შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ველისციხის ინცინდენტში მონაწილე ბესიკ გაზდელიანს შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 16 იანვარი 2019
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ ველისციხის ინცინდენტში მონაწილე ბესიკ გაზდელიანი სამართალდამრღვევად სცნო და შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გაზდელიანი დღეს სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ბრალდების მტკიცებით, მან 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში, პოლიციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში ხელი შეუშალა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების მტკიცებით, გაზდელიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს არ დამორჩილებოდნენ.

ბესიკ გაზდელიანის ადვოკატის გიორგი ჟამუტაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მოტივით დააკავეს.

-„სასამართლოს მიერ ბესიკ გაზდელიანი უკანონოდ იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი, მას უკანონოდ შეეფარდა შვიდდღიანი პატიმრობა. ბრალდების მხარემ წარმოადგინა ვიდეო, სადაც ვითომ ჩანდა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, რაც ნამდვილად არ დასტურდებოდა. მოწმედ მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც განაცხადეს, თითქოს მათ ბესიკ გაზდელიანი აგინებდათ, რაც ასევე არსად ჩანდა. სამართალდამცველებს ვკითხეთ, რომელი მუხლის მიხედვით გადაკეტეს გზა ველისციხეში, რაზეც ვერ გვიპასუხეს. გზა უკანონოდ გადაკეტეს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ გაზდელიანი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენით იქნა დაკავებული.“- განაცხადა მან speqtri.ge-სთან.

ცნობისთვის, ბესიკ გაზდელიანის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამართალდარღვევა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია