" ქება არ მინდა, მე კვალიფიკაციას ვადარებ და კვალიფიკაციით ადეიშვილამდე ბევრი უკლია დღევანდელ პროკურორს, რომელიც უბრალოდ არის წერა-კითხვის უცოდინარი, უდიპლომო იდიოტი. შეიცვლება ვითარება და ყველა ეს ხალხი - გახარია, თადუმაძე და სხვები - ციხეში ჩაჯდება.

დაიჭერს ყველას, ვისი დაჭერაც შეიძლება. გასაგებია, წავიდა რეპრესიების გზაზე, რომ გაათავისუფლოს სივრცე. 20% რომ გაქვს მხარდაჭერა, როგორც ჩანს, უკვე ასე იქცევი. როცა აგებ, მიდიხარ რეპრესიებზე, ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ასეა. ამათ რომ კონკურენციის პირობებში წაგებული აქვთ, ეს ნათელია. ამიტომ მოიფიქრა რეპრესიების გზა. ეს გზა გაამართლებს რუსეთში, როცა დიდი ქვეყანა ხარ. ივანიშვილს დაავიწყდა, რომ როგორც უნდა, ისე ვერ გავა, ვერ დახურავს ანაკლიის პორტს, იმიტომ რომ, არის აშშ-ს ინტერესები, არის დიდი ბრიტანეთი და ბოლოს და ბოლოს, ევროპა. მას თავი პუტინი ჰგონია...

ივანიშვილისთვის ხაზარაძე არის მტერი, იმიტომ რომ, პორტს აშენებს და რუსეთს ნერვებს უშლის და იმიტომ, რომ დაანონსა მოძრაობა და პოლიტიკაში ეჩრება. ყველანაირად მტერია. ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ, ივანიშვილის გარდა ფული არავის არ უნდა ჰქონდეს. ერთადერთი მილიარდერი და მდიდარი კაცი ის უნდა იყოს. ამიტომ არ დავიწყებდი გამოძიებას, კონკრეტულად რის გამო ვერ აიტანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საქმე დაწყებულია მანამდე, სანამ პოლიტიკურ მიზნებზე გამოაცხადებდა. ჩვენ ვიცით, რომ არასდროსაა გამორიცხული, ვინმემ პოლიტიკური მიზანი გამოაცხადოს. ივანიშვილი ქველმოქმედი რომ იყო, ყოველთვის მოიძებნებოდა ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ეს რაღაცისთვის უნდა. ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში წავიდეს, მათ შორს ხაზარაძესაც, ივანიშვილსაც, პრობლემა იმაშია, რომ ხაზარაძის მიმართ უსამართლობაა და ამ უსამართლობას სჩადის ივანიშვილი, რომელსაც ჯიბეში უდევს საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მის ხუშტურებს ასრულებს, გენერალურ პროკურორის სახით, ეროვნული ბანკის სახით, პარლამენტის სახით. საქართველოში ჩამოყალიბდა მონების ხროვა, ცხვრების ფარა, რომელიც ემორჩილება ყოჩს - ივანიშვილს. სამწუხაროდ, ამაში ჩაეწერა ყველა, კვალიფიციურიც და არაკვალიფიციურიც - კვალიფიციური ჩუგოშვილიც, ნაკლებკვალიფიციური მათიკაშვილიც და პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იდიოტია, შს მინისტრი რომელიც კაციჭამიაა და ა.შ. ახლა არსებობს ივანიშვილის სახელობის რაღაც შპს საქართველო. თუმცა ესენი ვერ გადაწყვეტენ საქართველოს ბედს.

ეს ივანიშვილს მოუტანს საშინელ დამარცხებას. არ ვიცი, კერძოდ რომელი დიქტატორის ბედი უნდა გაიზიაროს, მაგრამ დაადგა ძალიან მოლიპულ გზას. შევარდანაძესავით ვერ დაამთავრებს - ან გაქცევა მოუწევს, ან გამომშვიდობება თავის მილიარდებთან, ან ციხეში ჩაჯდომა. ასეთი უსამართლობების წყება ჩვეულებრივ ამ მთავრდება-ხოლმე. მომხრეები ხომ ჰყავს „ქართულ ოცნებას", თვალს ნუ დაიბრმავებენ. ვერ დაინახეს ხო ბავშვებს თვალები რომ დათხარეს?! გავიგეთ, რომ მოეწონათ და კაციჭამიობა შეუძლიათ, მაგრამ მთლად ნუ გაიგიჟებენ თავს და ყველაფერში ნუ წაჰყვებიან. ეს კაცი უკვე იძირება, იძირება ეს ხომალდი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია