შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ორივე ხელი მოტეხეს, საოპერაციოა’ – ახალციხეში დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა დაშავდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 06 იანვარი 2019
მეთერთმეტე კლასელ ბიჭებსა და მათ თანატოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორ იანვარს ღამით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე დაიწყო. როგორც დაშავებული 16 წლის ბიჭის დედა „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, იმ საღამოს მასთან სახლში სტუმრად შვილის თანაკლასელები იყვნენ: „ორი კლასელი გააცილა და ისე გავიდა გარეთ, რომ კურტკაც არ ჩაუცვია. ქუჩაში მომხდარს მე არ შევსწრებივარ, მაგრამ როგორც ჩემი ბიჭის მეგობრებმა მითხრეს, ამ დროს გარეთ ვიღაც ნასვამი ბიჭები ხმაურობდნენ, მეზობელი სახლიდან ქალი გამოსულა და იმათთვის შენიშვნა მიუცია, ბავშვს ვაძინებ და ნუ ხმაურობთო. ამ ნასვამებს ეს არც კი გაუგიათ და ღრიანცელი ისევ გაუგრძელებიათ. ამაზე ჩემი შვილის მეგობრებს მიუციათ შენიშნვა, არ გესმით ქალმა რა გითხრათ, გაჩუმდითო. იმ ნასვამებს უთქვათმ ასე რატომ გველაპარაკებითო და ამას მოჰყოლია ჩხუბი“. დაშავებულის დედა ამბობს, რომ ბიჭი სახლში, დაახლოებით, 20 წუთის მოგვიანებით შებრუნდა: „ორივე ხელი დამტვრეული ჰქონდა, თავიდან მითხრა, რომ ყინულზე დაეცა, სასწრაფოს რომ გავუძახე და კლინიკაში მივდიოდით, ერთ–ერთმა მისმა მეგობარმა მითხრა, რომ ნაცემი იყო და არ დაცემულა“.16 წლის ახალგაზრდას კლინიკა „იმედში“ ორივე ხელი თაბაშირში ჩაუსვევს და იმ ღამესვე გამოწერეს.„ბავშვობაში ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა, ამიტომ დიდი ალბათობით საოპერაციოა, ვაკვირდებით როგორ წავა შეხორცების პროცესი. სხვა დაზიანებები არ აქვს, თურმე სახეში ურტყამდნენ, ამას ორივე ხელი აუფარებია და იმიტომ მოტყდა ხელები, მერე ყინულზე უთრევიათ“, – გვიყვება დედა. დაშავებულსა და მასთან ერთად მყოფებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. „მე მაშინ მივედი ქეთევან წამებულის ქუჩზე, როცა უკვე ჩემი კლასელი ნაცემი იყო, ორივე ხელი მოტეხილი ჰქონდა და სახლში წასვლაში დავეხმარე. შესაძლოა მართლაც იმ ქალის შენიშვნის გამო მოხდა ჩხუბი, მე არაფერი ვიცი“, – გვითხრა 16 წლის ბიჭის ერთ–ერთმა კლასელმა. თუმცა, დაპირპისრება აქ არ დასრულება, 16 წლის ბიჭის თანაკლასელს, რომელიც მან სახლიდან იმ საღამოს გამოაცილა, ახალციხის ცენტრალურ პარკთან, დიდიმამიშვილის ქუჩაზე გაუსწორდნენ. „უკან გაყოლიან, შენც იმისი კლასელი ხარო და საკუთარ სახლთან უცემიათ“, – გვიყვება დაშავებული ბიჭის დედა. დიდიმამიშვილის ქუჩაზე ნაცემი ბიჭი ამ დრომდე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. მას დაზიანებები თავის არეში აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვინ იყვნენ თავდამსხმელები უცნობია. ამის შესახებ დაშავებულების მშობლებმა არ იციან, მათ მეგობრებს კი მომხდარზე საუბარი არ სურთ. პოლიციას ორი იანვრის ღამეს დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარის შესახებ, ამავე დაშვებული ბიჭის მამამ შეატყობინა. ახალციხის რაიონული სამმართველო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთხ და ხუთ იანვარს პოლიციაში შემთხვევის მონაწილე არაერთი პირი გამოკითხეს, თუმცა, როგორც ქეთვან წამებულის ქუჩაზე დაშავებულის დედა ამბობს, მისი შვილი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ჯერ პასუხისგებაში არავინ მიუციათ. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება