შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აფხაზმა მოხალისეებმა გალის არქიტექტურული ძეგლების რუქა შეადგინეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 01 დეკემბერი 2018
გალის არქიტექტურული ძეგლების და ღირსშესანიშნაობების რუქის პრეზენტაცია გაიმართა სოხუმში. აფხაზი მოხალისეების ჯგუფი სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ამ ტერიტორიაზე ძეგლებს იმ მიზნით, რომ შეექმნათ გალის ისტორიულ-კულტურული ობიექტების რუქა. პროექტი განხორციელდა აფხაზეთის „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელობით. ამ ხნის მანძილზე მათ აღწერეს და რუქაზე დაიტანეს 20 არქიტექტურული ობიექტი, 10 კი ქალაქსა და სოფლებში მდებარე ძეგლები.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის, კულტურის დე ფაქტო სამინისტროს წარმომადგენლის, შანდორ კაიტანის განცხადებით, ისინი გალის სხვადასხვა ტერიტორიაზე შვიდჯერ ჩავიდნენ, შეკრიბეს ფოტო და ვიდეომასალები, ციხესიმაგრის ნაშთი, ეკლესიები, არქიტექტურული და სამრეწველო ობიექტები.

პროექტის ავტორთა თქმით, გალში ისტორიული ძეგლების ფიქსაციის იდეა შემთხვევით არ გაჩენილა. მოხალისეთა აზრით, აფხაზეთის სწორედ ეს რაიონია ნაკლებად შესწავლილი ისტორიული და არქეოლოგიური თვალსაზრისით.

„ეს რაიონი პრაქტიკულად შეუსწავლელია. როცა ჩვენ ექსპედიციით წასვლა გადავწყვიტეთ, წავაწყდით ინფორმაციის პრობლემას. ისტორიული წყაროები არქეოლოგიური ობიექტების შესახებ ან ქართულ ენაზეა, ან საერთოდ არ იყო. ამიტომაც, თითოეული ეს ობიექტი პრაქტიკულად ჩვენ თავიდან შევისწავლეთ და ამ ყველაფერს აფხაზი მეცნიერების მონაცემებს ვადარებდით“, - აღნიშნა ისტორიკოსმა და პროცესების მონაწილე ინა ჟურავლევამ.

მისი თქმით, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა შესასწავლად ჭუბურხინჯი, სადაც მოხალისეებმა აღმოაჩინეს ამ დრომდე შემონახული აქირთავას საგვარეულო ტაძარი. ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ ეკლესიის ეზოში მართლმადიდებელ წმინდანთა ხატებს ნახავთ, რაც მიუთითებს შემდეგს - ადგილობრივი მცხოვრებლები განაგრძობენ წინაპართა ტრადიციებს.

ეზოში მოხალისეებმა ასევე აღმოჩინეს სარიტუალო დანიშნულების თიხის ჭურჭელი ღვინისთვის. მათ მოსახლეობამ უთხრა, რომ ეს იმ ადამიანთა ნივთებია, რომლებმაც საკუთარი სახლები 90-იანი წლების ომის შემდეგ დატოვეს. მანამდე ჭურჭლები ეკლესიაში მიიტანეს, რადგან ჩვეულების თანახმად, არ შეიძლებოდა მათი მეთვალყურეობის გარეშე დატოვება.

პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს რუქაზე დაეტანათ ასევე ქალაქ გალში მდებარე შენობები, ხის ნაგებობები, რომლებსაც ისტორიული ღირებულება აქვს.

რუქის გადაცემა დე ფაქტო კულტურის სამინისტროსთვის იგეგმება. ეს იმისთვის, რომ მკვლევარებმა და არქეოლოგებმა ისინი საფუძვლიანად შეისწავლონ. ამბობენ, რომ მასალების გამოყენებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან შიშობენ, ისინი არ მოხვდეს იმ ადამიანთა ხელში, რომლებმაც შეიძლება ეს ყველაფერი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

პროექტის ავტორთა ცნობით, ამის თქმის საფუძველს აძლევთ ის, რომ ცალკეულ ადგილეში უკანონო გათხრები მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ობიექტების აფხაზეთის საზღვრებს გარეთ გატანაც კი გამოიწვიოს. მოხალისეები გეგმავენ მიმართონ „ხელისუფლებას“ სანქციების დაწესების თხოვნით იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსგავს ქმედებებს ახორციელებენ.

ინფორმაციას „აფხაზია ინფორმი“ ავრცელებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია