შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახიფათო, დანგრეული, მიტოვებული - მატარებლის მოსაცდელები

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 10 დეკემბერი 2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ათზე მეტი მატარებლის მოსაცდელია, მათ უმეტესობას ეს სახელწოდება უბრალოდ შემორჩა და ადგილობრივებიც ასე მოიხსენიებენ, თორემ მოსაცდელს არცერთი აღარ ჰგავს და მატარებელსაც იქ დიდი ხანია აღარავინ ელოდება.

ყველაზე მთავარი კი ამ ამბავში ის არის, რომ ეს ე.წ მოსაცდელები დაზიანებული და საფრთხის შემცველია, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს და ადამიანი იმსხვერპლოს.
ყველა მოსაცდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზეა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო აძლიერებს. მიმდებარედ ხშირად გადაადგილდებიან და თამაშობენ ბავშვებიც.


სოფელ დვირში ნანგრევებად ქცეულმა ბაქანმა ფუნქცია წლების წინ დაკარგა, აქ დიდი ხანია სამგზავრო მატარებელი აღარ დადის. ლიანდაგზე იშვიათად მოძრაობს სატვირთო მატარებელი, ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ აქ მამაკაცი ჩავარდა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.






მოსაცდელი სოფელ დვირში

დვირისგან და კიდევ რამდენიმე სოფლისგან განსხვავებით სამგზავრო მატარებელი დადის სოფელ ყვიბისში და ხალხი მას მოსაცდელზე თითქმის ყოველთვის ელოდება, აქ მატარებელი დღეში ოთხჯერ გაივლის. ადგილობრივები სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობას ხელმისაწვდომი ფასის გამო არჩევენ. ყვიბისიდან თბილისში ჩასვლა ერთი ლარი ღირს, რაც დედაქალაქში წასასვლელად ყველაზე იაფი გზაა.




ყვიბისში მცხოვრებლები ბოლო წლებია მოსაცდელის რეაბილიტაციის ნაცვლად მის დემონტაჟს ითხოვენ. ნანგრევებად ქცეული შენობის კედლების შლასთან ერთად ადგილობრივები დიდ საფრთხეს ხედავენ.





მოსაცდელი სოფელ ყვიბისში

ბორჯომში მატარებლის ყველა მოსაცდელი საქართველოს რკინიგზის ბალანსზეა, შესაბამისად აღდგენის თუ დემონტაჟის გადაწყვეტილებაც ამ უწყებამ უნდა მიიღოს. ბორჯომის მერიამ, საქართველოს რკინიგზას, ყვიბისში არსებული ავარიული მოსაცდელის გამო არაერთხელ მიმართა. ბოლო წერილი უწყებაში მუნიციპალიტეტის მერის სახელით თებერვალში გაიგზავნა, წერილში ხაზგასმულია ის, რომ შენობა საფრთხის შემცველია და სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.




საქართველოს რკინიგზას მიმართა ტელეკომპანია „ბორჯომმაც“, როგორც ჩანს ყვიბისში მოსაცდელის რეაბილიტაცია იგეგმება, მაგრამ კონკრეტულად როდის აღდგება მოქმედი ბაქანი რთული გასარკვევია, რადგან ტენდერი მომავალ წელს უნდა გამოცხადდეს

ბაქანი ყვიბისი-ს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით თავდაპირველად მიმდინარეობდა პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, სამწუხაროდ პროექტი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ არასრულყოფილი სახით წარმოგვიდგინა, რის გამოც ვერ მოხერხდა ტენდერის გამოცხადება სარემონტო სამუშაოებზე.
წლის ბოლომდე ველოდებით განახლებულ პროექტს, რის შემდეგაც 2019 წელს ბაქანი ყვიბისის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესასრულებლად გამოცხადდება ტენდერი.“ - ამბობენ საქართველოს რკინიგზაში


საქართველოს რკინიგზა ყვიბისთან ერთად სხვა სადგურებზე დაგეგმილ სამუშაოებზეც გვაწვდის ინფორმაციას

„მიმდინარე წელს დასრულდა ბაკურიანის სადგურის ბაქნისა და სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები, ასევე მომზადდა წაღვერის და ცემის სადგურების სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც 2019 წელს იგეგმება წაღვერის სადგურის რეაბილიტაცია ასევე მომზადებულია აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიხვა სოფელ ტბის მოსაცდელზე და უახლოეს პერიოდში დაიწყება სარემონტო სამუშაოები“






ასეა თუ ისე  ბორჯომში არსებული მატარებლის მოსაცდელები სავალალო სანახავია.  ბორჯომელები იმედოვნებენ, რომ  შესაბამისი და პასუხისმგებელი სტრუქტურები, პრობლემის აღმოფხვრაზე ზრუნვას დააჩქარებენ და უბედურ შემთხვევას არ დაელოდებიან.






სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება
ტელეკომპანია ბორჯომი

საქართველოში გლოვის დღეა

საზოგადოება
საზოგადოება