შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კალანდა, ჩიჩილაკი და გურია-ძველი ტრადიციები და ფოტოამბავი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 11 იანვარი 2019
კალანდა, ჩიჩილაკი და გურია-ძველი ტრადიციები და ფოტოამბავი
კალანდა _ ახალი წელი გურიაში
ამის შესახებ საინტერესო კორესპოდენციას  აქვეყნებდა   გაზეთი ,, ივერია” (1877 წ. #29) ოზურგეთიდან: ,,პირველი ენკენისთვე გურულებისათვის ,განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს ისინი,, დამდაგს “ ეძახიან, იმ მოსაზრებით, რომ ძველად ამ დღიდამ  იწყებოდა ახალი წელიწადი. წინა ღამით ერთის ყვირილით, ლოცვით და თოფის ცემით მიეგებებიან ამ დღეს და ახლაც  როცა ომიანობაა და მტრის  ჯარი კარზედ  გვიდგას , არ დაივიწყეს გურულებმა ეს ჩვეულება, რის გამოც ახირებული მდგომარეობა წარმოსდგა. წარმოიდგინეთ ის დრო, როცა ბინდი ეცემა და  დღე და ღამე ერთმანეთს  შორდებიან, მასთან ძლიერი მოხშირებული წვიმა, როცა კაცს გარეთ გამოსვლაც კი  ეძნელება, ამას თან  დაურთევით ერთი  ვაი კიჟინა და  ვაის და უის ყვირილი და თან  აჩქარებული   თოფის ცემა ყოველ სოფელში და ყოველ ოჯახში  ერთი და იმავე დროს და მაშინ მიხვდებით  თუ რა ახირებული  ფეთება დაემართება იმათ , ვინც  ეს  ხალხის ჩვეულება არ იცოდა...  აბა, რა იცოდა რუსის აფიცრებმა, თუ გურულები ამ თოფის გვახა-გუხით  თავიანთ ,,ზაკვავებს”   და  ,,მავნე სულებს” ეგებებოდნენ და აშინებდნენ...  ბევრი მათგანი ფერ-მიხდილი გარბოდნენ  თავიანთ უფროსებისკენ  და თან არწმუნებდნენ  ,,ტრევოგაც” ისმისო...  კორესპოდენტი განაგრძობს: ამ  დამდაგის წინა ღამეს აქ ,,შეფუცების”  ღამეს ეძახიან და ყველა ოჯახის უფროსი ვალდებულია წარმოთქვას ხმა მაღლათ, ყვირილით ხალხში ერთხელვე მიღებული ლოცვა და თან თოფებიც მიაყოლოს. ეს ამბავი ამ გვარად მოხდება ხოლმე : ყველა სახლის უფროსი  შუა ღამეს გამუა გარეთ, ეზოში  გამოაქვს თავისი სასროლი იარაღები   და გასძახის ისე თითქოს  მოეძინი  ეძახოდეს ხალხს მინარეთიდან სალოცავად და მასთან ამ სიტყვებს  წარმოთქვამდნენ:
,,მიღმართელნო, მოღმართელნო,
შორებელნო, ახლობელნო.
თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ 
ჩემსას  ჯვარი დამიწერეთ. 
ჯვარი აქა, ჯვარი აქა.
თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი აგივლ-ჩაგივლის და მოჰყვება თოფის სროლას. ამას ,,გადაძახებას “ ეძახიან. ამ ჩვეულებას ყველა ისე ასრულებს ახლაც როგორც ასი წლის წინათ. თუმცა მისი მნიშვნელობა ბევრს გურიაში ისე აღარ სწამს, როგორც  უწინ სწამდათ.  მაგრამ იკითხავთ, რას წარმოადგენს ეს ,,გადაძახება”? ყველა გურულს სწამს, რომ ზოგიერთი კაცი და ქალი როცა მოხუცდებიან, ,,ზაკვავები ხდებიან,  კუდიც  გამოებმებათ, თვალიც  ,,უკვეთს” და თან შეიძენენ  იმგვარ თვისებას, რომ ადვილად გადაიქცევიან, თუ მათ სურთ, სხვადასხვა გარეულ და შინაურ პირუტყვებად, ფრინველებად  და  ისე დასტრიალებენ ქვეყანას, რომ  ვნება რამ  მოუტანოს. მათი უფროსი ,,როკაპი” ხალხის გონებაში წარმოდგენილია როგორც  ერთი მახინჯი დედაკაცი, რომელსაც უამრავი ქვეშევრდომი ჰყავს დედამიწაზე. ეს უკანასკნელნი კი ყველაფერს  იტაცებენ თავისი როკაპისთვის შესაწირავად. გურულების აზრით, ამისთვის საჭიროა ზემოთ ხსენებული ლოცვა და თოფის სროლა, მერე ის,  რომ ყველა ოჯახის შვილმა თავი ,,შეიბეჭდოს” _ მიიკრას თავზედ  ოთხს ადგილას ჯვარად წმინდა სანთელი, შეიბეჭდოს ყველა შინაური პირუტყვი, ფრინველები,  სახლ-კარი, ყანები და სხვა, რაც ოჯახში საჭირო საგნად ითვლება.  და ამ ღამეს  ფრთხილად უნდა იყოს მთელი სახლობა და არ უნდა დაიძინონ , რადგან  ,,ზაკვავებმა”, რომლებიც  გაშმაგებული დარბიან ,მათ ოჯახში არ შემოიარონ.“
ამ წარმართული წარმოდგენების ზოგიერთი ელემენტი დღემდეა შემორჩენილი.

გურიაში კალანდისთვის  მზადება  ქრისტეშობის (დეკემბერი) დადგომის პირველი დღეებიდან იწყება. ამას აპოლონ წულაძე შემდეგნაირად  აღწერს : ,, ... გურულს  ყველა დღესასწაული უყვარს, მაგრამ კალანდას და აღდგომას არაფერი ურჩევნია... ბარბარობამდე ორი-სამი დღით ადრე  მეოჯახე კაცი ტყეში მიდის, მოჭრის ველური თხილის წმინდა წნელს, მოიტანს სახლში, მოღობავს ძარას, ანუ სასუქს... ,, ბარბარობა ქათმების პატარა დღეობაა. ამ დროს მეოჯახე ქალი ქათმების დაპურების დროს დაიჭერს  წინათვე დანიშნულ ქათმებს, არჩევს ბებერს, ნაკლებ კვერცხის  მდებელს, ცუდ ,,მკეკელს”, ფრთხუს, უვარგისს, მოჭვას, ისეთს, რომელიც სათესლედ და სადგამურად  არ გამოდგება, აგრეთვე  ყვერულს, რომელიც საგანგებოდ, საკაიდღეოდ ჰყავს გამოზრდილი. ბარბარობიდან ერთი კვირის შემდეგ განსაკუთრებულ ადგილას, საგანგებო სამწყვდევში ჩასვამენ ღორს. ქათმებიც და ღორიც სასუქში უნდა ყოფილიყო. ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა სხვებისთვის დაესწრო და სასუქში მყოფთათვის  ,,კეკალი” დაეყარა, წყალიც დაესხა, თან ეთქვა:,,სუქ, სუქ, სუქ”. ღორი პირველ დღეებში პატივს იფერებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს როთინით ხვდება, შემდეგ კი, როცა სიმსუქნე სძლევს, საჭმლით გულს ,,იმსუყებს”, ზარმაცობა ეპარება, უხალისობა ეტყობა, წვება და ნებივრობას იწყებს~ ( აპოლონ წულაძე _ ეთნოგრაფიული გურია, გვ. 68-69).

გურიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საახალწლო რიტუალში სამი რამ აუცილებელი იყო: სიცოცხლის ხე, ღორის  თავი და ბასილა _  წარმართობის  დროინდელი ნაყოფიერების სიმბოლო , ქრისტიანობაში _ წმინდა ბასილი.  სიცოცხლის ხე იმიტომ რომ კერა, სახლი ქართველ კაცს სიცოცხლის სიმბოლოდ, ადამიანის ზეცასთან შემაკავშირებლად  ესახებოდა, რომელსაც განასახიერებდა ჩიჩილაკი. ღორის თავი _ ღორი წმინდა ცხოველად იყო აღიარებული და მისი ჭამა აკრძალული  იყო, გადმოცემით მხოლოდ ერთხელ, ახალი წლის სუფრის დასამშვენებლად გაიმეტებდნენ, ამასთან, როგორც წმინდა ცხოველს, ღმერთებს და ღვთაებებს სწირავდნენ ზამთრის პერიოდში, რაც შობა-ახალ წელიწადს ემთხვეოდა.
წმინდა ბასილს ოჯახის უფროსი მამაკაცი შესთხოვდა დამდეგი ახალი წელი მისთვის და მისი ოჯახისთვის  ყოფილიყო ბედნიერი, ყველასთვის მოეტანა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ყველა საქმეში წარმატება და სიმდიდრე. სახლში შესვლისას კი იტყოდა: ,, შემოდგი ფეხი, გილოცავთ, გწყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი...~
საინტერესოა ჩიჩილაკის დამზადების წესი. ამისთვის მოჭრიდნენ ერთი მეტრი სიგრძის თხილის მომცრო ჯოხს. მოქნილობის შესამატებლად გაახურებდნენ ცეცხლზე და იწყებდნენ  მის დამუშავებას. ჯერ კანს გააცლიდნენ, გაასუფთავებდნენ შემდეგ მახვილი დანით იწყებდნენ  წვრილი უწყვეტი ბურბუშელის აცლას ისე, რომ ბურბუშელას თითქმის  ჯოხის მეორე ბოლომდე  გაიტანდნენ, შემდეგ აკეცავდნენ და ძირს დაუშვებდნენ . ასეთი წესით უამრავი ბურბუშელა აიჭრებოდა და ჩიჩილაკის ღეროც  თანდათანობით იფარებოდა საფარით _ ,, ბასილას” ან  ,, ჩიჩილაკის “ წვერებით.  ჩიჩილაკის ღეროს ,,წვერების “ თავმოყრის ადგილას ჩამოაცვამდნენ  და მიამაგრებდნენ მწვანე ფოთლებით და კურკანტელას წითელი ნაყოფით მოწნულ რგოლს, კალპს ისე, რომ ,, ჩიჩილაკის წვერები” ამ რგოლთან დაფენილ  სხივებად ეშვებოდა ძირს, კალპს ზემოდან ღეროს  ჩამოაცვამდნენ  ყველითა და კვერცხით  შეზავებულ  გულამოჭრილ   სპეციალურ კვერცხს, გოკელს . ამის  შემდეგ  ჩიჩილაკის  ღეროს წვერზე  ჯვარის სახედ ჩასვამდნენ ორ ჯოხს, რომელთა ბოლოებზე  ამაგრებდნენ ორ ბროწეულს  ან ვაშლს და ორ სპეციალურად გამომცხვარ  სფერულ კვერს  ,, ყვინჩილას “. ჩიჩილაკზე  ცოდნიათ  აგრეთვე  გაპუტული შაშვის ჩამოკიდება, რომელსაც მხოლოდ ბოლოს დაუტოვებდნენ. ჩიჩილაკზე ძვირფას სამკაულებსაც ჰკიდებდნენ, თუკი სახლში  ექნებოდათ.

მთავარი ახალ წელთან შეხვედრის რიტუალი იყო. მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. ამ დროს სრულდებოდა ლოცვა, რომელსაც გურიაში ,,დილის ცეცხლის გალოცვა ეწოდებოდა”. აღნიშნული ლოცვა ჩაწერილი აქვს მუზეუმის ყოფილ თანამშრომელს, აწ განსვენებულ მაკერ თავდუმაძეს: ,,კალანდა დილით, გალოცვის დაწყების წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი გადიოდა გარეთ და თან მიჰქონდა საფერხავი გობი, რომელზეც იდო დედო პური, ყველიანი ხაჭაპური, ღორის თავი და საჯიქიო _ ზურგიელი, პატარა თიხის ქოთნით ღომის მარცვალი ზედ მიკრული სანთლით, ჩიჩილაკი და ღვინის ჭურჭელი. იგი მარანზე გავიდოდა, ახდიდა ჭურს  და დალოცავდა _ მრავალ ახალ წელს დაესწარი პატრონიანა და იღებდა ღვინოს. პირველად გაავსებდა დოქს და დადგამდა საფერხავ გობთან, შემდეგ ამოიღებდა ახალ წელს დასალევ ღვინოს  დიდ ჭურჭელში, დაიჩოქებდა და ღმერთს შესთხოვდა: ღმერთო, მოგვეცი  კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა, ოქრო და ვერცხლი უთვალავი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯოგად,  ქათამი და ბატი გროთ, მარანი ღვინით სავსე, ბეღელი ღომით და პურით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე, შემოაბრუნებდა საფერხავ გობს წაღმა სამჯერ და სახლისაკენ წავიდოდა. კართან მისული დაუძახებდა დიასახლისს: კარი გამიღე _ დიასახლისი უპასუხებდა _ რა მოგაქვს?
კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა,  ოქრო და ვერცხლი, რქოსანი  საქონელი, ღორი ჯოგათ, ქათამი, ბატი გროთ, სიმსუყე, უხვი მოსავალი, მარანი ღვინით სავსე, ძვალი ტვინით სავსე, ღონჭოპო (ნაჭუჭი) გულით სავსე, კარი გამიღე. ეს  კითხვა-პასუხი სამჯერ უნდა განმეორებულიყო. შედგამდა თუ არა სახლში ფეხს , მიულოცავდა სახლს, შემდეგ დადგამდა გობსა  და ჩიჩილაკს შუა ადგილზე. გავიდოდა გარეთ, შემოიტანდა ცხემლის შეშას, მიულოცავდა ცეცხლს _ ცეცხლო, მრავალ ახალ წელს დაესწარი, შენი პატრონი კარგად გყოლოდეს და გადაიხრებოდა. ასე იქცეოდნენ ოჯახის დანარჩენი წევრებიც. შემდეგ ყველანი დაიჩოქებდნენ და ოჯახის უფროსი მამაკაცი შესთხოვდა ღმერთს: ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა და ჯანმრთელობა და კვლავ გაიმეორებდა ზემოთ მოტანილ ლოცვას _ რქოსანი საქონელი და ღორი ჯოგად ... თან საფერხავ გობსა და ჩიჩილაკს ატრიალებდნენ, რის შემდეგ სუფრაზე დაიდებოდა ყველაფერი, რაც ჰქონდათ გამზადებული და ყველანი სათითაოდ შეახებდნენ ხელს. ერთმანეთს მიულოცავდნენ ახალ წელს და ტკბილს ჩაუდებდნენ პირში. გარეთ გავიდოდნენ და თოფს გაისროლიდნენ. ოჯახის უფროსი ცეცხლს შეუჩუხუნებდა მუგუზლით ისე, რომ ნაპერწკლები ავარდნილიყო, თან ლოცულობდა: ,,ღმერთო, მომეცი ამდენი ძროხა, ამდენი ღორი, ამდენი ქათამი, ამდენი ბატი, ამდენი იხვი, კაცთა მშვიდობა და  კარგად ყოფნა “. ამით მთავრდებოდა ახალ წელთან შეხვედრა, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  ,,გალოცვა” ეწოდება.

კალანდის წინა საღამოს ,,ცხემლისჭრა საღამოსაც “ უწოდებდნენ. რატომ ირჩევდნენ ცხემლას? 72 წლის ნოდარ თალაკვაძე გვიამბობს ( ჩაწერილია 2004 წელს.  ): ,, ჩემს სოფელ ვანისქედში ,,ცხემლისჭრა საღამოს”  ვუძახოდით. ძველით ახალი წელიწადი რომ დგება, ახლაც ვჭრი ცხემლას, ვდობ ბუხარში  და ვაგუზგუზებ. ჩემს ბავშვობაში აიღებდნენ ცხემლის ნიგუზალს, ურტყამდნენ ერთმანეთს  და ნაპერწკალი რომ დასცვივოდა, ზედ აყოლებდნენ: ღმერთო ამდენი  და ამდენი ღორი, ძროხა, ქათამი, მოგვეციო. ცხემლა მაგარგულიანი ხეა, კაი ნაკვერჩხალი იცის. ვინახავდით დილისთვის და ვუმღეროდით... ცეცხლო, ელოდე, მელოდე, მთვარეს ელოდე, მზეს ელოდე... რომ აგუზგუზდებოდა ეს ცხემლა და გახდებოდა ღამის  12 საათი, გამეიტანდა ყველა თოფს და ულაპარაკოდ სროლილობდა. მერე ოჯახის კაცს ხის გობზე დაუდებდნენ კურკანტელით და ანთებული სანთლებით მოკაზმულ ღორის თავს, ჩიჩილაკს, თაფლს, ნიგოზს, ღომის თაველს და ასე გაბრდღვიალებული ოჯახის უფროსი სამჯერ შემოუვლიდა სახლს და კარზე დააკაკუნებდა, პასუხი რა მოგაქვს ... და ა.შ.~
ასეთი იყო საკალანდო რიტუალები გურიაში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება