შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების" დეპუტატი: "ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 01 დეკემბერი 2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას საერთაშორისო დამკვირვებლებმა არა ერთხელ ახსენეს სიტყვა შოკი, ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა და ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა. 
ითქვა ისიც, რომ ამ არჩევნებზე მთლიანად წაშლილი იყო ზღვარი პარტიასა და ადმინისტრაციულ რესურსს შორის და რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები საქართველოში. 
 მწვავე იყო შეფასებები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. 
უარყოფითად შეფასდა წინასაარჩევნო გარემოც, სადაც სხვა სახის დარღვევების გარდა,  ხაზი გაესვა სიძულვილის ენის გამოყენებას.
"განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო უარყოფითი, ხისტი და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკა, რაზეც არც ერთ სახელმწიფო უწყებას რეაგირება არ მოუხდენია;

კამპანიის მიმდნარეობისას დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები და გაკეთდა განცხადება რამდენიმე სოციალური და ფინანსური პროგრამის დაწყების შესახებ;

600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ სამთავრობო ინიციატივა, რაც შეიძლება  ხმების მოსყიდვის ფაქტად ჩაითვალოს.

ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებამ და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე კონტროლმა წარმოშვა დაშინების საფუძველი, როცა ამომრჩეველს გაუჭირდებოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთება;

მეორე ტურისთვის შენარჩუნდა ფინანსურ შემოწირულობებს შორის მკვეთრი უთანასწორობა, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ"-ვკითხულობთ საერთაშორისო  დამკვირვებლების მიერ მომზადებულ შეფასებებში.

ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დასავლეთმა ამ შეფასებებით საქართველოს მთავრობას ფაქტობრივად წითელი აუნთო. 

მიუხედავად ასეთი კრიტიკული შეფასებებისა, ოზურგეთში მიაჩნიათ რომ არჩევნები ობიექტურად და დემოკრატიულად ჩატარდა, ამას საკრებულოს დეპუტატების ის ნაწილი ამბობს, რომელიც "ოცნებას" წარმოადგენენ და აღნიშნავენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. 

"გურიის მოამბემ"  მეორე ტურთან და ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ დაპირებასთან დაკავშირებით, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს  საკრებულოს წევრების შეფასებები მოისმინა: 

ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარე, დავით დარჩია:  „გამოვხატე ჩემი აზრი, ფეისბუქზეც დავწერე ,დევს და ნახეთ, მივულოცავ ოზურგეთლებს, ვუსურვებ წარმატებებს. რაც შეეხება კითხვას ივანიშვილის ახალ დაპირებასთან დაკავშირებით, დარჩიამ ეს ნაწილი უპასუხოდ დატოვა.

დავით ჭაკნელიძე, დეპუტატი ("ოცნება")-"აჩევნები ჩატარდა სამართლიანად და მშვიდ გარემოში. არანაირ დარღვევას და ექსცესებს  ადგილი  ჩვენს საარჩევნო უბანზე არ ჰქონია. რაც შეეხება დაპირებებს,“ ქართული ოცნება“ ტყუილად არ იძლევა და შეასრულებს ყველაფერს, რაც დაჰპირდა ხალხს.

ლევან კილაძე ,საკრებულოს დეპუტატი ("ოცნება")-არჩევნები ჩატარდა უაღრესად დემოკრატიულად და ჩემი სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.  მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს ეს გამარჯვება. მე არ წამიკითხავს არსად უცხოელი დამკვირვებლების შეფასება, ვერც უარვყოფ და ვერც დავეთანხმები მათ მოსაზრებას. მაგრამ მე წავიკითხე საფრანგეთის, უკრაინის და სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტობის მილოცვების წერილები..."ქართული ოცნება" ყველა თავის წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს.

მიხეილ გოგოტიშვილი "ევროპული საქართველო": „არჩევნები მიმდინარეობდა ტოტალური გაყალბების ფონზე, ხალხის მოსყიდვა არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ სახელმწიფო დონეზე. ვალების ჩამოწერის საკითხი. ასევე, შეინიშნებოდა კრიმინალების მოძრაობა ადგილზე, მოსყიდვა და დაშინება.  ხელისუფლებამ მოპარა ხალხს გამარჯვება. ეს უკვე ბოლო ნდობაა ხელისუფლების. არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია ოცნებას, მე არ ველოდები არც  ამ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას.

ლელა საჯაია, "ოცნება":  „არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ობიექტურად. მოსახლეობის ყველა ფენას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეხატა თავისი ნება და ვფიქრობ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არჩევნები საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, დაიგეგმა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. ყველა ადამიანმა შიშის გარეშე დააფიქსირა თავისი პოზიცია. მე ვფიქრობ, უფრო კარგი საარჩევნო გარემო გველოდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ამომრჩეველს აქვს მაღალი მოთხოვნები და ხელისუფლებას სჭირდება გაცილებით მეტი ძალისხმევა, ახლოს იყოს ხალხის მოთხოვნებთან და დაინახოს ეს ყოველივე. ამომრჩეველს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება, თუ არ სრულდება დაპირებები, ამას ვერ დაუკვეთავ. საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერება არის უმთავრესი ამოცანა, ასევე უმუშევრობის შემცირება, ბიზნესის განვითარება, რაც გარანტიაა სამუშო ადგილების შექმნის".

დავით მამალაძე, "ლეიბორისტული" პარტია:  "არჩევნებმა ჩაიარა ტოტალური მოსყიდვის და შანტაჟის ფონზე. ის, რა მეთოდებსაც "ნაც მოძრაობა" იყენებდა 9 წლის მანძილზე, ყველა გამოიყენა ხელისუფლებამ. არანაირი დაპირება არ შესრულდება. გაგრძელდება შიმშილი, სიღარიბე, სიღატაკე, მდიდრები უფრო გამდიდრდებიან. ტერიტორიების აღიარება წავა. დაიშლება ქვეყანა სამ ნაწილად. სახელმწიფოებრიობა ჩამოიქცევა. ამ ყველაფერში „ოცნებას“ ხელი შეუწყო „ნაციონალურმა“ მოძრაობამ და მისმა ლიდერებმა. ხალხმა არჩევანი გააკეთა შიშსა და სიძულვილს შორის. ანუ ბოკერია, სააკაშვილი სძულდა და ეშინოდა, ხოლო ივანიშვილი სძულდა ,მაგრამ ეს შიში რომ მოიხსნა, ამიტომ გაიმარჯვა ბიძინამ და მისმა უსახურმა კანდიდატმა“

შოთა გოგიბერიძე "პატრიოტთა ალიანსი": „მე ვფიქრობ, პირველი ტური იყო გამოსაფხიზლებელი ხელისუფლებისთვის და დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო. ეს არჩევანი იყო ლოგიკური, ქვეყანა არ უნდა დაბრუნებულიყო უკან და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ. აქ მთავარი იყო არ დაბრუნებულიყო ძველი ძალა. ცივი შხაპი მიიღო ოცნებამ პირველ ტურში და თუ არ განახორციელებს თავის დაპირებებს და ეკონომიკურ პროექტებს თუ ჩააგდებს, მოსახლეობა აღარ აირჩევს. ვნახოთ, აგერაა საპარლამენტო არჩევნებიც მომდგარი კარს“.

ლევან მგელაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი:  „ეს არჩევნები დემოკრატიისკენ უკან გადადგმული ნაბიჯია, უპრეცედენტო ზეწოლით და გაყალბებით მიმდინარეობდა, ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. ხალხის მესიჯი მიღებული აქვს ოცნებას და თუ უნდათ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მიაღწიონ გამარჯვებას, აუცილებლად უნდა შეასრულონ ეს დაპირებები , ამის რესურსიც აქვთ და ახლა უკვე სურვილიც“

დავით მჟავანაძე, „ნაციონალური მოძრაობა“: „ქართულმა ოცნებამ“ და კრიმინალებმა ერთობლივად განახორციელეს სპეცოპერაცია ქართველ ხალხზე და დანაშაულებრივად წაართვეს არჩევანის უფლება , პრეზიდენტად გაიყვანეს რუსეთის ჯაშუში, ქვეყნის მოღალატე, რომელიც ამბობს, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ. არა მგონია მისი პრეზიდენტობა რამეში წაადგეს ქვეყანას, პირიქით, დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის. მე არ მახსენდება არც ერთი დაპირება, გარდა დამნაშავეების და კრიმინალების ციხიდან გამოშვებისა, შეესრულებინოს „ოცნებას“. მხოლოდ ეს დაპირება შეასრულეს პირნათლად. შესაბამისად, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებები განხორციელდეება“

ცნობისთვის: ოზურგეთში სასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩევლის 60%-მა მიიღო მონაწილეობა. 

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების- 64,39%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 35,61% მიიღო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია