შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ადმინისტრატიული რესურსის გამოყენება, დაშინების შემთხვევები, აგრესია, სიძულვილის ენა, ეს შეშფოთებას იწვევს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 29 ნოემბერი 2018

აუცილებელია ამ არჩევნების მიღმა გავიხედოთ - საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს, - ამის შესახებსაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ჰარცელმა იმ საკოორდინაციო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ყველა ელჩი და აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა. ევროკავსირის ელჩმა აღნიშნა, რომ მათი შეხვედრა არჩევნებთან დაკავშირებით შედგა. ჰარცელმა შეხვედრის საბოლოო შედეგები კი ჟურნალისტებს გააცნო.

 

„შეშფოთებით ავღნიშნავთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა მიმართ არასათანადო ზეწოლის შემთხვევებზე, რაც მეორე ტურში შესამჩნევი გახდა. ვწუხვართ საერთო ნეგატიური კამპანიის, მედიის მკვეთრი პოლარიზაციის და ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობის გამო, რამაც შეზღუდა საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევანის გაკეთების პროცესში. მკაცრად ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, ძალადობის მუქარას და სიძულვილის ენას საარჩევნო კამპანიის დროს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ გასული კვირების მოვლენებზე დაყრდნობით დასკვნები გამოიტანონ. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებზე. ის, რაც მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას სრულიად სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ინსტიტუციებს, გამოასწორონ ეუთოს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები, რათა სამომავლოდ საარჩევნო სტრუქტურა გაუმჯობესდეს. ასევე, აუცილებელია ამ არჩევნების მიღმა გავიხედოთ – საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს. გავიხსენოთ, რომ რაც ამ მოსახლეობას აერთიანებს, ბევრად უფრო ძლიერი და მძლავრია, ვიდრე ის, რაც მის გაყოფას ოდესმე შეძლებია. ევროკავშირი და აშშ, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორები და მეგობრები, მზად ვართ დახმარებისთვის და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების მეტად განვითარებისთვის. მაღალ ამბიციებს მაღალი სტანდარტები განაპირობებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

კარლ ჰარცელს ასევე შეკითხვით მიმართეს ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ნაწილისთვის სესხების განულების საკითხზე. „რაც შეეხება სესხების ჩამოწერას, არის განცხადებები, რომ ეს არ შეესაბამება კონკრეტულ რეგულაციებს, თუმცა ვინაიდან ეს მიმდინარე პროცესია, ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რა ინტერპრეტაციას მისცემს მას სასამართლო.

როდესაც საქმე ეხება ადმინისტრატიული რესურსის გამოყენებას, დაშინების შემთხვევებს, აგრესიას, სიძულვილის ენას, ეს შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც საქართველომ წინსვლა რომ განაგრძოს, მნიშვნელოვანია ამ პრობლემების გამოძიება, რათა მომავალი არჩევნების დონე უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია