შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დავფიქრდეთ, ნუ გავანადგურებინებთ ქვეყანას ამ სიძულვილს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 02 დეკემბერი 2018

ურთიერთსიძულვილმა უკვე 90-იანების მასშტაბებს მიაღწია და გონიერი ხალხი თუ არ ჩაერია ამაში, ძალიან ცუდად დასრულდება.
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, მერე ეს გადავა სამსახურებში, უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში და წალეკავს ქვეყანას ლაგამაყრილი ზიზღი და ბოღმა. ვერაფერი გააჩერებს ამ ტალღას, სანამ ღუმელში ავარდნილი ალივით ყველაფერს ბოლომდე არ დაწვავს და გაანადგურებს. მტერი კი იმისია, რომ შეეცდება რაც შეიძლება მეტი ქართული შეშა შეუკეთოს ამ ცეცხლში, რომ საბოლოოდ არაფერი დარჩეს დასაწვავი.
სად გაგონილა პოლიტიკის გამო ადამიანების დაპირისპირებაო - იტყვიან მავანნი. ყველგან მოსულა, მთელ მსოფლიოში და ჩვენც იგივე მოდგმას მივეკუთვნებით, ადამიანთა უბადრუკ და ამავე დროს დიდებულ მოდგმას.
ნორმალურ ქვეყნებში დაპირისპირებულთა პრიმიტიული სისასტიკე გადამუშავდება და ორთქლად გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე. სწორედ ეს არის პოლიტიკის მთავარი დანიშნულება, რომ ადამიანთა მეტნაკლებად ერთნაირად მოაზროვნე ჯგუფებს მისცეს საკუთარი ხმის გასაჯაროების საშუალება და ეს ხორციელდება პოლიტიკური წარმომადგენლების საშუალებით. სწორედ ამიტომ მიისწრაფვიან დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები დაბალანსებული პოლიტიკური ველისაკენ, რადგან თუ ხალხის მნიშვნელოვან მასას წარმომადგენლობას არ მისცემ, მაშინ მათი ჩახშობილი შინაგანი ხმა გადავა ბოღმაში, ზიზღში, აგრესიასა და სისასტიკეში და საბოლოოდ დაანგრევს საზოგადოებას და ქვეყანას. ვერავინ გაანეიტრალებს ამ ძალას, ვერავინ ჩაახშობს და გაანადგურებს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დუღილი, მით უფრო მეტი სიმძლავრით აფეთქდება ბოლოს გავარვარებული ქვაბი. ასე აფეთქდა 2003-ში, მერე 2012-ში, ზუსტად ანალოგიური მიზეზის გამო და გარდაუვალად აფეთქდება კიდევ მალე, მაგრამ მანამ კიდევ ბევრი ქართველი ჩაიწვება ამ სიძულვილის ცეცხლში.
ამიტომ არ შეიძლება პოლიტიკის მოკვლა. პოლიტიკა კი მაშინ კვდება, როცა ხალხს წარმომადგენელს უსპობ ოფიციალურ ასპარეზზე. მაშინ პროცესები უპირობოდ გადავა ქუჩაში და მერე ისევ დაიწყება ზიზღისა და სიძულვილის პერპეტუუმ მობილე.
საქართველო 90-იანებიდან ჩაება უკვე ამ გამანადგურებელ ციკლში და ვეღარ გამოდის.
დავფიქრდეთ, ნუ გავანადგურებინებთ ქვეყანას ამ სიძულვილს. გამარჯვებული არ ეყოლება ამ დაპირისპირებას. გონიერო ადამიანებო ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, მიაწვდინეთ თქვენიანებს ხმა რომ პოლიტიკა უნდა გავაცოცხლოთ საქართველოში და ეს გაცოცხლება მხოლოდ ბალანსირებული პოლიტიკური ველის შექმნითაა შესაძლებელი. დავფიქრდეთ ყველანი! სადღაც უნდა მოვრიგდეთ, თორემ ..."

წერს სოციალურ ქსელში ქართველი ექიმი, ამერიკაში მოღვაწე , მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი- ზურაბ გურული

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა