შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობის საყურადღებოდ

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 12 ნოემბერი 2018

2018 წელს აზიური ფაროსანას აღმოსაჩენად როგორც  ქალაქში, ასევე სხვადასხვა სოფლებში მავნებლის მოზიდვის მიზნით,  დამაგრდა 60 ცალი ფერომონი.

მთელი ზაფხულის განმავლობაში, ტარდებოდა მონიტორინგი აზიური ფაროსანას გამოსავლენად. თუმცა ზემოთ აღნიშნული მავნებელი არსად არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ გააქტიურდა ფაროსანას სხვა სახეობები, რომლებიც აზიანებენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

შემოდგომის დადგომისთანავე ფაროსანები იწყებენ დასაზამთრებლად მზადებას. ისინი იზამთრებენ საცხოვრებელ სახლებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულში, სხვენზე და ფანჯრის ღრიჭოებში. ასევე ბაღებში და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ.

ფაროსანებთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არის ბრძოლის მექანიკური მეთოდი.

მოსახლეობას მინდა გავაცნოთ ფაროსანებთან ბრძოლის რამოდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება მათი რიცხოვნობის შემცირებაში.

დავამზადოთ მარტივი კონსტრუქციის მუყაოს თავშესაფარი, რომელშიც შეგვიძლია მოვათავსოთ დაჭმუჭნული ქაღალდი, კვერცხის ჩასალაგებელი მუყაოს ფირფიტები, ძველი ნაჭრები.

ასე დამზადებული მუყაოს ყუთები უნდა დავდგათ საცხოვრებელი სახლების და მისი დამხმარე ნაგებობების მახლობლად, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით. რამოდენიმე ხნის შემდეგ ერთად თავმოყრილ ფაროსანებს მექანიკურად ვანადგურებთ.

ასევე მარტივია უკვე სახლებში შესული ფაროსანების დაჭერა.

სანათურს ვტოვებთ ანთებულს და ქვეშ ვუდგავთ ჯამს, რომელშიც ვაფენთ ფოლგის ქაღალდს და ვასხავთ საპნიან წყალს. ღამით შუქზე მისული ფაროსანა ცვივა წყალში და იხოცება.

უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომაზე განადგურებული ერთი ფაროსანა მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას ნიშნავს.

მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ გარდა აზიური ფაროსანისა, არსებობს ფაროსანების სხვა უამრავი სახეობები, ამიტომ მუნიციპალიტეტში ბოლო დროს გამოჩენილი მწვანე, შავი, მუქი ყავისფერი ფაროსანა არ ნიშნავს, რომ  ისინი აზიური ფაროსანებია.

აზიური ფაროსანა, რომელიც ყველაზე დიდი მავნეობით გამოირჩევა, აზიანებს 300-მდე სხვადასხვა სახეობის ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ადამიანის ვალია.

ლია ბეჟანიშვილი

ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს

ბოლნისის ოფისის ფიტოსანიტარ-ინსპექტორი


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა