შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საქართველოს ბანკი" 5-სულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს ართმევს-საგინაძეებთან დღეს სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41833 
 10 ოქტომბერი 2019

 

საქართველოს ბანკმა 8, 400 ლარად აუქციონის წესით შეძენილ სახლში 45 ათასს ითხოვს-საგინაზეების 5 სულიან ოჯახს ქუჩაში დარჩენა ელოდება

. საგინაძის ოჯახს, რომელიც ოზურგეთში, სულხან საბას ქუჩაზე ცხოვრობს, დღეს "საქართველოს ბანკისა" და სახელმწიფო სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლები სახლიდან გამოსახლების მიზნით დილიდანვე მიადგნენ. ოჯახის ქალბატონი კი, ნერვიულობის ნიადაგზე იმდენად ცუდად გახდა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

"მაღალი წნევა აქვს და გულის პრობლემა. აუცილებელია, ამ ქალბატონის საავადმყოფოში გადაყვანა, რომ თავიდან ავიცილოთ გარეთულებები, თუმცა არ მოგვყვება. ხელს მოგიწერთ, რომ უარს მე ვამბობო. ძალით წაყვანის უფლება არ გვაქვს, არადა მდგომარეობა არის საკმაოდ რთული"-გვითხრა სასწრაფოს ექიმმა. 

ბანკი ოჯახს 45 ათასი ლარს სთხოვს. სხვა შემთხვევაში კი, საცხოვრებელი სახლის დაცლას. 

როგორც ადგილზე მისულ "გურიის მოამბის" წარმომადგენლებს უთხრეს, დავა საგინაძეებსა და ბანკს შორის 2008 წლიდან მიმდინარეობს. სახლი აუქციონზე სამჯერ გაიტანეს, ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. საბოლოოდ 8,400 ლარად "საქართველოს ბანკის" მიერ შეძენილი უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლის სახით. ავტ) დღეს უკვე 45 ათას ლარად შეფასდა: 

"სახლი სამჯერ გაიტანეს აუქციონზე და ამის შსახებ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით. არავის ჩვენთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. საერთოდ, ჩვენი სახლი, ჩემმა მამამთილმა მისი მეგობრის თხოვნით ჩადო ბანკში 2008 წელს. ბიზნესის წამოწყება უნდა იმ კაცს და გამოიტანეს 16 ათასი ლარი. ჩვენ ვიცოდით, რომ ის კაცი ფულს იხდიდა, რადგან არც არავის შევუწუხებივართ და არც ბანკიდან დაგვკავშირებია ვინმე, რომ სახლის დაკარგვის საფრთხე გვქონდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ 8.400 ლარად გაიყიდა აუქციონზე და შეიძინა ბანკმა. ახლა ითხოვენ სანაცვლოდ 45 ათასს ლარს. საიდან მოვიტანოთ ამხელა ფული? სამი შვილით ქუჩაში დავრჩთ? ის კაცი, ვინც ფული გამოატანინა ჩემს მამამთილს, სადღაც გაქცეულია. ჩემი მამამთილი სოფელში ცხოვრობს, პენსიონერია და მას რა შეუძლია ახლა? არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს თავზე, მე და ჩემი ოჯახი დავზარალდით მხოლოდ"-გვითხრა ოჯახის დიასახლისმა, . საგინაძემ.

რაც შეეხება ოჯახის უფროსს, . საგინაძეს, დავის დასასრულებლად, ის მზად არის უახლოეს პერიოდში ბანკს 16 ათასი ლარის სანაცვლოდ, 30 ათასი გადაუხადოს, რაზეც ბანკისგან თანხმობა ვერ მიიღო. 

ადგილზე მყოფი სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელი ქალბატონის თქმით, ისინი კანონს ვერ დაარღვევენ და დაჯამებულ 45 ათას ლარზე ქვემოთ ვაჭრობას ვერ დაიწყებენ: "ბანკს არა აქვს უფლება არაკანონიერად მოიქცეს. თუ ამბობთ, რომ 30 ათასის გადახდას მოახერხებთ, აგერ თქვენი ახლობლებიც ამბობენ, რომ დაგეხმარებიან, მაშინ შეიტანეთ 45 ათასი"-უხსნიდა ქალბატონი ოჯახის წევრებს. 

რაც შეეხება "საქართველოს ბანკის" იურიდიული სამსახურის წარმომადგენელს, ის "გურიის მოამბეს" ვერ პასუხობს, მიიღო თუ არა შტყობინება ოჯახმა სახლის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით: "არ ვიცი, ვერ გეტყვით, სახლი აუქციონზე ბანკს არ გააქვს, სააღსრულებლო აკეთებს ამას და ალბათ მიუვიდოდათ შტყობინება"-გვითხრა ბანკის წარმომადგენელმა. 

ადგილზე მყოფი სააღსრულებლოს წარმომადგენელი ახალგაზრდა მამაკაცი კი გვარწმუნებდა, რომ სახლის აუქციონზე გატანის შსახებ ინფორმაციას არა მესაკუთრეს, არამედ იმას გაუგზავნიდნენ, ვინც საგინაძეებს სახლის დაგირავება სთხოვა. 

_ იმ კაცის სახელი და გვარი არსად არ ფიგურირებს, მესაკუთრე, საგინაძეა და იმას რატომ უნდა დაკავშირებოდნენ? და თუ მართლაც ასე იყო, იმ კაცს რატომ არ სთხოვთ თანხის უკან დაბრუნებას?-დასმულ კითხვაზე პასუხი აღარ მიგვიღია. 

ოჯახის ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც მათი სახლის გირაოში ჩადება ბიზნესის აწყობის მიზნით ითხოვა, დაბა ნარუჯაში მცხოვრები . ჭელიძეა, რომელსაც თავადაც გააჩნია უძრავი ქონება, სამსართულიანი სახლის სახით, თუმცა, მისი ოჯახი პასუხისმგებლობას თავს არიდებს და საგინაძეებს ურჩევენ პასუხი თავად მსესხებელს  მოსთხოვონ. 

„კაცი გვარწმუნებდა, ნუ გეშინიათ, ვერავინ ვერ მოვა თქვენთან, ფული მაქვს და მივცემ და დასრულდება ყველაფერიო და... არც სასამართლო სხდომებს დავსწრებივართ იმის იმედით, რომ პრობლემა არ შეგვექმნებოდა, ასეთი ფაქტის წინაშე არ დავდგებოდით , მაგრამ სულ არ ვიცით ახლა სადაა ეს ჭელიძე. ცოლი ვაჭრობს და მე სულ არ ვიცი არაფერიო, შვილმა მე არ მაინტერესებს, ფული ჩემთვის ხომ არ მოგიციათო? სახლი აქვს კაცს სამსართულიანი, მიწა, მოსავალი და სახლიდან ჩემს შვილს აგდებენ. ამათმა იმ თანხიდან ერთი თეთრი მოიხმარეს? ისე, ყველაფრის ღირსია კაცი სხვას რომ სახლს ბანკში ჩაუდებს“...გვითხრა მ. საგინაძის მამამ.

საბოლოოდ, აღსრულებამ დღეს გამოსახლება მინიმუმ ერთი კვირით, მაქსიმუმ კი, 5 თვით გადადო, როგორც იქ აღნიშნეს ოჯახის ქალბატონის მძიმე მდგომარეობის გამო. დაიხევს თუ არა "საქართველოს ბანკი" უკან, რომ ოჯახის შეთავაზების გათვალისწინებით, 8.400 ლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი, 30 ათასად გამოისყიდოს უკან, ამაზე ინფორმაციის მიღებას კი, ოჯახის წევრებისგან მაშინ შვძლებთ, როცა კონკრეტული შედეგი დადგება

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება