შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს, 21 ნოემბერს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში დაიბარეს. ნაწილი ამბობს, რომ შეხვედრაზე ტაქსების რეგულაციის საკითხზე იმსჯელეს, ნაწილის თქმით, მათ არჩევნებზე მხარდაჭერა სთხოვეს. მერიაში კი ირწმუნებიან, რომ შეხვედრა საპარკინგე ადგილების დახაზვის საკითხს ეხებოდა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 21 ნოემბერი 2018
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში მდგარი ტაქსების მძღოლები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ნაწილ–ნაწილ დაიბარეს. ზოგი ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში 15:00 საათზე, ზოგი კი 16:30 საათზე მივიდა. „ტაქსის რეგულაციებზე დაგვიბარეს. თბილისში რომ შემოვიდა, ასე იქნება აქაცო. ცოტა ხანში იქნება და მოემზადეთო. მერის მოადგილეს შევხვდით, არ ვიცი სახელი და გვარი. მეტი მე არაფერი ვიცი“, – ამბობს ერთ–ერთი ტაქსის მძღოლი, რომელიც ახალციხის მერიის შენობიდან გამოვიდა. ასევე, ერთ–ერთი ტაქსის მძღოლი, რომელიც დღეს მერიაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ შეხვედრაზე მეორე ტურის შესახებ ესაუბრნენ: „გვითხრეს, ხომ იცით ახლა ტაქსების რეგულაციები შემოდის, ჩვენ არ გვინდა, რომ ამით შეგზღუდოთ, ამიტომ თქვენც დაგვიდექით არჩევნებზე გვერდითო“. შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს მერიაში მყოფმა სხვა მძღოლებმა: „შვიდი კაცი ვიყავით სულ მისული. ასე 12:00 საათისთვის მოვიდა ერთი კაცი, გვითხრა მერიაში გიბარებენო და ჩვენც მოვედით, მეტი არაფერი ვიცი“. ქალაქში ტაქსის მძღოლების უმეტესება აცხადებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად შეხვედრაზე არ მივიდა, რადგან მათ ვერ აუხსნეს ის, თუ რატომ იბარებდნენ: „მერიიდ ნუგზარ თამარაშვილი იყო მოსული, გვითრა მოდით და იქ აგიხსნიან ყველაფერსო. მე არ მივსულვარ, არც ჩემს გვერდით მდგომი ტაქსისტები წასულან“, – გვითხრა ერთ–ერთმა მათგანმა. ნუგზარ თამარაშვილი ახალციხეში მერის წარმომადგენელია. მან შეკითხვაზე, თუ რის შესახებ იმართებოდა დღეს შეხვედრები მერიაში, გვიპასუხა: „პრესსამსახურს დაურეკეთ და იქ დეტალურად მოგახსენებენ შეხვედრის მიზეზებს“. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლებს ქალაქში გზების დახაზვის საკითხზე ესაუბრნენ: „ქალაქის განვითარების თემასთან დაკავშირებით მუშაობს მერია, პარკინგები უნდა დაიხაზოს და ტქსისტებთან ერთად გავდივართ ამ საკითხს”. შეკითხვაზე, ქალაქში პარკინგისთვის დასახაზ ადგილებს აქამდეც ათანხმებდნენ თუ არა ტაქსების მძღოლებთან, ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიპასუხეს: „ აქამდე არ ვიცი ასე აკეთებდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვათანხმებთ მათთან. ახალი გზაა დაგებული და ახალი პარკინგები კეთდება. ტაქსისტები მთელ ქალაქში დგანან და მათი აზრი მნიშვნელოვანია“. მერიაში გვითხრეს, რომ დღეს ტაქსის მძღოლები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს და მერის მოადგილეს რუბენ კარაპეტიანს შეხვდნენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
საზოგადოება