შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსამართლის დედამთილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მუშაობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 24 ნოემბერი 2018

მოსამართლის ოჯახის წევრი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მუშაობს და კარდაკარ ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ხმებს აგროვებს.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძის დედამთილი - გულიკო ჭარბაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის კოორდინატორია და ადგილობრივ მოსახლეობას აგრესიული ფორმით სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს და ემუქრება.

მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ მთავარი საარჩევნო დავა განიხილა. მან ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოთხშაბათს გამართვა ძალაში დატოვა.

მოახდინა თუ არა მოსამართლის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ოჯახის პოლიტიკურმა აქტიურობამ, ამ კითხვის დასმის გამო, კურიერის გადამღებ ჯგუფს გულიკო ჭარბაძემ შეურაცხყოფა მიაყენა.  

მოსამართლის მეუღლის საცხოვრებელ სახლის ღობეზე სალომე ზურაბიშვილის დიდი პლაკატია გაკრული. ნინო ბუაჩიძის დედამთილი ამბობს, რომ მთელი ოჯახი ყოველთვის მხარს ხელისუფლებას უჭერს და ტრადიციას არც ამ შემთხვევაში ღალატობენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ საკითხი პრობლემურია და მოსამართლეს საარჩევნო დავის განხილვა თავიდან უნდა აეცილებინა.

არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ გულიკო ჭარბაძეს ხელში საარჩევნო კომისიის სამაგიდო სია აქვს. კურიერის ინფორმაციით, ის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს და ყველა დოკუმენტზე წვდომა აქვს.

რუსთავი2-ის ჟურნალისტი კითხვების დასასმელად ქართული ოცნების ოფისში მივიდა, თუმცა, მათ გადამღებ ჯგუფს შენობის კარი დაუხურეს. მათი თქმით, არჩევნების წინ დახურული თათბირი მიმდინარეობს და ჟურნალისტებისთვის არ ეცალათ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში დახურულ შეხვედრას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.

თათბირის დეტალებზე საუბარი კობა ლურსმანაშვილმა არ ისურვა, სამაგიეროდ განაცხადა, რომ რძალი ოჯახის წევრი არ არის და ამიტომ გულიკო ჭარბაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან ნინო ბუაჩიძეს კავშირი ვერ ექნება.

ხარაგაულის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან კი დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლე ნინო ბუაჩიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ავტორი-ეკა გიგაური

"რუსთავი 2"

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია