შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში არასამთვრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს, ამომრჩევლის აქტივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 16 ნოემბერი 2018
ცენტრალურმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, მიუხედავად არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობისა, არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნა. ამიტომ ეს დღე უქმედ გამოცხადდა. „რატომ უნდა გამოცხადდეს უქმე დღედ ოთხშაბათი, როდესაც არის შაბათი და კვირა?! თან ისედაც ბევრი უქმეები გვაქვს ქართველებს, ამასთან ერთად, შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა ამომრჩევლის მონაწილეობას შეამცირებს. ჯერ ისეც დაბალი აქტივობაა–ხოლმე და ახლა უარესი იქნება“,– ამბობს "სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის" ხელმძღვანელი გურამ ჯინჭველაძე.მის პოზიციას იზიარებს ასოციაიცია „ტოლერანტის“ დირექტორი ცირა მესხიშვილი: „კარგი იქნებოდა არასამუშაო დღეს რომ ყოფილიყო არჩევნები, რადგან, მაგალითად, ის ვინც თბილისში მუშაობს და რეგიონიდან არის, ძალიან გაუჭირდება რეგიონში წასვლა და ხმის მიცემა. რთული იქნება არჩევნებზე მისვლა ემიგრანტებისთვისაც. ფაქტიურად ხმების გარკვეული ნაწილი იკარგება“. „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე ფიქრობს, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გამიზნულად დაინიშნა: „ყველა ღონეს ხმარობს მმართველი გუნდი იმისთვის, რომ როგორმე იმოქმედონ შედეგებზე, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ როგორც ემიგრანტების, ისე კერძო სექტორში მომუშავეების ხმები დაიკარგება“. სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნას აპროტესტებენ ახალციხეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. „25 ნოემბერი თემირლან მაჩალიკაშვილის, ხოლო ორი დეკემებრი დათუნა სარალიძის მკვლელობებს ემთხვევა და არ უნდათ, რომ არჩევნები ამ დღეებში გაიმართოს. ორივეს მკვლელობა პირდაპირ მთავრობასთან არის დაკავშირებული, ამათ ისე მოსდით „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“, – აცხადებს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე.„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ფიქრობს, რომ შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგაა მიმართული: „ეჭვგარეშეა, რომ ოპოზიციურ კანდიდატს ხმები დააკლდება, რადგან ბევრი ვერ მივა ამ დღეს არჩევნებზე. ამ გზით მმართველი ძალა სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს“.მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ არჩევნების შუა კვირაში დანიშვნა პრობლემას არ წარმოადგენს: „როგორც ცნობილია, სამუშაო დღეს ჩვენს ქვეყანაში არჩევნები ჩატარებულა აქამდეც, შესაბამისად პრობლემას მე ვერ ვხედავ“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა. თუმცა, გასულ წლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიცია არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით, განსხვავებული იყო. ამის შესახებ საუბარი 2013 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო. მაშინ არჩევნები 27 ოქტომბერს კვირა დღეს ჩატარდა, თუმცა მანამდე თარიღი ორჯერ შეიცვალა. 2013 წლის 1 ივლისს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილმა არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერ შეარჩია. იმავე დღეს, სამ საათში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ თავდაპირველი თარიღი შეცდომით გამოცხადდა და არჩევნები 31 ოქტომბერს ხუთშაბათ დღეს ჩატარდება, რაც საპარლამენტო უმრავლეოსბისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.„ამ ნაბიჯით სააკაშვილმა არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა და აჩვენა მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, არამედ უგულებელყო ქართული ემიგრაციის ინტერესები, რომლებმაც იმის გამო, რომ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, შესაძლოა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ", – აცხადებდა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი.შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღედ 28 ნოემებრი, ოთხშაბათი დღე დაასახელა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება