შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვის აეკრძალება აზარტული თამაშები და რატომ არ იხილავს პარლამენტი ლუდომანიის კანონს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42224 
 31 ოქტომბერი 2019

ხვალ, 1-ელ ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აქციას გამართავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე „ჰოთნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა დაიწყოს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ლუდომანიით (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) დაავადებული ადამიანების პრობლემის შესახებ მომზადდა და 9 თვეა, თაროზეა შემოდებული.

თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანონპროექტზე, რომელიც აზარტული თამაშების რეგულაციას ეხება, მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის დროს შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, საპატრიარქოს წარმომადგენლობა და ყველა აღამსრულებელი ინსტიტუცია. საკანონმდებლო დონიდან კი ჩართული იყო პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი: „ეს კანონპროექტი 6-თვიანი შრომის შედეგადაა მიღწეული, რომელიც გამყარებულია ეკონომიკური კვლევით, სამართლებრივი, დემოგრაფიული, ფსიქოთერაპიული კუთხით. თუ ამ პროექტს განიხილავენ, ეშველება ქვეყანას“.

ჯაფარიძე ასევე, განმარტავს, რომ კანონპროექტის მთავარი მოთხოვნებია საჯარო მოხელეებისთვის, სახელმწიფო სუბსიდიებიდან ვინც დახმარებას იღებს, მათთვის აზარტული თამაშების აკრძალვა. ასევე, ასაკობრივი ცენზის დაწესება, რომ 25 წლამდე ადამიანს აზარტულ თამაშებში ჩართვა აეკრძალოთ; სარეკლამო რგოლების შეზღუდვა და განრიდების, „გაშავების“ პრინციპი, რაც ჯაფარიძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ლუდომანიის უმძიმესი სენითაა დაავადებული, მისი ოჯახის წევრს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს, რომლის განჩინებით, ლუდომანს 3 წლის მანძილზე აეკრძალება აზარტულ თამაშებში ჩართვა როგორც ონლაინ, ასევე რეალურად. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საზოგადოებაში აზარტული თამაშების პრობლემის შესახებ განგაშის ზარია შემოსაკრავი, რადგან მისი ორგანიზაციის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით აზარტულ თამაშებში 700 000 ადამიანია ჩართული, ხოლო 3 თვეში ამ პრობლემის გამო 17-მა ადამიანმა დაასრულა სიცოცოხლე სუიციდით. თამარ ჯაფარიძე „ჰოთნიუსს“ უყვება, რომ მასთან ზარები არ წყდება, მას უამრავი ადამიანი უკავშირდება როგორც დიდი ქალაქებიდან, ასევე რეგიონებიდან და თავად ლუდომანები, ასევე მათი ოჯახის წევრები ითხოვენ დახმარებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ადამიანებისთვის არაფერს აკეთებს და დროა, ხელისუფლებამ მოახდინოს აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების აღრიცხვა, შექმნას სტატისტიკა და ამის შემდეგ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ლუდომანები შეძლებენ სარეაბილიტაციო კურსის გავლას. თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ირგანიზაციაში ლუდომანებს უსასყიდლოდ ემსახურებიან ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ასევე ჩართულნი არიან სასულიერო პირები, თუმცა, ჯაფარიძის თქმით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანების რეაბილიტაციაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მითუმეტეს მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგაზნიაციამ ლუდომანია ისეთივე დაავადებად გამოაცხადა, როგორიც, მაგალითად, ნარკოდამოკიდებულებაა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „პირველი არხის“ ტელეოპერატორმა, სანდრო ბერაძემ თავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა. თამარ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ორგანიზაციაში სანდრო 8 თვის წინ მივიდა, ის აცნობიერებდა საკუთარ დაავადებას და ითხოვდა შველას, თუმცა, პრობლემას ვერ გაუმკლავდა და გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.  

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია