შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილს ახლა მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი აქვს, როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება- ექსპერტები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40788 
 23 აგვისტო 2019

ბიძინა ივანიშვილის დაპირებები პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ- რას ასრულებს ივანიშვილი? „ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას ერთწლიანი ვადა სთხოვა და განაცხადა, რომ 2019 წელს ის, როგორც მედიაში, ასევე პარტიასა და ქვეყანაში ყველაფერს დაალაგებს. რას ასრულებს ივანიშვილი? როგორც ანალიტიკსოები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ყოფილ პრემიერს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე სრულიად სხვა წარმოდგენა აქვს. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მისი ნათქვამი ნაწილობრივ მუქარანარევი გაფრთხილებაც იყო, რისი შესრულებაც დაიწყო.

მათი აზრით, ივანიშვილი ხელისუფლების შესანარჩუნებლად  არაფერს არ დაერიდება და მისთვის ამ მიზნის შესრულებაში ხელის შემშლელი პირებიც გამოჩდნენ. პირველ რიგში ეს იყო „რუსთავი 2“ და ის ბიზნესმენები, რომლებიც მის მორჩილებაში არ იმყოფებიან. ამის ნათელი მაგალითი კი ერთდროულად ორი კურდღლის მოკვლის მცდელობაა. ივანიშვილი ანალიტიკსოების აზრით, თავიდან იშორებს ბიზნესმენებს, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანაში მესამე ძალა შექნას. ასევე გუნდიდან მოიშორა ის წევრები, რომლებიც მის ბრძანებებს უსიტყვოდ არ ასრულებენ. 

რას დაპირდა ივანიშვილი საზოგადოებას  2018 წლის 23 ოქტომბერს, ხმაურიანი ინტერვიუს მსვლელობისას. „ოცნების“ თავმჯდომარემ პირველ რიგში პირობა დადო, რომ  მაქსიმუმ ერთ წელიწადში „რუსთავი 2“ სიცრუის გავრცელებას ვეღარ მოახერხებდა.

„ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა."

მისი თქმით, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ. 

„მე დავბრუნდი პოლიტიკაში, სამწუხაროდ. მე მოვახერხებ, რომ ვერტიკალი გუნდში გავამყარო, გუნდში ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ. პარტიაც გაძლიერდება და  მოვახერხებ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში  ყველას თავისი სახელი ერქმევა, ყველას თავისი ადგილი ექნება. ამას არ დასჭირდება ბევრი დრო. „რუსთავი 2“ ვერ შეძლებს, საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს, ასეთ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება.  რაც გააკეთეს 9 წლის მმართველობის დროს, დღესაც ცდილობენ, ისევ ძალადობისა და სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, “პირველ რიგში მაქსიმალურად გაამყარებს საკუთარ გუნდს”.

„მე ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი უპირატესობა, რითაც წარმატებას მივაღწიე. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. ამისთვის  მოვბრუნდი სწორედ, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის ირაკლი ჩიხლაძის კითხვას - “რა კეთდება ქვეყანაში და რა გაკეთდება, რომ ნეგატივი იყოს ნაკლები?” - ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა.

“ნეგატივი საიდანაც მოდის, მიგანიშნებთ მე თქვენ. დღეს რომ გამორთო „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავ. რაც გადმოდის „რუსთავი 2“-იდან  სიცრუე. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს, ეს არის ნორმალური ყველა სახელმწიფოში. შეიძლება გადაცდომებიც იყო. თუ სუბელიანის თემა მოგინდებათ კარგი მაგალითია და ამისთვისაც მზად ვართ. არავინ ზოგავს ხელისუფლების წევრებს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე ივანიშვილს არასწორი დიაგნოზი აქვს დასმული. ამბობს, რომ ოლიგარქიული სისტემის მმართველობის პირობებში ივანიშვილს ახლა მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი აქვს, როგორ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ხოლო დასაჯოს ყველა ის პირი, რომელიც ამ მიზნის შესრულებაში ხელს შეუშლის. 

„მისგან სზოგადოება იმას კი არ მოელის, რომ „ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნა რაღაცნაირად გაუხანგრძლივოს, არამედ პირიქით, ხალხს უნდა, რომ  პარტიამ შედეგი დადოს. აჩვენოს ხალხს, რომ ხელისუფლების მმართველობაზე პასუხისმგებელი ეს გუნდია. ბუნებრივია ამ სიტუაციაში საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ ივანიშვილი ამ ერთ წელს ხალხის კეთილდღეობის  გასაუმჯობესებლად გამოიყენებდა, ნუ ნაბიჯებს მაინც გადადგამდა. 

თუმცა რას ვხედავთ მისი დაპირებიდან ნახევარი წლის ან თუნდაც რვა თვის შემდეგ? მისი გაცხოველებული მცდელობა მოიშოროს ყველა კონკურენტი, იქნება ეს მედია სივრცეში თუ ბიზნესში. გადაწყვიტა ყველა ის ადამიანი გაანეიტრალოს, ვინც მის პარტიას ხელისუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ხალხის დაკვეთა კი ეს არ არის. ძალიან კარგად გვახსოვს იგივე გზა სააკაშვილმა 2012 წელს გაიარა. ისიც ვნახეთ, როგორ დაასრულა“, - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, რელურად საქართველოში ყველა რეჟიმი, რომელიც ასე ხელოვნურად იბრძვის  იმისთვის, რომ ძალაუფლება მეორე ვადის გასვლის შემდეგ  გაიხანგრძლივოს, ცუდად ამთავრებს. ივანიშვილი ვერ ითვალსიწინებს ერთ მთავარ საკითხს. იმას რასაც მედიაში, პოლიტიკურ წრეებსა თუ ბიზნესმენებთან მიმართებაში აკეთებს, საზოგადოებაში აგრესიას და პროტესტს უფრო ზრდის. ხალხი როდესაც ხედავს, რომ დაპირების შესრულებას ივანიშვილი თავისი პარტიის სასარგებლად აკეთებს და არა საზოგადოების, ის ყველაფერს აგრესიის სახით უკან მიიღებს. 

იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს ასეთი მარტივი მოსაგვარებელი არ არის. პრობლემების მოსაგვარებლად ერთი წელი კი არა, არამედ გეგმაზომიერი და მწყობრი მოქმედებებია საჭირო, რომელსაც გამოცდილი გუნდი განახორციელებს. ამას კი 3-4 წელი სჭირდება. ამიტომაც ალაფიშვილს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ დაპირებულ ერთ წელში ივანიშვილი ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვანს გააკეთებდა და შეცვლიდა. 

„ამ ერთ წელში თუ ივანიშვილს რამის გაკეთება უნდოდა, მაშინ შეეძლო, რომ ბიუროკრატია დაეპატარავებინა და ხარჯები შეემცირებინა. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი ფულით შენახული საჯარო სამსახურში მომუშავე ხალხი პოლიტიკურად მისთვის მომგებიანია, ამიტომ ეს ცვლილებებიც არ განახორციელა. ჩვენი ფულით ამ ხალხის ლოიალობას ყიდულობენ. ივანიშვილი ახლა იგივე გზით წავიდა, როგორსაც  2012 წელს სააკაშვილი დაადგა. 

ვადის ბოლოს, ყველა მმართველი ძალის მხარდაჭერა და ნდობა დაღმავალია. ამიტომაც ყველა ცდილობს, რომ ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს და საზოგადოებას ემიჯნება. ივანიშვილიც ახლა ამ სიტუაციაშია. მისივე გუნდის მიერ ამ ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვა ვერ მოხდა. ამიტომაც ივანიშვილს პოლიტიკაში უკან დაბრუნების კონკრეტული მიზანი ჰქონდა, რომ პარტია დაელაგებინა. პარტიის  დალაგებით კი ქვეყანა არ ლაგდება. მითუმეტეს იმ პარტიის, რომლის რეიტინგიც საზოგადოებაში კატასტროფულად კლებადია“, - აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“. 

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა