შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" საქართველოს ხელისუფლებას რა აჩერებს, რომ მიულოცოს უკრაინელ კოლეგებს?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 07 იანვარი 2019

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, არასწორია საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია მკვეთრად არ უნდა დააფიქსიროს, რადგან ამით რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის აღიარების საფრთხე იქნება. ბერძენიშვილის თქმით, რუსეთს არ შეუძლია აფხაზეთის ეკლესიის აღიარება, რადგან ის არ წარმოადგენს მის დედა ეკლესიას და ამის უფლება არ აქვს:


"როცა ლაპარაკობენ, რომ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს რუსეთი, რუსეთი არაა აფხაზეთის დედა ეკლესია და ის ვერ აღიარებს ავტოკეფალიას, შეიძლება მიიერთოს, დე ფაქტო აქვს მიერთებული და შეიძლება წავიდეს მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ დე იურედაც. ეს პრინციპულად სხვადასხვა რამეებია."- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი ის მღვდელმთავრები, რომლებიც თავისი აზროვნებით 21-ე საუკუნეში არიან, მხარს უჭერენ უკრაინის ავტოკეფალიას და ამას ღიადაც აფიქსირებენ

"მე ერთ რამეს ვუსვამ ხაზს, ძალაინ მსიამოვნებს, რომ თანამედროვე, ქართველი, თავისი აზროვნებით 21-ე საუკუნეში გადმოსული ჩვენი მღვდელმთავრების საკმაოდ დიდი ნაწილი, იქნება ეს მეუფე საბა, მეუფე გრიგოლი, მეუფე პეტრე, მეუფე ზენონი... ბევრი ადამიანი, სინოდის ბევრი წევრი ამას ღიად აფიქსირებს, მათ შორის ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანებიც, როგორიცაა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობი. ამიტომ ეს პროცესი არის გარდაუვალი, აქ საქმე იმაშია, მაჩანჩალებში უნდა ვიყოთ თუ პირველებში."- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებულ პოზიციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ხელს არაფერი არ უშლით, რომ თავის უკრაინელ კოლეგებს ეს წარმატება მიულოცონ. იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრებს ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, ბერძენიშვილი ერთის მხრივ უცოდინარობით ხსნის და აცხადებს, რომ მეორე მხრივ ამ თავშეკავებით, ხელისუფლება ერთგვარად „ელაქუცება საპატრიარქოს“ და მის გადაწყვეტილებას ელოდება:

"ჩვენთან სამწუხაროდ საერო და სასულიერო ხელისუფლებები ერთმანეთში შეზრდილია. საერთოდ გაუგებარი და არაკვალიფიციურია, საქართველოს ხელისუფლებას რა აჩერებს მიულოცოს უკრაინის ხელისუფლებას ეს წარმატება? პრეზიდენტი პოროშენკო იყო ჩასული მსოფლიო პატრიარქთან, ის და ეპისკოპოსი ეპიფანე ესწრებოდნენ და მათ მიიღეს ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან. საერო ხელისუფლების პირველი პირი ესწრებოდა ტომოსის გადაცემას და იქ იმყოფებოდა უკრაინის პარლამენტის ხელმძღვანელიც და ამ ჩვენს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს რა უშლის ხელს , რომ კოლეგას მიულოცოს. ეს ხომ არავითარ კავშირში არაა, ეს უცოდინარობაა ერთის მხრივ და მეორე მხრივ ხელისუფლება ელაქუცება საპატრიარქოს, რას იზამენ და როგორ იზამენ. ვერცერთმა, თუ არ ჩავთვლით სპირიდონს, რომელიც გამოირჩევა თავის ზედაპირულობით, პრორუსობით და უხამსობითაც, არც ერთ წევრს სინოდისას მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოუხატავს, ყველამ ფაქტობრივად ვისზეც გადის საქართველოს ეკლესიის დღევანდელობა და მომავალი, სინოდის ყველა ავტორიტეტულმა წევრმა რეალურად გამოხატა მხარდაჭერა."- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია