შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აფხაზი და ოსი ახალგაზრდები უფასო კურსებს თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 22 ნოემბერი 2018
თბილისი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. სიახლე როგორც ეთნიკური ქართველების, ასევე ოსი და აფხაზი ახალგაზრდების თბილისსა და ზუგდიდში გადამზადებას გულისხმობს. კერძოდ, მსურველებს სახელმწიფო უფასო და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, იგეგმება მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც.

პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედდება.

„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად, ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელსაც სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან სხვადასხვა უნივერსიტეტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ და მსგავსი პროგრამა მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები