შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სად აშენდება ძაღლების თავშესაფარი გურჯაანში უკვე გადაწყვეტილია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 16 ნოემბერი 2018
2019 წელს გურჯაანში უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარი აშენდება. დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ის ადგილი მოინახულეს, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამისათვის გურჯაანში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგელიას თქმით, ცხოველთა თავშესაფრების პროექტირება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
„დავიწყოთ იქიდან, რომ მუნიციპალური ფონდი გეგმავს 2018 წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ცხოველთა თავშესაფარის პროექტირებას და შემდეგ უკვე მშენებლობას. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ დონორები მოგვეძიებინა , პროექტირებაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. დღეს დავათვალიერეთ შერჩეული ადგილი. აქ მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი, დასაქმდება მოსახლეობა და ის პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, გადაიჭრება. 2019 წელს დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რომელიც ორ-სამ თვეს გასტანს . ამის შემდეგ ტენდერი უკვე უშუალოდ მშენებლობაზე გამოცხადდება.“

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ეს არის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.
„მხოლოდ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, 2017 წელს, ძაღლებმა, დაახლოებით 326 ადამიანი დაკბინეს, მათგან ორასზე მეტი ბავშვია. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა ყველა მუნიციპალიტეტს აწუხებს.
ჩვენ მივმართეთ არასამთავრობო სექტორსაც , რომელიც გამოგვეხმაურა და მოვამზადეთ გარკვეული ხედვა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემის გადაჭრის გზები. მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდმა აიღო ეს ვალდებულება. თავშესაფრის ამოქმედების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაცული იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება და ამავდროულად, ცხოველები გაივლიან მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ პროცედურებს. ვფიქრობ, ამ კუთხით სწორი და ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგა.“

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპატრონო ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ თანხის სიმცირის გამო ხელშეკრულებაზე ხელი აღარ მოაწერა.
2019 წელს კი, აღნიშნული თავშესაფრის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის თანხას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი გაიღებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება