შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილისათვის გადაცემა არ იგეგმება"

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 14 ნოემბერი 2018

ქუთაისის მერიას ტერიტორიის უკან გადმოცემის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსათვის არ მიუმართავს- ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის საკრებულოში განუცხადეს. ამასვე ადასტურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

საქმე ეხება 2016 წელს ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემულ შერვაშიძის ქუჩაზე მდებარე დაახლოებით 240 606 კვ. მეტრ ფართობ მიწის ნაკვეთს, სადაც სოლიდური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთი ქალაქს ისევ უკან უნდა დაბრუნებოდა. საკითხთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია" ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება თაღლითობასა და ამომრჩევლის მოტყუებაში დაადანაშაულა. შუშანიასვე განცხადებით, მიწის მისაკუთრებით დაინტერესებულია პირადად ბიძინა ივანიშვილი და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ მიწას მისთვის გადასაცემად ამზადებს.

ქუთაისის მერიაში გადაცხადეს, რომ ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ამით საკითხზე საუბარი დაასრულეს. რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს, აქ განგვიმარტეს, რომ ეკონომიკის სამინისტროსათვის მიმართვის საჭიროება არ არსებობდა, რადგან პირობის თანახმად, თუ ადგილზე ინვესტიცია არ განხორციელდებოდა, მიწის ნაკვეთი ისევ ქალაქის განკარგულებაში უნდა გადმოსულიყო.

"2016 წლის 21 მარტის N 244 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა. მოთხოვნას თან ერთვოდა შპს "აია ინტერტაიმენტის' მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პაკეტი. თუმცა ამავე განკარგულების მე-2 მუხლის საფუძველზე თუკი ინვესტორი არ შეასრულებს ეკონომიკის სამინიტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ქუთაისის მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდეს ქალაქს. განკარგულების შესაბამისად საკითხის კონტროლი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის ვალდებულებაა. ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რომელიმე სხვა ინვესტორზე მიწის ნაკვეთიას გაყიდვა ამ ეტაპზე არ განიხილება"-განაცხადეს ქუთაისის საკრებულოში.

ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსაც მივმართეთ. როგორც ნიუპრესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განუმარტეს, "უძრავი ქონების ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად საჭიროა მათი მხრიდან მომართვა, რაც დღეის მდგომარეობით, სააგენტოში არ ფიქსირდება. მომართვის შემთხვევაში სააგენტო განიხილავს მიწის ნაკვეთის დაბრუნებას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას".

უწყების განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე 2016 წელს გადმოეცა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, თუმცა, დღემდე არ მომხდარა უძრავი ქონების განკარგვა, შესაბამისად, ვერ იარსებებს რაიმე სახის საინვესტიციო ვალდებულებები.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში უარყოფენ ბრალდებას, რომ ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილისათვის გადაცემა იგეგმება. - "ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საპრივატიზებოდ მომზადების პროცედურები და განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა, ეკონომიკის სამინისტრო უძრავ ქონებას რომელიმე ბიზნეს სუბიექტისთვის გადასაცემად ამზადებს არ შეესაბამება სიმართლეს"- განუცხადეს "ნიუპრესს".

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია