შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ჯდება საახალწლო სუფრა?-მყიდველების გარეშე დარჩენილი "ცეცხლმოკიდებული" დახლები გურიაში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 24 დეკემბერი 2018
ახალი წელი ახლოვდება და ოზურგეთში აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო პუნქტებში, ის პროდუქტები კიდევ უფრო ძვირდება, რომელიც საახალწლო სუფრის მთავარ ატრიბუტად ითვლება.

როგორც მოვაჭრეები და მყიდველები ამბობენ ქათამზე, გოჭზე, ყველზე, კაკალზე, ხილზე და სხვა ისეთ პროდუქტზე, რომელზედაც ახლა დიდი მოთხოვნა უნდა იყო, მხოლოდ ფასები იზრდება და პროდუქტებით სავსე დახლებთან მყიდველის გამოჩენა მთავარ პრობლემად იქცა.

ოზურგეთის ძველ, აგრარულ ბაზარში თითქმის ყველა პროდუქტის გამყიდველი უკმაყოფილოა და მომხმარებლის ნაკლებობას უჩივიან, მყიდველები კი როგორც ყოველთვის, საახალწლოდ “ცეცხლმოკიდებულ“ ბაზარს.

მიუხედავად იმისა, რომ წ ოზურგეთის სავაჭრო პუნქტები გადატვირთულია პროდუქტებით, მყიდველები უმეტესად, იმედგაცრუებულები რჩებიან. წუხან, რომ ფასები, წინა წლებთან შედარებით ყველაფერზე გაზრდილია. იგივეს უჩივიან გამყიდველებიც. როგორც ამბობენ, შარშანდელსა და შარშანწინდელთან შედარებით, ბევრად ცოტა პროდუქტი იყიდება.

„საახალწლოდ ფასებმა  მოიმატა. დოლარიც კი ხედავთ როგორ თამაშობს, ასეთ ცხოვრებას გვირჩვნია რუსეთმა ატომური იარაღი გვესროლოს და ყველა ერთად ამოგვწვიტოს, ასეთ წვალებას ეს სჯობს“, - ამბობს ერთ-ერთი მარკეტიდან გამოსული მყიდველი.

დაიწყეს თუ არა საახალწლო სამზადისი, გაღარიბდა თუ არა გურიაში საახალწლო სუფრა ოჯახების უმრავლესობაში და რა პრობლემები აწუხებთ მყიდველებს გასულ წლებთან შედარებით, ამ კითხვებით "გურიის მოამბემ" რამდენიმე ადგილობრივს მიმართა.

 მანანა ფერსულიანი - მოსახლეობა ვერ ემზადება შესაბამისად  ახალი  წლისთვის.  24 წელიწადია  ვწვალობ,  ამ ვაჭრობაში ვარ და  ამ გაჭირვებულ საქმეს ვეწევი და  არც ერთ წელიწადს არ მახსოვს   ამ დონეზე გაჭირვება,  რომ    ვერ ყიდულობდეს ხალხი ვერაფერს. უბრალო პროდუქტის ყიდვას ვერ ახერხებენ, არამც თუ დელიკატესების  და  ასეთი რაღაცეების.  ავიღოთ  ელემენტარულად  ცოცხი,  არ   რჩებოდა  ოზურგეთში ადამიანი, ყველაზე უკანასკნელიც  კი  ყიდულობდა საახალწლოდ ახალ ცოცხს. 2000 ცალი  იყიდებოდა   დ  ახლა  არ გვექნება  ალბათ  20  ცალი   გაყიდული. არ არის ხალხში  ფული და არ ბრუნავს. ნისიად  და განვადებით თუ გავცემთ, წამღებია  ხალხი ყველაფრის, მაგრამ ამის საშუალება ჩვენ არა გვაქვს. ძალიან ბევრი ნისიები მაქვს და რომ ამოვიღო, მაგიტომ ვარ  ქუჩაში, თორე არ გავჩერდებოდი ნამდვილად. მე სულ ვწვალობ   და სულ რაღაცას  ვახერხებ  მაგრამ  წელს  ვერ იქნება  ისეთი  როგორიც  შარშან იყო. ლარი ძალიან გაუფასურდა.

 მ.ს.  -   რას ემზადება  ხალხი და  არაფერს. დღეს 20 ლარიც  არ მივაჭრია. არაფერი განსხვავებული ახალი წელი არაა  წელს.  ხალხს ფული არა აქვს.  ვერაფერს ვერ ყიდულობენ. ძირითადად  ყიდულობენ კარტოფილს და  ხახვს.  შარშან უფრო  კარგი ვაჭრობა იყო, ვიდრე  ახლაა. საახალწლო მზადება ჯერ არ  არის ხალხში.

 რ.რ. - რავიცი მე  ძირითადად  სამარხვო სუფრას ვამზადებ  და ასეთ პროდუქტებზე ფასებსაც არ ვუჩივი. საერთოდ გურიაში შემოსავლებმა  საგრძნობლად იკლო. ის შემოსავალიც არ არის, რაც იყო, თხილის გაფუჭების გამო..ფული არ არის  და ეს  აისახება ახალი წლის სუფრაზეც.  შესაბამისად, ხვავით და ბარაქით დატვირთული სუფრებიც აღარ გვექნება. ადამიანმა  მართლაც, რომ უნდა გაძვრეს ნემსის  ყუნწში, რომ გააწყოს  ახალი წლის სუფრა, როგორც  წყვებოდა ადრე.

 ლელა სიხარულიძე -     შეძლებისდაგვარად  ვემზადები ახალი წლისთვის. პედაგოგი  ვარ და დამოკიდებილი  ვარ ხელფასზე. დღეს დარიგდა  ხელფასი და წამოვედი, რომ   ახალი წლისთვის მოვემზადო. ყველაფერზე სიძვირეა. წინა წელთან  შედარებით  საგრძნობლად გაღარიბებული იქნება ჩვენი სუფრა.

ს.კ. - ოი რა ვიცი შვილო, სოციალურად დაუცველები, როგორ შევხვდებით  ახალ  წელს, კი მიხვდებით.

 ნატო გოგოლაძე - ახალ წელს ვხვდები  წვალებით, ჯახირით  და რავიცი ჯანდაბით და ოხრობით.  წელს ვიძახდი, რომ  ღორი  არ მყავს საახალწლო  სუფრაზე, რადგან  ღორის ჭირმა  დამიხოცა  და თურმე არც  უნდაო, გამიხარდა რადგან ღორის წელი  დგება. სხვა რა ვიცი ჩვეულებრივი წესით  გავარძელებ მზადებას,  როგორც  წინა წლებში.

ლ. ურუშაძე - ყველაფერი გაძვირდა,  ფულმა ძალა დაკარგა. ფასი არა  აქვს  ამ ფულს და რა ვიცი როგორ მოვემზადებით. როგორც  შარშან  მქონდა საახალწლო  სუფრა, ისევ  ისე მექნება წელს, საშუალოდ.

ქეთევან ჩიკაშუა - ჩვეულებრივად, როგორც  ყველა  ისე ვემზადებით  ახალი წლისთვის. შეიძლება ბევრი რაღაცის  ყიდვა  ერ მოვახერხო, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის  აუცილებლად უნდა გავაკეთო მთავარი ყველაფერი. ყველა  წელს  როგორც  ვხვდებოდი   ახალ წელს, ისე ვხვდები წელსაც. განსხვავება  ის არის, რომ  წელს ბავშვებთან ერთად ვხვდები, თბილისში მივდივარ და მათთან ერთად,  შემართებით გავატარებთ  ახალ წელს.

მ.შ. - ახალ  წელს   ვხვდები  გაჭირვებული და  მშიერი.  ვერაფრის ყიდვას ვერ ვახერხებ. ვვაჭრობ დახლთან დამდგარი, რომ რაღაცა მეც ვიყიდო საახალწლოდ  სახლისთვის.  დღეს 11 ლარი მაქვს ნავაჭრი. მოსახლეობაც ვერაფერს ვერ ყიდულობს.  გაჭირვებაა საერთოდ. ასეთი გაჭირვება ომიანობის დროსაც არ ყოფილა. არ ვიცი  რას დავაბრალო  ამხელა გაჭირვება,  ალბათ გურიაში იმას, რომ თხილი არ იყო.  უფრო გაუჭირდა  მოსახლეობას. შარშანდელათან  შედარებით წელს უფრო გაღარიბებულია მდგომარეობა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია