შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდის ყოფილი მერი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 14 დეკემბერი 2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია პატიმრობაში დატოვა. მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზურაბ ბელთაძის განცხადებით, დღეს გაიმართა სავალდებულო სხდომა, რომელიც საპატიმრო ვადის გადახედვას ეხებოდა. ბელთაძის განმარტებით, მათ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვეს, რადგან გოგია უდანაშაულოა და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება. პარარელურად, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენება შესთავაზეს, 10 ათასი ლარის ოდენობით.

„სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დატოვა პატიმრობაში“, - გვითხრა ადვოკატმა.

ზურაბ ბელთაძის თქმით, ლაშა გოგიამ დღევანდელ პროცესზეც განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

თავდაპირველად ყოფილი მერის ინტერესებს ბადრი მამულაძე იცავდა, თუმცა ის საქმეს ჩამოშორდა. დღეს გოგიას ადვოკატი ზურაბ ბელთაძე იცავს, რომელიც საქმეში დაახლოებით ერთი თვის წინ, ბრალდებულის ოჯახის ინიციატივით ჩაერთო.

ზურაბ ბელთაძე კორცხელის საქმეში ბრალდებული სპორტსმენების ინტერესებს იცავდა. საუბარია ინციდენტზე, როცა შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და ენმ-ის ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ყოფილ მერთან ერთად გაიმართა ყოფილი ვიცე მერის, გია გულორდავას სასამართლო პროცესიც.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი ამ დროისთვის გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია