შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ ხდება ადამიანის "გაფუჭება" საქართველოში...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 16 იანვარი 2019
არის თუ არა ანაკლიის პროექტი ხაზარაძეზე შეტევის მთავარი მიზეზი?

"კვირის პალიტრა" შეეცადა გაეშიფრა სქემა, რომლის საშუალებითაც პოლიტიკურ თუ სამთავრობო კონკურენტებს, ან უბრალოდ მიუღებელ პირებს გზიდან იშორებენ და როგორ ხდება ადამიანების დისკრედიტაცია, რა მეთოდები გამოიყენება შავი პიარის აგორებისთვის და ვინ დგას ამის უკან...
გამოცემას ანალიზისთვის ბოლო დროს მომხდარი მოვლენები მოჰყავს, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები "ეწირებოდნენ". 

მაგალითად, 8 იანვარს ონლაინპორტალმა "კვირამ" გამოაქვეყნა "ექსკლუზიური" მასალა სათაურით "მამუკა ხაზარაძეს იჭერენ?", რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პროკურატურამ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო. 9 იანვარს პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ლამის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა "კვირაში" გამოქვეყნებულ სტატიას. ამაზე გია ხუხაშვილმა იხუმრა კიდეც - პროკურატურამ დაუწერა მასალა სააგენტოს, თუ სააგენტომ დაუწერა პროკურატურას ოფიციალური რელიზიო.
მხოლოდ ერთ ეპიზოდში არ დაემთხვა პროკურატურის მიერ 9 იანვარს გაკეთებული ოფიციალური განცხადება პორტალ "კვირაში" 8 იანვარს გამოქვეყნებულ "ექსკლუზივს" - მასალაში ნათქვამი იყო, რომ მამუკა ხაზარაძე გამოძიების დასრულებამდე ჩამოაშორეს "თიბისი ბანკის" მართვას, რაც პროკურატურამ ოფიციალურად არ დაადასტურა. თუმცა ჩნდება კითხვა - ხომ არ იყო ეს მესიჯი უშუალოდ მამუკა ხაზარაძისადმი, რომ "ჭკვიანად მოქცეულიყო", ბევრი არ ეაქტიურა, თორემ "ექსკლუზივის" ეს ეპიზოდიც მომავალში პროკურატურის ოფიციალურ პრესრელიზად იქცეოდა?! 
მედიაში "გაჟონილი" პროკურატურის "ექსკლუზიური" პრესრელიზი არ არის განყენებული შემთხვევა - ეს არის კარგად აწყობილი "შავი პიარის" მანქანის ნაწილი, რომლის უკან გავლენიანი ადამიანები და ჯგუფები დგანან. ასეთი ჯგუფები არსებობენ როგორც ოფიციალური ხელისუფლების შიგნით, ისე ხელისუფლების გარეთ, რეალური გავლენა და ძალაუფლება აქვთ და ექსპერტებმა მათ "ჩრდილოვანი ხელისუფლება" შეარქვეს.
გამოცემის ინფორმაციით, ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ რამდენიმე საინფორმაციო ინტერნეტ პორტალს და რამდენიმე გაზეთს (ამ სტატიაში არ ვსაუბრობთ იმ მსხვილ ტელევიზიებზე, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების ან "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით მუშაობენ - ავტ.), გარდა ამისა, მათ ჰყავთ სპეციალური ჯგუფები, რომელთა ფუნქცია სოცქსელებში ტროლაობაა.

"ტროლი"- პირი, რომელიც სხვადასხვა სახელებით (ზოგი ტროლი ათეულობით და ასეულობით სხვადასხვა სახელსაც კი იყენებს) წერს პოსტებს სოციალურ ქსელებში, ასევე პოპულარული საიტების კომენტარებში, იმისათვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ბევრი ადამიანი ფიქრობს ამგვარად).

გარდა ოფიციალური უწყებებისა, კონკრეტულ, დიდგავლენიან-ქონებიან ადამიანებსაც ჰყავთ თავიანთი "სპეცდანიშნულების ჟურნალისტები", "ფეისბუკტროლების" ჯგუფები, "მედია" თუ "არასამთავრობო ორგანიზაციები". ამ ადამიანებს თუ სურთ, მაგალითად, შიდასამთავრობო კონკურენტის "გაფუჭება" ან კონკრეტულ ადამიანზე დარტყმა, მუშაობა იწყება შემდეგი სქემით (დარტყმის ობიექტს პირობითად ვუწოდოთ "პეტრე"):
მსგავსი ისტორია გადახდა პაატა ბურჭულაძესაც, რომელმაც, როგორც კი გამოავლინა პოლიტიკური ამბიციები, მაშინვე ჯერ კონტროლირებად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისივე საქველმოქმედო ფონდიდან თანხების მითვისების შესახებ, შემდეგ კი, სასწრაფოდ, პროკურატურამ აღუძრა საქმე... აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ შავი პიარის იმდენად მძლავრი კამპანია მიმდინარეობდა, რომ მისი საკუთარი გუნდის წევრების უმრავლესობამაც კი ვერ გაუძლო ამ წნეხს და თანდათან ჩამოშორდნენ.

ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდება დღეს მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. ძალოვან უწყებებთან და გავლენიან ჯგუფებთან ასოცირებული მედიასაშუალებების შეტევის პირველი ტალღა სახელწოდებით "ხაზარაძეს იჭერენ", ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იხილა საზოგადოებამ. რამდენიმე დღის წინ კი ამოქმედდა სქემა - ჯერ პროკურატურიდან "კომპრომატმა" "გაჟონა", მერე პროკურატურამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, პარალელურად კი, ხაზარაძეზე "ფეისბუკტროლებმა" დაიწყეს თავდასხმები. იმ ტროლებმა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვაშაძის წინააღმდეგ მუშაობდნენ და სოცქსელში შავი პიარის ომი მოუგეს "ნაცმოძრაობის" ტროლებს.
მხოლოდ პოლიტიკური ფიგურები და ბიზნესმენები არ ხდებიან შავი პიარის მანქანის შეტევის ობიექტები. მაგალითად, ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმე პროკურატურა-შსს-ს შავი ლაქაა. გარკვეული დეტალები ბუნდოვანია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც. მოდით, კითხვა ასე დავსვათ - ვის უფრო აწყობდა, რომ შვილმკვდარი მამების აქციას პოლიტიკური ელფერი მიეღო და ტრაგედიაგადატანილი მშობლები "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებად წარმოჩენილიყვნენ? ამ კითხვას აქვს არსებობის უფლება, როგორც პასუხის იმ ვერსიას, რომ პირველ რიგში, სწორედ ძალოვან უწყებებს აწყობდათ ასე.

ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ საზოგადოებაში რამხელა აღშფოთება გამოიწვია იმ უსამართლობამ, რომელიც ზაზა სარალიძეს თავს დაატყდა. ეს იყო საზოგადოებრივი გულწრფელი და დიდი სოლიდარობა და პროტესტი, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტისგან და სწორედ ამ პროტესტის პირველ ტალღას შეეწირა მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძის თანამდებობა. ამ პროტესტის მუხტი რომ შენარჩუნებულიყო, სხვა მაღალჩინოსნების თანამდებობებსაც დაემუქრებოდათ საფრთხე. მუხტი გაქრა და იმ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც სარალიძეს თანაუგრძნობდა, პროცესებს ჩამოშორდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შვილმკვდარი მამების თემა დაუახლოვდა "ნაცოძრაობის" დღის წესრიგს.

თუ ეს ვერსია მართალია, ამ კომბინაციით, ერთი მხრივ, საზოგადოების დიდ ნაწილში მოხდა ზაზა სარალიძის პროტესტის დისკრედიტაცია და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი შეუფუთეს ისე, რომ უშუალოდ საგამოძიებო დეტალები მისთვის მეორეხარისხოვანი ყოფილიყო და პოლიტიკურ მხარეზე გადაეტანა აქცენტი. თავად თქვა მოგვიანებით: "სარალიძე "ნაცმოძრაობას" ადგილს უნახავსო".

როგორ შეიძლებოდა ამის მოხერხება?
მაგალითად, მეფის რუსეთში "ოხრანკამ" გადაწყვიტა, რომ თვითონ ეკონტროლებინა მუშების რევოლუციური განწყობები, რათა თავისთვის სასურველ კალაპოტში წარემართა პროცესები. ამისთვის გამოიყენეს მღვდელი გაპონი, რომელიც აფუძნებდა მუშურ ორგანიზაციებს, ვითომ რევოლუციონერი იყო, სინამდვილეში კი ხელფასს "ოხრანკაში" იღებდა. ქართულ რეალობაში ამის მაგალითია ის, როდესაც ხელისუფლება თვითონ აფინანსებს კონტროლირებად ჟურნალისტებს თუ ოპოზიციას, რომელებიც ვითომ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რეალურად კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციური განწყობები არეგულირონ ხელისუფლების სასარგებლოდ.

ვრცლად მასალა იხილეთ: https://www.kvirispalitra.ge
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია