შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შრომის ინსპექტორი: მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23942 
 20 აგვისტო 2019
შენობა, საიდანაც 16 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, ბაკურიანში, „კოხტა დეველოპმენტის“ დაკვეთით შენდება. მრავალსართულიან სასტუმრო „კოხტა–მიტარბში“, სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ანაგი“ ახორციელებს. იგი შენობის კარკასს აშენებს. კომპანია „ანაგის“ მუშის გარდაცვალების მიზეზად, ტექნიკის არასწორად მართვას ასახელებენ და ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო: "„ამწეკრანს“ აჰქონდა ტვირთი, ტვირთმა წამოსდო ამ ადამიანს და გადმოაგდო. საკითხი მოკვლევაშია და ვსწავლობთ, ჩვენც, პოლიციაც და შრომის ინსპექციაც. მოაჯირები, ფენილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გვქონდა. დამცავი ბადე არ იყო, მაგრამ ეს ბადე ადამიანებისთვის არაა, ეს არის იმისთვის, რომ სამშენებლო მასალები არ ჩამოცვივდეს", - ამბობს კომპანია „ანაგის“ შრომის უსაფრთხოების უფროსი, ბადრი გელაძე.მისივე განცხადებით, ტვირთის ატანის საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს: „ტვირთის ატანის პროცესში ან „ავტოამწეკრანის“ ოპერატორმა დაარღვია წესი, ან ე.წ. მეისრემ. აქ უსაფრთხოების ნორმის დარღვევასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ უშუალოდ, ამწის მართვასთან“, - ამბობს ბადრი გელაძე.„კოხტა-მიტარბის“ კარკასის მშენებლობაზე 56 წლის მუშა სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი ოჯახის წევრები ერთ ბრიგადად მუშაობდნენ: „ბიძა, ძმები, შვილი, სიძე ერთად მუშაობდა. შვიდი-რვა წელია ეს ბრიგადა მოგვყვება ჩვენ, საკმაოდ გამოცდილი ბრიგადაა“.მუშის გარდაცვალების შემდეგ, მშენებარე ობიექტზე შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ზომების შესამოწმებლად, მოკვლევა „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა“ დაიწყო. მათი ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე, არც უსაფრთხოების ნორმები იყო დაცული და არც შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობდა.„იყო ადგილები, სადაც არსებობდა სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე და არ იყო შესაბამისი მოაჯირები და უსაფრთხოების ბადეები. ადგილზე არ იქნა წარმოდგენილი საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების ჟურნალი, არ იქნა წარმოდგენილი სამაშველო გეგმა და საგანგებო სიტუაციებში სამოქმდო გეგმა, ასევე ისტრუქტაჟების თემატიკა წარმოდგენილი იყო არასრულყოფილად და არ ასახავდა სრულ ინფორმაციას“, - განმარტა "შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის" წარმომადგენელმა მაია მიქაიამ.შეუსაბამო პირობების გამო, ინსპექციამ ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო: „როდესაც ინსპექცია ამოწმებს ობიექტს და ხედავს, რომ არის კრიტიკული შეუსაბამობა, ამასთან ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მყისიერად უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ინსპექცია არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ“.დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „ანაგმა“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი იმ დღეს დანიშნა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა: „ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ობიექტს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი არ ჰყავდა და თვალის ასახვევად გადადგა ეს ნაბიჯი კომპანიამ. გარდა ამისა, ჩვენ შემსწრე პირებს არ გავსაუბრებივართ. აღმოჩნდა, რომ ჩვენ როცა ჩავედით, ისინი არ იმყოფებოდნენ ადგილზე. კონკრეტულად დეტალებზე საუბარს იქამდე ვერ დავიწყებთ, სანამ თვითმხილველებს არ გამოვკითხავთ“.დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მშენებლობა იქამდე არ განახლდება, სანამ დამსაქმებელი ოქმში ჩაწერილ დარღვევებს სრულად არ აღმოფხვრის და შესაბამის დოკუმენტაციას დეპარტამენტში წარადგენს. ამის შემდეგ, ობიექტზე არსებულ მდგომარეობას შრომის ინსპექტორები ხელახლა შეისწავლიან.ბაკურიანში, 16 აგვისტოს სასტუმრო „კოხტა-მიტარბის“ მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 56 წლის კაცი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინაშარიძეებში ცხოვრობდა.[თორნიკე ზაზაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია