შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქუთაისის ბიუჯეტის როგორც ხარჯვით, ასევე შემოსულობით ნაწილში პრობლემები შეიქმნება"

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 11 ოქტომბერი 2018

"დარწმუნებული ვარ,  შეიქმნება პრობლემები, როგორც ხარჯვით, ასევე შემოსულობით ნაწილში"–ამგვარია ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პროგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს დეპუტატებს ბიუჯეტის ცხრა თვის ანგარიში ჯერ არ უნახავთ, ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის შესრულების მხრივ პრობლემები შეიქმნება და თუ ეს თვლასაჩინო არ გახდება, მხოლოდ იმიტომ, რომ თანხების ხელოვნური გადათამაშება მოხდება. 

 "ნიუპრესი" დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის შესრულება და მთავარ ფინანსურ დოკუმენტში რა ხარვეზებს ხედავს პოზიცია და ოპოზიცია. 

რადგან მერიაში ცხრა თვის მონაცემებს ჯერ კიდევ  აჯამებენ, დეტალური ინფორმაცია არ აქვთ საკრებულოს კომისიებში, თუმცა მიმდინარე პროქტების შესრულებიდან გამომდინარე, ოპოზიციას პროგნოზის გაკეთება არ უჭირს. 

საკრებულოს "ევროპული საქართველოს" წევრის მერაბ მეშველიანის განცხადებით, 6 თვის მონაცემებში უკვე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რაც აისახება როგორ 9 თვის,  ასევე წლის მონაცემებში. მეშველიანის თქმით, მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მოვალეობის მოხდის მიზნით შეგდენილი უფროა, რეალურად კი, ბიუჯეტის შესრულებას მხრივ გარკვეული პრობლემებია. 

"ცხრა თვის ანგარიში არ გვინახავს, ჯერ არ შემოსულა საკრებულოში. რაც შეეხება 6 თვეს, შემოვიდა, თუმცა კომისიურად და საკრებულოს სხდომაზე განხილვა არ ყოფილა. მივიღეთ დოკუმენტის სახით და ვთვლი, რომ ეს იყო შედგენილი მხოლოდ ციფრებთან ლოგიკური მიდევნების გამო, რომ მერე, წლის ბოლოს ანგარიში დაესვათ. ეს იყო შესრულება შესრულებისთვის და რეალურად, იყო ხარვეზები. მე გავიარე ეს დოკუმენტი კომპეტენტურ პირებთან და მათ აღნიშნეს, რომ იყო რიცხვების გადათამაშება, რაც წლის ბოლოს გამოჩნდება. პირადად მე მქონდა შენიშვნა სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, დიდი თანხებია აქ მოცემული. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, ვთვლი, რომ შერულების მხრივ, იქნება ხარვეზები. ხარჯვითი ნაწილი ისეთია, რომ შეიძლება ციფრების დადება, თუმცა თვალშისაცემია ხელფასები. ბიუჯეტის 40% მიდის ხელფასებზე.  ახლა ვადევნებთ თვალს, რომ ააიპებში გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა.  რეორგანიზაციის შემდეგ დაინიშნა ახალი კადრები, რაც გამოიწვევს ხელფასების ზრდას.  ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც მერიას თანხის გაცემა არ ენანება, რადგან, რეალურად ეს ადამიანები საარჩევნო რესურსია.  გაჭიანურებულია პროექტები, ეს არის მერიის არასწორი მენეჯმენტის შედეგი. ამიტომ ბიუჯეტზე მუშაობისას გასათვალისწინებელია,  როგორც დაგეგმვა,  ისე შესრულების ნაწილი, რომ ბოლოს პრობლემა არ იყოს",-განაცხადა მერაბ მეშველიანმა. 

წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულებაზე აპელირებს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე. ის შემოსულობის ნაწილში აქცენტს პრივატიზებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ გარკვეული პრობლემები უკვე არის.  მისი თქმით,  ხარვეზებია ხარჯვით ნაწილშიც.

"დარწმუნებული ვარ,  შეიქმნება პრობლემები, როგორც ხარჯვით, ასევე შემოსულობით ნაწილში. თვალნათლივ ჩანს ყველაფერი.  პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს, ვერ სრულდება ვადებში. ბიუჯეტის  შესრულება მარტო ფინანსურ შესრულებას არ გულისხმობს, არამედ შინაარსობრივ შესრულებასაც.  თუმცა, დარწმუნებული ვარ, ათვისებაშიც პრობლემა იქნება. შემოსავლის ნაწილზე განსაკუთრებით პრობლემაა პრივატიზაციაზე. მგონი, წლის ბოლოს დასაკორექტირებელი იქნება ეს ნაწილი. რეალურად, ხარვეზებით მიმდინარებს, ვერ ვისაუბრებ, რისი ბრალია, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის თუ ვალუტის გაუფასურების, მაგრამ რეალურად, პრობლემაა და არ იყიდება ქონება. ამ ხარვეზების გამო ბიუჯეტის შესრულების მხრივ პრობლემები შეიქმნება", -განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

საკრებულოს უმრავლესობაში ანგარიშის ნახვის გარეშე ბიუჯეტის შესრულების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

თუმცა ოპოზიციის მოლოდინებს არ იზიარებს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე. მისი თქმით, ცხრა თვის ანგარიშზე მუშაობა ამ დროისთვის მიმდინარეობს, თუმცა არსებული მონაცემები მას დადებითი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. ნიშნიანიძის განმარტებით, ყველა ნაწილში კარგი შესრულებაა და რაიმე შეფერხება წლის ბოლოსაც არ იქნება. 

"შემოსულობების ნაწილში, ჯამური შემოსავალი გვაქვს 49  206 000 ლარი,  დაგეგმილი 66  363 600 ლარიდან. აქ ძირითადად ყველა ნაწილში გეგმით მივყვებით.  ორ თვეში რამე ჩამორჩენა არ გვექნება. შეუძლებლია ბიუჯეტი ერთი ერთში დააჯინო, მაგრამ არ ველოდებით ხარვეზებს, ზოგი პროგრამა გადაჭარბებით შესრულდება. პრივატიზების მხრივ დღეის მდგომარეობით 2 740 000 ლარია შემოსული, მაშინ როცა 3 550 000 ლარია გეგმა.  ამ ტემპით თუ წავალთ, შეფერხება არ მოხდება. ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, 10 მილიონი დახარჯული გაქვს ინფრასტრუქტურაზე, ბევრი პროექტის  შესრულების შესწავლა ახლა მიმდინარეობს. პროექტებზე, გადაცილება სადაცაა მიმდინარეობს დაჯარიმება და ბიუჯეტი არ დაზარალადება, პირიქით რამდენიმე ათასი ემატება.  ამ მონაცემებით, შეიძლება ვთქვათ, რომ წლის ბოლოს არანაირი შეფერხება არ იქნება"-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ. 

ქუთაისის ბიუჯეტი თავდაპირველად 54 მილიონს შეადგენდა.  მიმდინარე წელს ბიუჯეტში 6 ცვლილება შევიდა და რეგიონული განვითარების ფონდის გადმორიცხული თანხით და ეკონომიებით 66 363 600 ლარი გახდა. მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით თითქმის განახევრდა რეგიონული განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხა და დაახლოებით 9 მილიონი გახდა. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილით ინფრასტრუქტურული პროექტები მოეწყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია