შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მკვლელის პასუხისგებაში მიცემას, წამოჰყვება ფიგურანტების მთელი ბანდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 14 დეკემბერი 2018

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები  ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ზვიად გამსახურდიას  მკვლელობის ობიექტური გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა. 

"დღეს, 14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას. მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად, ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება. სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კაგებეს სტაჟიანი თანამშრომელი! მაგრამ პროკურატურა საოცარი პასიურობით და უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას და მეორე მხრივ, გააფთრებული გვეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, ნაცვლად აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებისა! რატომ არ იძიებენ საქმეს? - ლოგიკურია, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ! მკვლელის პასუხისგებაში მიცემას, როგორც ბანქოს ამოწევას წყებიდან, წამოჰყვება ფიგურანტების მთელი ბანდა, ქართველი მოღალატეების და რუსული სპეცსამსახურების კვალი და როლი საქართველოს პირველი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტის მკვლელობაში. სწორედ ამას ფარავს აფერისტი ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯიბის პროკურატურა! დღეს ჩვენს ოჯახს და მე ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა, ვისთვისაც სულერთი არ არის სამართლისა და სიმართლის ბედი ამ ქვეყანაში, მისი დამოუკიდებლობა, მისი სწორი განვითარება, რასაც ვერ ვეღირსეთ სწორედ ამდენი წლის სიმახინჯის გამო. ვერ ვეღირსეთ იმიტომაც, რომ სამართალი აქ მმართველი კლასის მოღალატური პოლიტიკის მძევალია! მადლობა მათ, ვინც თავს შეიწუხებთ. თუმც ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებ და მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ, რათა საკუთარ სინდისთან და ამ ქვეყნისთვის დაღუპულთა ღვაწლთან ვიყო მართალი!" -  აცხადებს ცოტნე გამსახურდია

შეგახსენებთ,  1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საეჭვო გარემოებაში სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება. პირველი პრეზიდენტის ოჯახის წლების მანძილზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია