შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგანგაშო არაფერია, ლარი გამყარდება — ფინანსთა მინისტრი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40262 
 01 აგვისტო 2019

"საგანგაშო არაფერია, ლარი გამყარდება, ყველა იყოს წყნარად", — ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ქრონიკასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ლარის გამყარების შესახებ იციან როგორც მსხვილმა ბიზნესებმა, ისე ბანკებმა.

"მსხვილმა ბიზნესმა ეს იცის. საქართველოში ნებისმიერ ბანკს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მათ იციან, რომ ლარი გამყარდება. ეს იციან იმ უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებები იყიდეს", — აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. მისი განცხადებით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული და ეს მოვლენა ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ნეიტრალური, საშუალო დონის ექსპერტი, რომელიც არ არის ანგაჟირებული პოლიტიკურად, ვერ მოიტანს ვერც ერთ მაგალითს ან ფისკალურ ან მონეტარულ პოლიტიკაში, რამაც ხელი შეუწყო ვალუტის გაუფასურებას.

"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და, ასევე, მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბოლო თვეებია ლარი თავისივე ანიტრეკორდებს ხსნის, ბოლო 10 დღის განმავლობაში კი მუდმივად უფასურდება. დღეს, 31 ივლისს ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 2 თეთრით და ერთი დოლარი 2,9718 ლარი გახდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია