შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლაში, მართლმადიდებლური სამლოცველოსთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი. აქ როგორც მასწავლებლები, ასევე, მოსწავლეებიც ლოცულობენ. იურისტები აცხადებენ, რომ სკოლაში სამლოცველოს ფუნქციონირება კანონით იკრძალება, სასწავლებლის ადმინისტრაცია კი კომენტარს არ აკეთებს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 დეკემბერი 2018
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პირველ სართულზე, ერთ–ერთ ოთახში მართლმადიდებლური ხატებია გაკრული, მოწყობილია სასანთლე და კანდელი. აქვე აწყვია ლოცვის წიგნებიც. კარზე კი გაკეთებულია წარწერა – „სამლოცველო“ . „როცა სალოცავში შევდივარ და ვლოცულობ მათემატიკაში და ფიზიკაში კარგ ნიშნებს ვიღებ“, – ამბობს მეექვსე კლასის მოსწავლე ნუგი გოხაძე. შესვენებების დროს სალოცავში ხშირად შედის მერვე კლასის მოსწავლე ნინო მოთიაშვილი: „ვისაც გვინდა დასვენებების დროს შევდივართ და სანთლებს ვანთებთ“.თანასკოლელებისგან განსხვავებით, სამლოცველოში არასდროს შედის მეცხრეკლასელი თიკო ანდღულაძე: „ვიცი, რომ სკოლაში გავქვს ეს ოთახი. არ მაქვს სურვილი შევიდე. ვისაც უნდა დადის“. სამლოცველო ოთახი სკოლაში ხუთ წელზე მეტია არსებობს. კონკრეტულად როდის და ვისი ინიციატივით მოეწყო, ამაზე სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ საუბრობენ. „სამლოცველო“ მანამდე ფუნქციონირებდა ვიდრე მე დირექტორი გავხდი. როდის გაიხსნა არ ვიცი“, – გვითხრა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ.მან ჩვენი შეკითხვები, იმასთან დაკავშირებით არის თუ არა ეს კანონიერი, ან გეგმავს თუ არა სამომავლოდ სამლოცველოს გაუქმებას, უპასუხოდ დატოვა: „სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაგვიანდება“. მასწავლებლები კი აცხადებენ, რომ სკოლაში სამლოცველო ოთახის ფუნქციონირება მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს. „მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან ბავშვები სხვადასხვა საგანს. მგონია, რომ თუ სამლოცველოდან რომელიმე მოსწავლე ჰუმანური გრძნობით დატვირთული გამოვა და იფიქრებს, დღეს ყველაფერი კარგად მექნებაო, დამერწმუნეთ ასე ის სხვა მოსწავლეებთანაც დააბალანსებს ურთიერთობას, ყოველ შემთხვევაში თვითონ არავის ძალადობას არ ეცდება და ხელსაც არ შეუშლის სასწავლო პროცესს“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტეტრატურის პედაგოგი თეა ზაზაშვილი და ამატებს, რომ თავად პირჯვარს ყოველდღე იწერს, თუმცა ამ სამლოცველოში არასდროს შესულა. ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი ამბობს, რომ სამლოცველო კუთხეები ბევრ ორგანიზაციაში არსებობს და ამ კუთხით გამონაკლისი არც საჯარო სკოლა უნდა იყოს: „ყველგან არსებობს სამლოცველო კუთხე, სახლშიც შეიძლება ყველას ჰქონდეს ასეთი, საავადმყოფოებშიც კი არის და ვფიქრობ სკოლა გამონაკლისი არაა. ეს არის შესაძლებლობა ადამიანმა უფალს რაღაცა შესთხოვოს. ოთახი არის ნაკურთხი და ამაზე არავის არასოდეს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს, ეს კუთხე არავის არაფერს უშლის. თუ ვინმეს არ უნდა, ნუ შევა“. „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე–13 და მე–18 მუხლების მიხედვით „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყევენა“, ასევე, „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს“. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებისთვის გამოყენება რომ იკრძალება, ამაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ გიორგი გოცირიძეც საუბრობს: „სანთლის დანთება და ლოცვა რელიგიური რიტუალია. ამიტომ თუ ამას არ იყენებენ აკადემიური მიზნებისთვის, კანონდარღვევა“. განსხვავებული იდენტობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში დისკრიმინაციაზე ამახვილებს ყურადღება „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტის შოთა თუთბერიძე: „სკოლებში აკრძალულია რელიგიური ქადაგება, ან პროზელიტიზმი. კანონი პირდაპირ კრძალავს მსგავსი კუთხეებისა და სალოცავების მოწყობას. გარდა ამისა აქ განსხვავებული იდენტობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში დისკრიმინაციაცაა გამოხატული, რადგან იმ ბავშვების ნაწილი, რომლებსაც იქ ლოცვის სურვილი არ აქვთ, არასასურველ მდგომარეობაში ვარდებიან. თუმცა, ყველა რელიგიური მიმდინარეობისთვის რომ იყოს მსგავსი კუთხე გახსნილი და ლოცვის საშუალება ყველა აღმსარებლობის ადამიანს თანაბრად ეძლეოდეს, ეს მაინც დარღვევა იქნებოდა“. არ იზიარებენ იურისტების მოსაზრებებს მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებლები. „გაკვეთილზე არ უნდა მოხდეს ბავშვების დისკრიმინაცია რელიგიური კუთხით, თორემ სამლოცველოს არსებობა სკოლაში არავის არ უშლის ხელს“, – ამბობს ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი. „მე კათოლიკე ვარ და არ ვფიქრობ, რომ რადგან სკოლაში მართლმადიდებლური სალოცავია, ამით ჩემი დისკრიმინაცია ხდება. ჩემი მოძღვარი მეუბნება, სადაც გინდა შედი და ილოცე, მთავარია ღმერთის სახელი ახსენოო“, – აცხადებს მასწავლებელი ია თათოშვილი. იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტზე რეაგირება განათლების სამინისტრომ უნდა მოახდინოს. თუმცა, აღნიშნულ უწყებაში, მეხუთე სკოლაში მოწყობილ სალოცავზე კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტრო მხოლოდ „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მე–13 და მე–18 მუხლებზე გვითითებს. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე კი ამბობს, რომ მას მეხუთე საჯარო სკოლაში მოწყობილი სამლოცველოს შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „არ გამიგია, რომ სადმე იყოს ასეთი ოთახი“. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია