შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარტიის განცხადება რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 01 დეკემბერი 2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტს.



“რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ჟურნალისტებისგან მისი ოფისის დატოვებას ითხოვს მას შემდეგ, რაც მას დაუსვეს კითხვა, საიდან ფინანსდება მისი ორგანიზაცია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებზე ასობით დამკვირვებელი მიავლინა.



არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება აღარ მისცეს და ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ტელეკომპანიის ცნობით, დაზიანებულია აპარატურა.



საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ. ყოველი ასეთი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება და დამნაშავე პირების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ და აუარესებს სამუშაო გარემოს.



არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც საჯარო უწყებები, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ უზრუნველყონ გამჭირვალობა და ითანამშრომლონ მედიასთან. ამასთან, მათ ხელი უნდა შეუწყონ მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.



იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი პროფესიული ეთიკის წესებს ან/და კანონით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები. დაუშვებელია ძალადობა და თავდასხმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია