შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში  ინგლისური ენის გაკვეთილები უფასოდ ტარდება

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 18 დეკემბერი 2018

წარმოშობით ბოლნისელი ოთარ ოჩხიკიძე უკვე რამდენიმე თვეა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს,  სააბიტურიენტო პროგრამით, ინგლისურ ენაში  ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებს. სწავლება ბიბლიოთეკის სათემო პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ბიბლიოთეკა როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“ ხორციელდება, რომელიც გულისხმობს დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას მისთვის სასიცოცხლო ინფორმაციის მიღებაში და სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაწყვეტაში. პროექტის ფარგლებში მთავარმა ბიბლიოთეკამ ინგლისური ენის უფასო გაკვეთლების ჩატარება გადაწყვიტა.

„შევარჩიეთ ინგლისური ენის სპეციალისტი, ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი ოთარ ოჩხიკიძე, რომელიც წლების წინ მშობლებთან ერთად ციმბირში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში წავიდა და სწავლა განაგრძო ქალაქ სიეტლში. ეკონომიკის ფაკულტეტზე, განათლების ამერიკულმა  სისტემამ  საშუალება მისცა თავი დაემკვიდრებინა უცხო ქვეყანაში, პროფესიის პარალელურად, ის ვირტუოზი პიანისტია. მიუხედავად უამრავი წარმატებისა და მიღწევისა, 37 წლის შემდეგ, ოთარი საკუთარ კერას დაუბრუნდა, მან გამოთქვა სურვილი,  დაეხმაროს და უფასოდ შეასწავლოს ინგლისური ენა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და ბიბლიოთეკის მკითხველებს. დიდი მადლობა ბატონ ოთარს, რომლის კეთილი ნებითაც ხორციელდება აღნიშნული პროექტი. იგი თავის ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებს ახალგაზრდების დასახმარებლად“. აღნიშნა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა.

პედაგოგს, ბავშვების მოსამზადებლად, ფართი ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დარბაზში დაეთმო, მოსწავლეები ინგლისურ ენას საფუძვლიანად სწავლობენ, რაც დაეხმარებათ  თემსა და საზოგადოებაში  რეალიზებისთვის.

„მოსწავლეების უმეტესობა რეპეტიტორთან ემზადება, ხოლო ვისაც არ აქვს საშუალება, არ უნდა იგრძნოს ეს, ამიტომ  მზად ვარ ჩემი ცოდნა გავუზიარო მათ, ბავშვები სწავლობენ ბევრ ისეთ რამესაც, რაც სასწავლებლებში სწავლის პროცესში გამოადგებათ. ჩემს გარშემო მინდა მეტი განათლებული და ჭკვიანი ხალხი ცხოვრობდეს“. აღნიშნავს ოთარ ოჩხიკიძე.

„ბიბლიოთეკა, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“, ამ პროექტის ფარგლებში მთავარ ბიბლიოთეკაში ტარდება ინგლისური ენის უფასო გაკვეთილები. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყურადღება გამახვილებულია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რაც დიდი სტიმულია თითოეული მოსწავლისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგ ოთარ ოჩხიკიძეს, რომელიც სრულიად უანგაროდ დაგვთანხმდა. ასევე მადლობა ბიბლიოთეკის მთავარ მენეჯერს და თანამშრომლებს თანადგომისთვის“. აღნიშნა ბიბლიოთეკების კურატორმა ეკატერინე ჩაგელიშვილმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
განათლება